დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ქალაქი ზღვის პირას

ალბათ ყველასთვის მოულოდნელობა იყო პრეზიდენტის განცხადება ახალი ქალაქის დაარსების შესახებ, რომელიც სამეგრელოში, ზღვის სანაპიროზე იქნება განლაგებული. შემუშავდება მისი განვითარების პროექტი და დაახლოებით ათი წლის ვადაში მისმა მოსახლეობამ ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული. დაგეგმილი ქალაქი უნდა გაშენდეს სადღაც ანაკლიასა და ყულევს შორის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე. ამჟამად ამ არეალში გარდა დაჭაობებული ზოლისა, მდებარეობს სოფელი თიკორი, სადაც 2002 წლის აღწერით მიხედვით 800 ადამიანი ცხოვრობდა.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, თუ რითი დაკავდება ამ ქალაქის მოსახლეობა. როგორც ჩანს, ლაზიკა არ იქნება ტურისტული ცენტრი, მას ალბათ საპორტო და სავაჭრო ფუნქცია ექნება. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის პერსპექტივა ნულის ფარგლებშია, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ქალაქი ამ ფუნქციისთვის თავის გართმევას. ამასთან, აქვეა ორი საპორტო დასახლება – ფოთი, რომელსაც უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურა და ტრადიცია აქვს და ყულევი თავისი ნავთობტერმინალით. ახალი ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით და კადრებით ამ ორი დასახლებული პუნქტის დაკნინებას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ უნდა დასახლდეს ახალაშენებულ ქალაქში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ლაზიკის მოქალაქეობის უპირველეს კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს, 2011 წლის შეფასებით, 477 ათას კაცს შეადგენს (ჯეოსტატი), თუკი ამას გურიის მოსახლეობასაც დავუმატებთ, ჯამში დაახლოებით 620 ათას კაცს ვიღებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაზიკის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს (თუკი ეს პროექტი განხორციელდა) დევნილებიც შეადგენენ, რომლებიც ამჟამად კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ და ახალ ქალაქში უძრავ ქონებას უფასოდ/შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

ტყის რესურსები; კოლხეთის ეროვნული პარკის მონაკვეთი (წყარო: CENN)

ქალაქმშენებლობისას აუცილებლად მხედველობაში მისაღებია ბუნებრივი პირობები. მოცემული არეალი თითქმის მთლიანად დაჭაობებულია. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად აუცილებელია მთელი რიგი სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება, არსებული ჭაობების დაშრობა, მყარი ნიადაგის შექმნა და ა.შ. რაც უზარმაზარ რესურსებს და სამუშაო ძალას მოითხოვს – შეგახსენებთ, რომ კოლხეთის ჭაობების დაშრობის პროექტი საბჭოთა პერიოდშიც კი ბოლომდე ვერ განხორციელდა, როდესაც სამუშაო ძალის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე არავინ დაგიდევდათ.

მთავარი პრობლემა მაშინ იბადება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოცემული ტერიტორია თითქმის მთლიანად იკავებს კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურია-ანაკლიის უბანს, რაც რუკიდანაც კარგად ჩანს. კოლხეთის ჭარბტენიანი ტყეები 2007 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში, როგორც გეოლოგიურ წარსულში არსებული ვრცელი სუბტროპიკული არეალების უკანასკნელი ნაშთი. აღნიშნული ტერიტორია უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ჭარბტენიანი არეალებისა და ტყის ეკოსისტემების გამო. აღსანიშნავია, რომ მეტნაკლებად მსგავსი ეკოსისტემა მთელს დედამიწაზე მხოლოდ ჩინეთში, მანჯურიის ტერიტორიაზე და იაპონიაში გვხვდება. საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში შეუერთდა ე.წ. რამსარის კონვენცის, რომელიც შეეხება წყალჭარბი ტერიტორიების, განსაკუთრებით კი – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის არეალებს და გულისხმობს მათ დაცვას, მდგრად გამოყენებას და ამისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში ამ კრიტერიუმებს მხოლოდ კოლხეთის ჭარბტენიანი არეალები აკმაყოფილებენ, საგულისხმოა, რომ კონვენციის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი.

როგორც ვხედავთ, ახალი ქალაქის მშენებლობა გავლენას ეროვნულ პარკზეც მოახდენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვაო ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სანაპიროს პარალელურად ვითარდება (იგივე ფოთი შავი ზღვის სანაპიროს 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს), მაშინ ადვილი მისახვედრია , რომ ახალი ქალაქი მთლიანად დაიკავებს ანაკლიას და ყულევს შორის არსებულ ტერიტორიას, რასაც კოლხეთის დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და დარჩენილი არეალის ეკოსისტემის მთლიანი ცვლილება მოყვება.

წყლის რესურსების რუკა (წყარო: CENN)

როგორც ვხედავთ, ახალ დასახლებულ პუნქტს რაიმე მნიშვნელოვანი ქალაქწარმომქმნელი ფუნქცია არ გააჩნია, ამას ემატება ეკოლოგიური ფაქტორები – კერძოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ეკოსისტემის არსებობა, რომლის განადგურება გრძელვადიან პერსპექტივაში მავნებელია როგორც ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის მსოფლიო იმიჯზე. რთული აღსაქმელია, როდესაც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრანდიოზული, თუმცა ბუნდოვანი მომავლის მქონე მშენებლობა იწყება. ჯერჯერობით, არ არსებობს (ან საზოგადოებისთვის ცნობილი არაა) კონკრეტული გეგმა, თუ რა სახის სამეურნეო საქმიანობა განვითარდება ქალაქში და საიდან მოხდება ლაზიკაში მოსახლეობის მოზიდვა. ასევე უცნობია, თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები – ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის მათი კომენტარები უცნობია. ცხადია, მსგავსი პროექტის გარემოზე ზეგავლენის შესწავლა დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ თუნდაც ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, რომ ლაზიკის პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის (და მთლიანად, რეგიონის) ეკოსისტემა მნიშვნლელოვანი არასასურველი ცვლილებების წინაშე დადგება. გარდა ამისა, ალბათ უფრო ლოგიკურია, რომ ლაზიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩასადები თანხები სხვანაირად დაიხარჯოს – თუნდაც, უკვე არსებული საქალაქო დასახლებების რეგენერაციისთვის

რუკები აღებულია კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) ვებსაიტიდან. მასშტაბი არაა დაცული

Advertisements

დეკემბერი 6, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , | 9 Comments

   

%d bloggers like this: