დიდი ზღვაოსნის ბლოგი

დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში

დანაშაულის გეოგრაფია კვლევითი და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობა. დღევანდელი პოსტის მეშვეობით ამ ხარვეზის ამოვსება რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა მოტანილი რუკები და სტატისტიკური მასალა უინტერესო არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტო ყოველწლიურად აქვეყნებს მოხსენებებს საკუთარი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ახლავს. მათი გადამუშავების შედეგებს კი თქვენ ქვემოთ ხედავთ.
პირველ რუკაზე გამოსახულია დანაშაულის რაოდენობა ათას მოსახლეზე. როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლებით ამ მხრივ დედაქალაქის რაიონები და მსხვილი ქალაქები ხასიათდებიან. აღსანიშნავია კრიმინალის მაღალი ხვედრითი წილი გურიაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დანაშულის მინიმალური წილი კი მთიან აჭარაში, ჯავახეთში, საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.
კრიმინალის რაოდენობა ათას მოსახლეზე
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის მხარე გამოირჩევა, რომლის ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში გაიხსნა კრიმინალის 80%-ზე მეტი, ხოლო ორში- 70-დან 80%-მდე. დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 50%-ზე ნაკლებია
გახსნილი დანაშაულის პროცენტული წილი

დაბოლოს, იხილეთ ინტერაქტიული რუკა, რომელზეც გარდა განხილულისა, სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც გაეცნობით. გაითვალისწინეთ, რომ თბილისის რაიონების მონაცემები ამ რუკაზე არ არის დატანილი.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

Advertisements

ოქტომბერი 16, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , | 6 Comments

ქართული პოლიტიკური არქიტექტურა

შენობები და საქალაქო ლანდშაფტები ხშირად ასახავენ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მათი აგების პერიოდში სუფევს. ხშირ შემთხვევაში (ეს განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებისთვის აგებულ შენობებს ეხებათ) მათი დამპროექტებლები ცდილობენ, სპეციალურად ჩადონ გარკვეული ტიპის გზავნილი ან სიმბოლოები, რომელიც მათ (ან დამკვეთის) პოლიტიკურ იდეებზე თუ განწყობაზე მიუთითებს. დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების შენობებიც ძველია, ამგვარი სიმბოლოების ამოკითხვა ცოტა რთულია.

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში

როდესაც პოლიტიკურ არქიტექტურაზე საუბრობენ, მის ”ლაბორატორიად” და საგამოფენო დარბაზად ქალაქ ბრაზილიას მიიჩნევენ. მართლაც, ლუსიუ კოშტას და ოსკარ ნიმაიერის ”პირმშო” ჩაფიქრებული იყო ბრაზილიური პოლიტიკური სისტემის ხატად – ამ იდეას ყველაზე კარგად ქალაქის ცენტრალური მოედანი პრასა-დუშ-ტრეშ-პოდერეში (სამი ხელისუფლების მოედანი) ასახავს.
აქ განლაგებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს, ეროვნული კონგრესის და პლანალტუს სასახლის (მთავრობის შტაბ-ბინა) შენობები, რომლებიც ისე ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, როგორი ურთიერთობებიც სასურველი იქნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებულ მსგავს სტრუქტურებს შორის. ეროვნული კონგრესის შენობა კი ქვეყნის ფედერალიზმის კარგი განსახიერებაა – ორპალატიანი პარლამენტის შენობა ორი თითქმის იდენტური ნაწილისგან შედგება. ნახევრადსფერული გუმბათების ქვეშ ქვეყნის სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა კარგა ხნის მანძილზე კომუნიზმის იდეალების ტყვე იყო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებები საბჭოთა ნაგებობებში იყო განთავსებული. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიდ და ზოგჯერ არასაჭირო ყურადღებას უთმობს სიმბოლოებს, არახალია. ახლადაგებული სახელმწიფო დაწესებულებები კი ნამდვილად არიან გარკვეული გზავნილების მატარებლები, რომელთა წაკითხვასაც დიდი დაკვირვება არ ჭირდება.

პარლამენტი ქუთაისში

პარლამენტი ქუთაისში

ქვეყნის მთავარ მიღწევად ამჟამად კორუფციის დამარცხება და სახელმწიფო სისტემებში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა ითვლება. ამის დასადასტურებლად ახლადაგებული პოლიციის შენობებიც კმარა, სადაც ნებისმიერ ცნობისმოყვარეს შეუძლია, საათობით დააკვირდეს, თუ რითი არიან სამართალდამცავები დაკავებულები და ზოგადად, ალბათ ამ მიზეზის გამო მინა პოსტრევოლუციური ქართული არქიტექტურის უმთავრეს ატრიბუტად იქცა.
გარდა მასობრივი მოხმარების საჯარო დაწესებულებებისა, რეკონსტრუქცია და და ხშირ შემთხვევაში, ახალსახლობა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო სტრუქტურას შეეხო. პირველი ამ მხრივ პრეზიდენტის სასახლეა. ჩემს ძველ პოსტში მოცემული იყო მსგავსება სხვა სამთავრობო შენობებთან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, კაპიტოლეუმის შენობის მინაბაძებს წარმოადგენენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, რომში არსებული იუპიტერის ტაძრის ანალოგიით იქნა აგებული.
მიკელე დე ლუკის პროექტით აშენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ”გამჭვირვალე” ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთი სიმბოლოა, რომლითაც როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრიც ძალიან ამაყობენ. შენობა მართლაც ორიგინალურია და როგორც ამბობენ, ინტერიერიც ძალიან საინტერესო ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს რეკონსტრუირებული შენობაც შემინულია და ასევე ორიგინალური დიზაინი გააჩნია.
ესპანური კომპანია CMD Ingenieros-ი ამჟამად საქართველოსთან დაკავშირებულ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობს. პირველი მათგანი ქუთაისში პარლამენტის, ხოლო მეორე კი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ჩიტაძის ქუჩიდან ამ უწყების ემიგრაციის შესახებ ამბავი არ გავრცელებულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შენობები ორგინალობით ნამდვილად გამოირჩევიან, ამასთან, აღნიშნული კომპანია პარალელურად საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებსაც ახორციელებს – ბათუმის ოპერის შენობა, ბულვარის რეკონსტრუქცია ბათუმში და ახლის მშენებლობა ანაკლიაში და ა.შ.
პარლამენტის შენობა, რომელიც გარკვეულწილად ზამთრის ბაღის პრინციპს იმეორებს, დიდ გამჭვირვალე წვეთს თუ გულს წააგავს. მინის გუმბათის ქვეშ 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული იქნება სხდომათა დარბაზი, ოფისები, საკონფერენციო ოთახები, მცირე ზომის ბაღიც კი. შენობა გარშემორტყმულია ე.წ. მილენიუმის პარკით, რომელიც როგორც CMD Ingenieros-ის ვებსაიტზე წერია, ქუთაისის მწვანე ფილტვები უნდა გახდეს. შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინში დიდი როლი უჭირავს წყალს – თავად შენობა ხელოვნურ ტბაში იქნება განლაგებული, ხოლო ნაკადული კი პარლამენტის პარკში გაედინება. საინტერესოა, რომ პროექტის ავტორები ორი იაპონელი მამორუ და კეინიჩი კავაგუჩია, ხოლო იაპონელი სტუდენტები პროექტის დამუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იგი ორი დამოუკიდებელი პერპენდიკულარული შენობისგან შედგება. პირველი ავტოსტრადის პირასაა განლაგებული, მეორე კი – ოფისებით კომპოზიციის სიღრმეშია განლაგებული. გამჭვირვალე მასალა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან თუკი პროექტს დავუჯერებთ, შენობის ფასადი შემინული იქნება და ცნობისმოყვარეთა ყურადღებას ნამდვილად დააკმაყოფილებს. თუკი ქუთაისის შემთხვევაში პარლამენტის მდებარეობის ადგილი ნამდვილად ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მხოლოდ მსჯელობა გვიწევს. სურათების მიხედვით იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მხარეს უნდა იყოს განლაგებული. თუკი ასეა, მაშინ ამ უბანში გვექნება როგორც

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

თანამედროვე, ასევე ტრადიციული თბილისური არქიტექტურის ნიმუშები. თუ რამდენად უხდებიან ერთმანეთს, ეს ალბათ გემოვნების საკითხია, მთავარი ის არის, რომ დედაქალაქში სამთავრობო შენობების კონცენტრაციის ორი მთავარი არეალი იკვეთება – ორთაჭალა (პროკურატურა, იუსტიციის, შს და გარემოს დაცვის სამინისტროები) და ავლაბარი (საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის რეზიდენცია). ამგვარად, თბილისის ორ უძველეს ისტორიულ უბანს აღორძინების და რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა.

გამჭვირვალე მასალა და ულტრათანამედროვე დიზაინი თანამედროვე ქართული პოლიტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ხელისუფლებამ ხმამაღლა გამოცხადებული ორი მთავარი სლოგანი – გამჭვირვალეობა და მოდერნიზაცია ახლადაგებულ სამთავრობო შენობებშიც გამოიხატება.

This slideshow requires JavaScript.

 

ფოტოები ჩამოტვირთულია ”ვიკიპედიიდან” და CDM Ingenieros -ის ვებ-საიტიდან. ყველა ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ

დეკემბერი 16, 2010 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ტელემარაზმი

ჩვენი საზოგადოება ტოტალურად ტელედამოკიდებულია. ტელედამოკიდებულია იმიტომ, რომ ტელევიზორი ჩვენს ცხოვრებაში მშობლების შემდეგ (რომლებმაც გაგვაჩინეს) ალბათ ყველაზე დიდ როლს ასრულებს. გარდა ამისა, ბოლო წლებია, ამ მედიასაშუალებას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ვარდების რევოლუცია, გარდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, აწგანსვენებული პრემიერისა და სპიკერყოფილი ოპოზიციონერის ძალისხმევისა, ”რუსთავი 2-ის” მონაწილეობის გარეშე ვერ შედგებოდა. რომ არა ტელევიზია, კაციშვილი ვერ გაიგებდა გაყალებებული არჩევნების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, დიდი საპროტესტო მასის მობილიზება შეუძლებელი იქნებოდა.

მსგავსი რამ მოხდა 2007 წლის შემოდგომაზე. აქ უკვე ”იმედმა” ითამაშა მობილიზატორის როლი, რამაც შედეგად ხანგრძლივი და მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოიტანა.
თუმცა რაც 2010 წლის 13 მარტს დაფიქსირდა, ფანტაზიის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც ნახევარი საქართველო გულგახეთქილი ეძებდა ვალიდოლს ან ტელეფონს, რათა ახლობლებს დაკავშირებოდა. სატელევიზიო სიუჟეტს ამგვარი პანიკა იმ ახალი წლის შემდეგ არ გამოუწვევია, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მილოცვასთან ერთად საქართველოს პოპულაციის ნახევრის სავარაუდო გაწყვეტის ამბავი მიახალა.
სიუჟეტის შემდეგ სტუდიაში ანალიზისთვის მიწვეულმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ საჭიროა მსგავსი კადრების გაშვება, რათა ადამიანები მზად იყვნენ საფრთხისთვის და ახსოვდეთ ახლო წარსულის გამოცდილება. ჩვენი საზოგადოება გულმავიწყია და შეუძლია, ფეხქვეშ გაეგოს იმ ძალას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს მოსახლეობას ხოცავდა და ქალაქებსა და სოფლებს უმოწყალოდ ასწორებდა მიწასთან.
მაგრამ სინამდვილეში სიუჟეტმა სხვა რამ დაგვანახა – საზოგადოების კონსოლიდირების ნაცვლად ადამიანებს უმწეობის გრძნობა დაეუფლათ. მათ მოისმინეს, რომ პრეზიდენტი დაიღუპა, უცხო ქვეყნის ჯარი დედაქალაქს უტევს, ვიღაცამ თავი სახალხო მთავრობად გამოაცხადა. შოკური მდგომარეობის გავლის შემდეგ, ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვინც იმგვარად გაიგებს სიუჟეტის დედააზრს, როგორც ეს ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.
პრობლემის თავი კი ალბათ გარდა არაპროფესიონალიზმისა, ჩვენს მიერ ტელეამბების გადაჭარბებული აღქმაა, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს ”იმედის” ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო საქციელს. თუმცა, ისმის კიდევ ერთი უპასუხო კითხვა – თუკი ტელევიზია სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რა საჭირო იყო მოსახლეობის ასეთი დაფეთება? განა ეს არის კონსოლიდაციისკენ მიმავალი გზა?

მარტი 13, 2010 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , | 8 Comments

ხალხოსნობა ქართული ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა 2

ხალხოსნობა – ხალხში გასვლა ფრიად შვენის ხოლმე მთავრობას, მაგრამ ისეთი, როგორის მოწმეც ამ შაბათს შევიქენით, ალბათ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე იშვიათად მოიძიებს კაცი. შაბათს, დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას. რა არის ამ ყველაფერში ცუდი – იკითხავს კაცი, მთავრობა ხალხთან ახლოსაა, პირზეღიმილიანი მინისტრები და მოადგილეები ესაუბრებიან უბრალო გამვლელებს და მათ კითხვებს სცემენ პასუხს. რუსთაველზე ამაყად იწონებს თავს ერთ ღამეში აწყობილი საველე ჰოსპიტალი, დევნილებისთვის განკუთვნილი კოტეჯის მოდელი, თავდაცვის სამინისტროს ”ჰამერები” და ”ეჟდერები”, კრიმინალისტების აღჭურვილობა, მაღალი ძაბვის გადამცემების მოდელები და ათასი სხვა მეტად საინტერესო საგანი.

მოვლენა უმალ იქცა ქართული ტელესივრცის უმთავრეს ახალ ამბად, რომელმაც გადაფარა ყველაფერი – ოსი ბოევიკების მიერ გატაცებული მეტყევეების და გირგვლიანის მკვლელებით დაწყებული ფილიპინებსა და მაკედონიაში ჩაძირული გემების ამბებით დამთავრებული. ყველა საინფორმაციო გადაცემის პირველი, სულ ცოტა 20-წუთიანი ბლოკი სახალხო ანგარიშს დაეთმო…

თავად გამოფენა მეტად სასეირო იყო, ოღონდ უცხო თვალს რატომღაც პირველი მაინც იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების მასალების სიმრავლე ეცემოდა, რომელსაც შესაბამისად გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები ახლდნენ თან. როგორც მასმედიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადრე დილით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სახალხო ანგარიშის მოსამზადებლად. უნებურად კაცი მაინც ახალი მინისტრის გულმოდგინებაზე იფიქრებს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა, რათა მისი ხელქვეითების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სანახაობა შთამბეჭდავი ყოფილიყო. ისე, ამ ყველაფერს ერთი პატარა პარადი და მთავარსარდლის საპროგრამო სიტყვაც არ აწყენდა.

ქვეყნის ყველაზე ალბათ ყველაზე სტაჟიანი მოქმედი მინისტრის უწყებამ ტრადიციულად თავი არ შეირცხვინა და მოსახლეობას კრიმინალისტების საქმიანობა დაწვრილებით გააცნო. წარმოდგენილი იყო როგორც მათი სამუშაო იარაღები, ასევე იმპროვიზებული დანაშაულის ადგილი, სადაც  კრიმინალისტები კამერების წინ ”სი-ეს-აის” მსახიობებზე არანაკლები გულმოდგინებით და ნიჭით თამაშობდნენ. აქვე იყო პოლიციელებთან სროლაში გაჯიბრების მსურველთათვის. ხალხში გამოვიდა თავად მინისტრიც. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიღწევა მაინც გამჭვირვალე პოლიციის შენობები და ის ფაქტია, რომ პოლიცია ამჟამად უფრო უსაფრთხო და პროფესიული პოლიციაა (სტილი მიახლოებით დაცულია). გამზირზე ასევე ჩანდნენ ცხენოსანი სამართალდამცავებიც.

არც სხვა სამინისტროები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. დევნილების კოტეჯის მოდელიდან გამოსული მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო 56 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი და სულაც არ ჰგავდა საქათმეს, როგორც მისი ენამწარე ოპონენტები აღნიშნავენ ხოლმე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოფინა აშშ-სთან დადებული ყბადაღებული ქარტია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ენერგეტიკის სამინისტრომ – ანძები, რომლებშიც დენი არ გადიოდა, განათლების სამინისტრომ – წარჩინებული მოსწავლეები და ა.შ.Gamofena

ანტურაჟი, როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო – ბევრი ლამაზი და ახალი ნივთი, კარგად ჩაცმული და კუნთიანი სამხედრო, ჭკვიანი ბავშვები, ბევრი გაკეთებული საქმე, კიდევ უფრო მეტი ტელეკამერა და ჟურნალისტი – კიდევ ერთი სანახაობა, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, საქართველოს რეგიონებშიც ექნება გაგრძელება.

მართალია, მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ზოგჯერ უცნაურ და უეცარ ნაბიჯებს დგამს ხოლმე, მაგრამ დიალოგის ამგვარი ფორმა საკმაოდ მოულოდნელი იყო. თან აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება რატომღაც წინა ღამით გადაწყვიტა. ხმა დაირხა, რომ ამ მოვლენას პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ძალოვანი სექტორის როლის განსაკუთრებით ხაზგასმა ტელევიზიების მიერ (საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაეთმო და ხშირად აჩვენედნენ ჩვენი შეიარაღებით აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარებს), რაც არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობებს აღძრავს.

რა საჭირო იყო მთავრობის მიღწევების ამგვარი არაჩვეულებრივი გამოფენა? პასუხი მარტივია – წინასაარჩევნო ციებცხელება დაიწყო. მთავრობის ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარების წინამორბედად შეიძლება ე.წ. სახალხო დიალოგი მივიჩნიოთ, რომელიც ზაფხულის თვეებში აქტიურად იყო გაშლილი, დედაქალაქში ოპოზიციური ვნებათაღელვების ჩახცრომის შემდეგ. საინტერესო ნაბიჯია – ხალხს პოლიტიკოსების სახეების ხილვას შეჯავშნული ”ჰამერის” თუ ტირის ნახვა ურჩევნია. თან გამოფენაზე თითქმის ყველაფერი ადვილად აღსაქმელად იყო გაკეთებული, რათა მნახველი შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი თბილისისთვის ნაკლებად შთამბეჭდავია, რომელსაც რუსთაველზე პომპეზური მიტინგები, არანაკლებ პომპეზური პოლიტიკური აქციები, საკნებისა და კარვების ქალაქები უნახავს, მაგრამ საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც ჯერჯერობით ისევ შევარდნაძის უძრაობის ხანაა, შეიძლება სიახლემ ჯადოსავით იმოქმედოს…

მოკლედ, გიხაროდეთ მეგობრებო, ყველაფერი მაინც ჩვენი გულების (და ხმების ) დასაპყრობად კეთდება და არ თქვათ, რომ თქვენს მთავრობას არ ახსოვხართ…

სექტემბერი 7, 2009 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , , | %(count)s კომენტარი

   

%d bloggers like this: