დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ქალაქი ზღვის პირას

ალბათ ყველასთვის მოულოდნელობა იყო პრეზიდენტის განცხადება ახალი ქალაქის დაარსების შესახებ, რომელიც სამეგრელოში, ზღვის სანაპიროზე იქნება განლაგებული. შემუშავდება მისი განვითარების პროექტი და დაახლოებით ათი წლის ვადაში მისმა მოსახლეობამ ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული. დაგეგმილი ქალაქი უნდა გაშენდეს სადღაც ანაკლიასა და ყულევს შორის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე. ამჟამად ამ არეალში გარდა დაჭაობებული ზოლისა, მდებარეობს სოფელი თიკორი, სადაც 2002 წლის აღწერით მიხედვით 800 ადამიანი ცხოვრობდა.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, თუ რითი დაკავდება ამ ქალაქის მოსახლეობა. როგორც ჩანს, ლაზიკა არ იქნება ტურისტული ცენტრი, მას ალბათ საპორტო და სავაჭრო ფუნქცია ექნება. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის პერსპექტივა ნულის ფარგლებშია, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ქალაქი ამ ფუნქციისთვის თავის გართმევას. ამასთან, აქვეა ორი საპორტო დასახლება – ფოთი, რომელსაც უკვე განვითარებული ინფრასტრუქტურა და ტრადიცია აქვს და ყულევი თავისი ნავთობტერმინალით. ახალი ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით და კადრებით ამ ორი დასახლებული პუნქტის დაკნინებას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ უნდა დასახლდეს ახალაშენებულ ქალაქში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ლაზიკის მოქალაქეობის უპირველეს კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს, 2011 წლის შეფასებით, 477 ათას კაცს შეადგენს (ჯეოსტატი), თუკი ამას გურიის მოსახლეობასაც დავუმატებთ, ჯამში დაახლოებით 620 ათას კაცს ვიღებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაზიკის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს (თუკი ეს პროექტი განხორციელდა) დევნილებიც შეადგენენ, რომლებიც ამჟამად კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ და ახალ ქალაქში უძრავ ქონებას უფასოდ/შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

ტყის რესურსები; კოლხეთის ეროვნული პარკის მონაკვეთი (წყარო: CENN)

ქალაქმშენებლობისას აუცილებლად მხედველობაში მისაღებია ბუნებრივი პირობები. მოცემული არეალი თითქმის მთლიანად დაჭაობებულია. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად აუცილებელია მთელი რიგი სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება, არსებული ჭაობების დაშრობა, მყარი ნიადაგის შექმნა და ა.შ. რაც უზარმაზარ რესურსებს და სამუშაო ძალას მოითხოვს – შეგახსენებთ, რომ კოლხეთის ჭაობების დაშრობის პროექტი საბჭოთა პერიოდშიც კი ბოლომდე ვერ განხორციელდა, როდესაც სამუშაო ძალის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე არავინ დაგიდევდათ.

მთავარი პრობლემა მაშინ იბადება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოცემული ტერიტორია თითქმის მთლიანად იკავებს კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურია-ანაკლიის უბანს, რაც რუკიდანაც კარგად ჩანს. კოლხეთის ჭარბტენიანი ტყეები 2007 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში, როგორც გეოლოგიურ წარსულში არსებული ვრცელი სუბტროპიკული არეალების უკანასკნელი ნაშთი. აღნიშნული ტერიტორია უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ჭარბტენიანი არეალებისა და ტყის ეკოსისტემების გამო. აღსანიშნავია, რომ მეტნაკლებად მსგავსი ეკოსისტემა მთელს დედამიწაზე მხოლოდ ჩინეთში, მანჯურიის ტერიტორიაზე და იაპონიაში გვხვდება. საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში შეუერთდა ე.წ. რამსარის კონვენცის, რომელიც შეეხება წყალჭარბი ტერიტორიების, განსაკუთრებით კი – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის არეალებს და გულისხმობს მათ დაცვას, მდგრად გამოყენებას და ამისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში ამ კრიტერიუმებს მხოლოდ კოლხეთის ჭარბტენიანი არეალები აკმაყოფილებენ, საგულისხმოა, რომ კონვენციის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ, შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი.

როგორც ვხედავთ, ახალი ქალაქის მშენებლობა გავლენას ეროვნულ პარკზეც მოახდენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვაო ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სანაპიროს პარალელურად ვითარდება (იგივე ფოთი შავი ზღვის სანაპიროს 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს), მაშინ ადვილი მისახვედრია , რომ ახალი ქალაქი მთლიანად დაიკავებს ანაკლიას და ყულევს შორის არსებულ ტერიტორიას, რასაც კოლხეთის დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და დარჩენილი არეალის ეკოსისტემის მთლიანი ცვლილება მოყვება.

წყლის რესურსების რუკა (წყარო: CENN)

როგორც ვხედავთ, ახალ დასახლებულ პუნქტს რაიმე მნიშვნელოვანი ქალაქწარმომქმნელი ფუნქცია არ გააჩნია, ამას ემატება ეკოლოგიური ფაქტორები – კერძოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ეკოსისტემის არსებობა, რომლის განადგურება გრძელვადიან პერსპექტივაში მავნებელია როგორც ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის მსოფლიო იმიჯზე. რთული აღსაქმელია, როდესაც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრანდიოზული, თუმცა ბუნდოვანი მომავლის მქონე მშენებლობა იწყება. ჯერჯერობით, არ არსებობს (ან საზოგადოებისთვის ცნობილი არაა) კონკრეტული გეგმა, თუ რა სახის სამეურნეო საქმიანობა განვითარდება ქალაქში და საიდან მოხდება ლაზიკაში მოსახლეობის მოზიდვა. ასევე უცნობია, თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები – ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის მათი კომენტარები უცნობია. ცხადია, მსგავსი პროექტის გარემოზე ზეგავლენის შესწავლა დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ თუნდაც ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, რომ ლაზიკის პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის (და მთლიანად, რეგიონის) ეკოსისტემა მნიშვნლელოვანი არასასურველი ცვლილებების წინაშე დადგება. გარდა ამისა, ალბათ უფრო ლოგიკურია, რომ ლაზიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩასადები თანხები სხვანაირად დაიხარჯოს – თუნდაც, უკვე არსებული საქალაქო დასახლებების რეგენერაციისთვის

რუკები აღებულია კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) ვებსაიტიდან. მასშტაბი არაა დაცული

Advertisements

დეკემბერი 6, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , | 9 Comments

სპელეოტურიზმი 1.0

დასავლეთ საქართველოში ბევრი გამოქვაბულია, რომელთა ნაწილი (მაგალითად, სათაფლია) საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და ტურისტების მიერ მისი ბილიკები არაერთგზისაა გათელილი. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპლექსი წყალტუბოს რაიონში მდებარეობს – ზემოთხსენებული სათაფლია, ყუმისთავის (იგივე პრომეთეს) მღვიმე, თეთრი მღვიმე და ა.შ. რაც ყველაზე კარგია, ზემოთჩამოთვლილი ობიექტების საფუძვლიანი დათვალიერება ერთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი – ალბათ ცოტათი დაიღალოთ, სამაგიეროდ შთაბეჭდილება მართლაც ბევრი დაგრჩებათ, სიამოვნება კი საკმაოდ იაფი – თითქმის მხოლოდ მგზავრობის ღირებულება დაგიჯდებათ. ყუმისთავის (პრომეთეს) მღვიმე ამავე სახელწოდების სოფელში, წყალტუბოდან მანქანით 15-20 წუთის სავალზე მდებარეობს. თავად წყალტუბოში კი ქუთაისიდან ასევე ოციოდე წუთში (ნაკლებში თუ არა) თავისუფლად მოხვდებით. საქართველოს გეოგრაფიული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ჯ. ჯიშკარიანის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აღმოჩენილი ეს მღვიმე ამჟამად რეაბილიტირებულია, აქ არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო გამოქვაბულთა კომპლექსი აწ უკვე პრომეთეს მღვიმის სახელწოდებით იღებს უამრავ ტურისტს.

პრომეთეს მღვიმის „ნათლია“ საქართელოს პრეზიდენტი გახლავთ, რომელსაც აქ სტუმრობისას რატომღაც გაახსენდა, რომ თითქოს მღვიმის მახლობლად პრომეთე (თუ ამირანი) იყო მიჯაჭვული. რთული სათქმელია, ეს გეოგრაფიული ანაქრონიზმი ახალი ბრენდის პოპულარიზაციის სურვილით თუ უფრო ბანალური მიზეზითაა გამოწვეული. ფაქტია, რომ მღვიმეს, რომელსაც ადრე სოფლის სახელწოდების მიხედვით მოიხსენიებდნენ, წამებული ტიტანის სახელი შერჩა. საინტერესოა, რომ „პრომეთედ“ ასევე მოინათლა კომპლექსთან ახლოს მდებარე რესტორანი და წყალტუბოში ახლადგახსნილი სასტუმრო. ჯერჯერობით, მღვიმე სატესტო რეჟიმში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესვლა უფასოა. მართალია, გამყოლები მთელი გზის მანძილზე ტურისტულ ჯგუფებს თან ახლავან, თუმცა ენაწყლიანობით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან, წარამარა გაჩქარებენ და ცდილობენ, მალე მორჩნენ საქმეს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა თავად მღვიმის ინფრასტრუქტურაა. სამწუხაროდ, განათება არც ისე კარგია – მართალია, პროჟექტორები მრავლადაა დამონტაჟებული, თუმცა ისინი არც ისე კარგადაა განაწილებული და ძალიან ბევრი საინტერესო მღვიმური ფორმა ბნელითაა მოცული. მღვიმეში ფოტოგრაფირება ფლეშ-ნათურის (ე.წ. ვსპიშკის) გამოყენებით აკრძალულია, ამიტომ თუ ფოტოგრაფიაში ჩემსავით პროფანი ხართ, დიდად ნუ გაირჯებით – სურათები კარგი ხარისხის არ გამოგივათ. ასევე ნაკლებად გაუმართლათ არაქართულენოვან ტურისტებს – ინგლისურის ის დონე, რომელსაც გიდები ფლობენ, ცოტა უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს. რაც მთავარია, მღვიმეს აშკარად ეტყობა ადამიანის უგემოვნო ჩარევა – ზოგან პრომეთესეული (?) ურო, ჯაჭვი და ფარი აგდია, ზოგან კი გამოქვაბულის ჭერის დასაკავებლად ფსევდოდორიული კოლონებია გამოყენებული.

დამიჯერეთ, რომ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა უარყოფით მხარეს მღვიმეში შესვლისთანავე დაივიწყებთ. განათების მიუხედავად, პრომეთეს მღვიმე ენითაუწერელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, რომელსაც ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები ნამდვილად ვერ ასახავენ. შუქზე მბრწყინავი კალციუმის კრისტალები, მილიონობით წლის მანძილზე ნაზარდი და შეერთებული სვეტები, თეთრი, შავი და მოწითალო ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ჯადოსნური ფორმის ფიგურები, რომლებიც ქონდრისკაცებს და ზღაპრის სხვადასხვა გმირებს გვანან და რაც მთავარია, ოთხი უზარმაზარი დარბაზი გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს და აქ მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. მღვიმეში ასევე გაედინება მდინარე, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ბოლოში ტბას ქმინდა. თუმცა ამჟამად მიმდინარეობს დაივინგის სადგურისა და პატარა ნავმისადგომის მოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, მომსახურებას ყვინთვა და ნავებით გასეირნებაც დაემატება. როგორც ვიზიტორთა ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, ასევე იგეგმება ე.წ. ველური ტურების მოწყობას, სადაც მსურველებს მღვიმის დაუკვალავ და გაუნათებელ ტერიტორიაზე მოუწყობენ ექსპედიციებს, რაც ასევე საინტერესოდ ჟღერს.

პრომეთეს მღვიმე

ვიზიტორთა ცენტრი ორშაბათის გარდა ყოველდღე, დილის 10-დან 16 საათამდე მუშაობს. მღვიმეში მოსახვედრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსი, რომელიც წყალტუბოს ბაზრის ტერიტორიიდან საათში ერთხელ გადის სოფლის მიმართულებით. გზა მშვენიერია და ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტი დაუბრკოლებლად აღწევს მღვიმეს. მოკლედ, თუკი გადაწყვეტთ, ერთი დღის დაკარგვა ამ საქმეში ნამდვილად ღირს.

This slideshow requires JavaScript.

პრომეთეს მღვიმიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვედით და გეზი თეთრი მღვიმისკენ ავიღეთ. თეთრი მღვიმე წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარეობს და ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორსაა, მსურველი ფეხითაც მოხვდება. თავის დროზე, მღვიმე თავისი მიკროკლიმატის გამო ასთმური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. აქვეა აღმოჩენილი გვიანდელი ქვის ხანის სამუშაო და სანადირო იარაღები. ამჟამად მღვიმე მიტოვებულია. რკინის კარი მოხსნილია, ხოლო განათების ელექტროსადენები – მოჭრილი და მოპარული. მღვიმე ყველა ჯურის ვანდალის მსხვერპლი გახდა, რომელთა ნაწილიც გრაფომანიის შემოტევებს მის კედლებზე იოკებდა, ზოგი – ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა, ზოგი კი დასალევად ან კარტის სათამაშოდ მოდიოდა. თუმცა თეთრი მღვიმე გადატანილი ჭირ-ვარამის მიუხედავადაც საინტერესო სანახავია. დასათვალიერებლად აუცილებლად უნდა იქონიოთ ნორმალური ფანარი (ან ფანრები), რომელიც მინიმუმ ორი საათი გარანტირებულად მუშაობს. მღვიმეში გაურკვეველი მიზნებით საკმაოდ ღრმა შახტაა გაჭრილი – არ არსებობს გარანტია, რომ ჩავარდნის შემდეგ იქიდან მთელი და საღსალამათი ამოხვალთ. მიუხედავად სიმცირისა და ადამიანის საქმიანობის კვალისა, თეთრ მღვიმეში არანაკლები სილამაზის კარსტული ფორმების ხილვა შეიძლება, ვიდრე ეს პრომეთეს მღვიმეშია შესაძლებელი.

ნუ შეგეშინდებათ ტალახის, აიღეთ ფანრები, მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები და იარეთ გამოქვაბულებში – ეს საქმე ხორცისთვისაც სასარგებლოა და თქვენს გუნება-განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს. ამასთან აუცილებლად გაითვალისწინეთ სიფრთხილის ზომები – ნუ მიეტანებით ჯერ გამოუკვლეველ ადგილებს, რადგან შესაძლოა, დაიკარგოთ ან რომელიმე ხვრელში გაიჭედოთ – შესწავლილი და მეტნაკლებად კეთილმოწყობილი მღვიმეები ჩვენში საკმაოდაა, რომელთა შესახებ შთაბეჭდილებებსაც სხვა დროს მოგითხრობთ.

აგვისტო 25, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

   

%d bloggers like this: