დიდი ზღვაოსნის ბლოგი

დაავადებების გეოგრაფია საქართველოში

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სტატისტიკური მასალის მოპოვება (ზოგადად, ნებისმიერის) დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ არსებობს, ან საკმაოდ ძველია, ან ისეთი, რომლის გაანალიზება საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე შეუძლებელია. ასეთ ბედნიერ გამონაკლისს წავაწყდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე. ეს უკანასკნელი ყოველწლიურ მოხსენებებს თან საკმაოდ მრავალფეროვან სტატისტიკურ მასალას ურთავს, რომლის ვიზუალიზაცია რუკების მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი. ანალოგიური მდგომარეობაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემთხვევაშიც. თუმცა, ხაზი იმასაც უნდა გაუსვათ, რომ პირველ შემთხვევაში ყველაზე ახალი მუნიციპალიტეტების დონეზე განზოგადებადი მონაცემები 2009 წელს განეკუთვნება, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვებგვერდზე 2008 წლის მახასიათებლები აქვს განთავსებული.
ქვემოთ მოცემული რუკებისთვის აბსოლუტური მონაცემები არაა გამოყენებული, რადგან ცხადია, რომ უფრო დიდი მოსახლეობის მქონე ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავადებათა უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა. შესაბამისად, რიცხვითი მონაცემები გადათვლილია თითოეული მუნიციპალიტეტის 10 ათას მოსახლეზე.
ტუბერკულოზის შესახებ ორი მაჩვენებელია ხელმისაწვდომი – ახალი შემთხვევების რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი ცალკეული მუნიციპალიტეტსი მიხედვით. როგორც ვხედავთ, გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ქალაქებში

განსაკუთრებით, ბათუმსა და რუსთავში ფიქსირდება, თვალშისაცემია მცხეთის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი. რეგიონული თვალსაზრისით, მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე, ხოლო მინიმალური მაჩვენებლები – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში.

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მძიმე დაავადებაა, გავრცელების თვალსაზრისით, შემდეგ რეგიონულ თავისებურებებს აჩვენებს – ზემო იმერეთის და სამცხის მუნიციპალიტეტები მისი ახალი შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან. მათ რიცხვს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ კახეთი, სადაც თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევების რაოდენობა 15-ს აღემატება 10 ათას კაცზე.

რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახლი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. აქ 10 ათას მოსახლეზე ასთმის 20 ახალი შემთხვევა მოდის.

ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ვენერიული დაავადებების შეთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა ბაღდათის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, თუმცა ფაქტი ჯიუტია და ამ მოვლენის მიზეზების ახსნა ალბათ საკითხში გარკვეულ პროფესიონალებს უფრო ძალუძთ.

ვირუსული ჰეპატიტის ახალი შემთხვევები ყველაზე დიდი რაოდენობით ქვემო აჭარასა და გურიაში, იმიერეთის ნაწილსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ინფორმაციის ძიებამ საკმაოდ დიდი დრო წამართვა, შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მართალია, ამ პოსტში ტექსტზე უფრო მეტ ადგილს რუკები იკავებენ, მაგრამ მგონია, რომ ეს გაცილებით საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

ნოემბერი 20, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , , , | 2 Comments

დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში

დანაშაულის გეოგრაფია კვლევითი და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობა. დღევანდელი პოსტის მეშვეობით ამ ხარვეზის ამოვსება რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა მოტანილი რუკები და სტატისტიკური მასალა უინტერესო არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტო ყოველწლიურად აქვეყნებს მოხსენებებს საკუთარი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ახლავს. მათი გადამუშავების შედეგებს კი თქვენ ქვემოთ ხედავთ.
პირველ რუკაზე გამოსახულია დანაშაულის რაოდენობა ათას მოსახლეზე. როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლებით ამ მხრივ დედაქალაქის რაიონები და მსხვილი ქალაქები ხასიათდებიან. აღსანიშნავია კრიმინალის მაღალი ხვედრითი წილი გურიაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დანაშულის მინიმალური წილი კი მთიან აჭარაში, ჯავახეთში, საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.
კრიმინალის რაოდენობა ათას მოსახლეზე
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის მხარე გამოირჩევა, რომლის ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში გაიხსნა კრიმინალის 80%-ზე მეტი, ხოლო ორში- 70-დან 80%-მდე. დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 50%-ზე ნაკლებია
გახსნილი დანაშაულის პროცენტული წილი

დაბოლოს, იხილეთ ინტერაქტიული რუკა, რომელზეც გარდა განხილულისა, სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც გაეცნობით. გაითვალისწინეთ, რომ თბილისის რაიონების მონაცემები ამ რუკაზე არ არის დატანილი.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ოქტომბერი 16, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , | 6 Comments

ახალი აფრიკა

ამა წლის ცხრა ივლისს, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა; უფრო ადრე კი სუდანის სამმა სამხრეთმა რეგიონმა ორი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი გადაიტანა, რასაც მილიონნახევარი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევის შედეგად კონფლიქტი შეწყდა, სამხრეთი სუდანი გასული ათწლეულის შუაში ავტონომიად, ხოლო 2011 წლის თებერვალში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ცალკე სახელმწიფოდ იქცა.

ამ ახლადგამომცხვარ სახელმწიფოს სხვადასხვა ცნობით 8-დან 10 მილიონამდე მოსახლე ყავს, რომლის 85% სასოფლო არეალებში ცხოვრობს. ქვეყნის ფართობი 620 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც მსოფლიოს მასშტაბით 45-ე მაჩვენებელია. სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა ქვეყანის მასშტაბით ლინგვა-ფრანკას არაბული, კერძოდ მისი ადგილობრივი ვარიანტი ჯუბა წარმოადგენს. სამხრეთ სუდანში 200-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობს, მათ შორის დინკა, შილუკი, ნუერი, ალჩოლი და ა.შ.

დამოუკიდებლობის სიხარულს თან უამრავი პრობლემა ახლავს. სამხრეთ სუდანი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი და დაბალგანვითარებული ქვეყანაა, სადაც ოჯახების 78% მთლიანად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე ხოლო მოსახლეობის 90%-ზე მეტის დღიური შემოსავალი ერთ დოლარზე ნაკლებია.

ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს ხის მერქანი მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანი მეტროპოლიისგან განსხვავებით საკმაოდ მდიდარია წიაღისეული რესურსებით. სამოქალაქო ომამდე იგი სუდანის ნავთობის მოცულობის 85%-ს აწარმოებდა, თუმცა მრეწველობის ეს დარგი ამჟამად კრიზისს განიცდის; როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში (და ალბათ არამარტო ამ პერიოდში) ქვეყანას საერთაშორისო დახმარების იმედი უნდა უფრო ჰქონდეს, ვიდრე საკუთარი მეურნეობის წარმატებით ამუშავებისა.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი პოლიტიკური არასტაბილურობაა. მართალია, სუდანის პრეზიდენტმა უმარ ალ-ბაშირმა თავის სამხრეთელ კოლეგას სალვა კიირ მაიარდიტს თავად მიულოცა დამოუკიდებლობა, ყოფილ მეტროპოლიასთან ისევ მეტნაკლებად დაძაბული ურთიერთობები არსებობს რაც სახელმწიფო საზღვრების დადგენის, მოქალაქეობის, ვალების გაყოფასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ქვეყანაში არსებობს ათამდე შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ასევე იბრძვის ძალაუფლებისთვის.

როგორც ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, სამხრეთი სუდანი დასავლეთისთვის ერთგვარ საჩვენებელ პროექტად იქცა, რომლის განხორციელებაშიც თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები (მაგალითად, ჯორჯ კლუნი), ასევე ცნობილი კორპორაციები. ცნობისთვის, ”გუგლმა” მსოფლიო ბანკთან ერთად წამოიწყო მსხვილი კამპანია ქვეყნის ტერიტორიის გეოგრაფიზაციისთვის. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი მოხალისის შრომის შედეგად სამხრეთ სუდანის დეტალური რუკები შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით ”გუგლის” რუკების სერვისზე განთავსდა. ლუოლ დენგი, ”ჩიკაგო ბულზის” კალათბურთელი და ტოპ-მოდელი ალეკ უეკი ქვეყნის ყველაზე ცნობადი სახეები არიან, რომელთაც ალბათ დაეკისრებათ თავიანთი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაზე მუშაობა. ალეკ უეკს ამ მხრივ გამოცდილებაც აქვს – იგი აქტიურად მონაწილეობდა სუდანელი დევნილების პრობლემების მოგვარებაში და ორგანიზაცია ”ექიმები საზღვრებს გარეშე” ელჩიც კი გახლდათ საკუთრ სამშობლოში.
Source: Voice of America
დედაქალაქი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ქალაქი ჯუბა აქამდეც ასრულებდა
ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას, ხოლო იგი ამიერიდან უკვე ოფიციალური დედაქალაქია. 250-ათასიან დასახლებულ პუნქტში თავმოყრილია როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული დანიშნულების შენობები. დღის წესრიგში არსებობს ქალაქის განაშენიანების რამდენიმე საკმაოდ მასშტაბური და თამამი გეგმა, რომელთა ამოსავალ წერტილსაც დასახლების სიმბოლურად რომელიმე აფრიკული ცხოველის ან ტროპიკული ხილისათვის დამგვანებაა (შორეული პარალელი ლუსიანუ კოშტასა და ოსკარ ნიმაიერთან). ამჟამად მიღებული გეგმის თანახმად, ქალაქი ჯუბა ნელ-ნელა უზარმაზარი მარტორქის სახეს მიიღებს. მსგავსი მიდგომით განხორციელდება სხვა ქალაქების რეკონსტრუქციაც – მაგალითად, ქალაქი ვაუ ჟირაფის ფორმის იქნება.

მსოფლიოს ყველაზე ახალი სახელმწიფო, სამხრეთ სუდანი ჯერ კიდევ ეიფორიაშია და დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა მისი მსოფლიო რუკაზე გაჩენა კითხვას ბადებს – რამდენად იქნება მისი არსებობა წარმატებული? სამწუხაროდ, აფრიკის ქვეყნების უდიდესი ნაწილის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა, ისევე როგორც დემოკრატია ამ კუთხისთვის უცხო ხილია. ამასთან, რამდენად იქნება ეს სიგნალი სხვა ავტონომიების თუ თვითაღიარებული ტერიტორიებისთვის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის? სამხრეთ სუდანი გარკვეულწილად გამონაკლისს წარმოადგენს, თუკი მის წარსულს გადავხედავთ – სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპული მილიონნახევარი ადამიანი დამოუკიდებლობის სისხლიანი, თუმცა მკაცრი დასაბუთებაა.

გეოგრაფიული მონაცემები აღებულია გაეროს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ვებსაიტიდან: http://www.unitar.org/unosat/sudan
ფოტოების წყარო: ”ვიკიპედია”, ”ამერიკის ხმა”
მონაცემების წყარო: სამხრეთ სუდანის სტატისტიკის სამსახური: http://ssccse.org/southern-sudan-fast-facts/
”ბი-ბი-სი”

ივლისი 9, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , | 3 Comments

ჩვენზე პატარები

The Economist -მა გამოაქვეყნა რამდენიმე ინფოგრაფიკა, რომელიც გვიჩვენებდა, თუ რომელი სახელმწიფოები შეიძლებოდა ”ჩატეულიყვნენ” აშშ-ის, ინდოეთის და ჩინეთის ტერიტორიულ ერთეულებში სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით. მსგავსი ექსპერიმენტის განხორციელება საქართველოს მაგალითზეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, ფართობის და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ჩვენი ქვეყნის რეგიონებიც კი მსოფლიოს სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოს თუ დამოკიდებულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად აღემატებიან.

საქართველო პატარა ქვეყანაა. იმდენად პატარა, რომ ზოგიერთ მეზობელს ჩვენს ტერიტორიაზე ასჯერ დიდი ავტონომიური ერთეულები აქვს. ჩვენს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში ანუ 69.7 ათას კვადრატულ მეტრზე თავისუფლად დაეტევა იამაიკა, კატარი, ლიბანი, კვიპროსი, კაბო-ვერდე და კიდევ მორჩება ადგილი ერთი დუჟინი უფრო მცირე ზომის ქვეყნისთვის, როგორებიცაა ჩვენთან არაერთგზის ნაქები სინგაპური, ასევე – ტონგა, მალტა, ბარბადოსი და სხვა.

საინტერესოა, რომ სამცხე-ჯავახეთში ორი ლუქსემბურგის ოდენა ქვეყანა ჩაეტევა, თბილისის ტერიტორია დაახლოებით უდრის კირიბატის ხმელეთის ფართობს, ხოლო აჭარის ფართობი იმდენივეა, რამდენიც რაგბისტებით განთქმული დასავლეთ სამოასი.

”ჯეოსტატის” უახლესი შეფასებით, საქართველოს 4.4 მილიონი მოსახლე ყავს, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთად ცხოვრობს ეკვატორულ გვინეაში, კომორის კუნძულებზე, ჩერნოგორიაში, სოლომონის კუნძულებზე, სურინამში, კაბო-ვერდეზე, ლუქსემბურგსა და ბრუნეში. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, რომელიც განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობის მიგრაციით, იმაზე 5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაღიარებელ ნაურუზე.

როგორც ვხედავთ, ჩვენზე გაცილებით პატარებიც არსებობენ, ასე რომ ამ მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს. მთავარი ისაა, როგორ ვუვლით და ვუფრთხილდებით ჩვენს  საკუთრებას.

ივნისი 25, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ფერადი | , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მეგობრობის მსოფლიო ქსელი

პოლ ბატლერი ”ფეისბუქის” დეველოპმენტის გუნდში სტაჟიორად მუშაობს. როგორც მისი ბლოგის ჩანაწერიდან ჩანს, პოლს კარგა ხანი აწუხებდა ის აზრი, თუ რა გავლენას ახდენს გეოგრაფია და პოლიტიკური საზღვრები ადამიანების ურთიერთკავშირს ან უბრალო ენით რომ ვთქვათ, რომელ ქალაქებში ჰყავთ ”ფეისბუქის” მომხმარებლებს ყველაზე მეტი საერთო მეგობარი.
აქ დაწვრილებით არ აღვწერ, თუ როგორ მიიღო პოლმა ქვემოთ მოცემული საბოლოო სურათი, (პროცესი საკმაოდ რთული, დამღლელი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ტერმინებითაა გადატვირთული) მაგრამ შედეგი მართლაც განსაცვიფრებელი და ძალიან საინტერესოა. შერჩეული ათი მილიონი იუზერის მონაცემების მიხედვით მათი და მეგობრების საცხოვრებელი ქალაქები ავტორმა ხაზებით შეაერთა, კოორდინატებს დაუკავშირა და ეს შესანიშნავი რუკა შექმნა.

პირველი, რაც თვალიში გეცემა, დსთ-სა და ჩინეთის ადგილას დიდი შავი ხვრელის არსებობაა, რაც გასაკვირი არაა, რადგან პირველ სივრცეში სოციალური ქსელებიდან რუსულენოვანი ”ვკონტაკტე” და ”ოდნოკლასნიკი” დომინირებს, ჩინური ინტერნეტი, უფრო სწორად, ის, რასაც ამ ქვეყანაში ინტერნეტს ეძახიან, “ფეისბუქს” არ ცნობს. თუმცა მოტანილი სურათის მორალი სხვა რამეში მდგომარეობს – მიუხედავად გლობალიზაციის და მისი ყველა ნაყოფისა, ადამიანთა ურთიერთობები მაინც ჩაკეტილია საკუთარი ქვეყნის, რეგიონის, საგრაფოს, ფედერალური მიწის თუ საქალაქო აგლომერაციის შიგნით. ცალკეული ქვეყნებისა თუ კონტინენტების შემაერთებელი ხაზები ჯერჯერობით საკმაოდ მკრთალია, თუკი მათ ქვეყნებს შიგნით არსებულ ქსელებს შევადარებთ.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვირტუალური ნაცნობობა კონკურენციას ვერ უწევს ადამიანთა შორის უშუალო ურთიერთობებს, არც მიგრაციებია ისეთი აქტიური, რომ ჩვენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს. გლობალიზაცია მითი ნამდვილად არაა, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ისე ქუხს, როგორც გვეჩვენება ან გვაჩვენებენ.

დეკემბერი 22, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

განვითარების ინდექსი

ადამიანიდ განვითარების ინდექსი გაეროს მიერ შემუშავებული მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც ქვეყნების რანჟირება მათი განვითარების მიხედვით ხვდება. მასში ითვალისწინებენ ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი), დემოგრაფიულ (სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა) და განათლების მაჩვენებლებს. ამასთან, მოხსენებას თან ერთვის ათობით სხვა საინტერესო მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ადამიანის განვითარების მოხსენებაში ასახულია მინიმუმ ერთი ან ორი წლის წინანდელი მონაცემები (მაგალითად, 2010 წლის ინდექსში ასახულია ქვეყნის 2008 წლის მდგომარეობა).
კარგად ვიცით, რომ განვითარებადი (კითხვა ისაა, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი ვითარდებოდე და ვერ განვითარდე) ქვეყნები აღნიშნული მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნიან. უფრო მეტიც – განვითარება რეგიონული ხასიათისაა.

გაეროს სტატისტიკოსებს უამრავი მაჩვენებელი გამოყავთ, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ არ გამოიყენება ადამიანის განვითარების ინდექსის დასათვლელად, მაგალითად – ჯინის ინდექსი. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია განსხვავება მოსახლეობის შემოსავალს/სიმდიდრეს შორის. რაც უფრო მაღალია ჯინის ინდექსი, უფრო დიდი უფსკრული არსებობს ქვეყნის მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის

ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ სხვადასხვა მაჩვენებელი, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც საინტერესო იქნება.
ჯანდაცვაზე დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე.

ქალთა პროცენტული რაოდენობა ადგილობრივ პარლამენტებში

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი

პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა ყოველ 100 კაცზე

კმაყოფილება ცხოვრებით:

ნოემბერი 9, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

გლობალური ქალაქები

როგორც ცნობილია, განვითარების თავისებურება ისაა, რომ იგი გარკვეულ კვანძებშია თავმოყრილი. აღნიშნული ცენტრების ირგვლივ კი ვითარდება ინფრასტრუქტურა, კონცენტრირდება მოსახლეობა. ბუნებრივია, მრავალი მიზეზის გამო ამგვარი კვანძების როლს საქალაქო დასახლებები წარმოადგენენ. დღესდღეობით ზოგიერთი ქალაქის გავლენა ცდება საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და მსოფლიო მასშტაბებს იძენს. ამგვარ ქალაქებს ”გლობალურ ქალაქებს” უწოდებენ.
სოციალურ და გეოგრაფიულ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევარები დიდ ყურადღებას უთმობენ ქალაქის ფენომენის შესწავლას. არსებობს მრავალი მეთოდი და მიდგომა ”გლობალური ქალაქების” გამოსაყოფად და დასახასიათებლად, თუმცა მთავარ კრიტერიუმებს მათი კოსმოპოლიტური ხასიათი, ტრანსნაციონალურ ეკონომიკაში ჩართვის ხარისხი, სიახლოვე ფინანსურ ცენტრებთან, მდგომარეობა მსოფლიო შრომის დანაწილების იერარქიაში და ა.შ. წარმოადგენს.

2008 წელს GaWC -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გლობალური ქალაქების სამი მსხვილი ჯგუფი გამოიყო. თითოეული ჯგუფი რამდენიმე ქვეკატეგორიად იყოფა. ახლა ჩვენს მიზანს ამ ჯგუფების ცალ-ცალკე დახასიათება არ წარმოადგენს. უბრალოდ, ზოგიერთ საინტერესო კანონზომიერებას წარმოვადგენთ.

პირველ რიგში, გლობალური ქალაქების განაწილება იმაზე მიგვითითებს, რომ მსოფლიოში განვითარება თანაბარი არაა. ისინი მსხვილი კვანძების (თუ ”კლასტერების”) სახით არიან კონცენტრირებულნი სანაპიროებზე. კონტინენტურ სიღრმეებში გლობალური ქალაქების რაოდენობა მცირეა, რაც ლოგიკურიცაა – ჯერ-ჯერობით, საზღვაო ტრანსპორტი გადაზიდვის და კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ და იაფ ხერხად რჩება.

გლობალური ქალაქების კონცენტრაციის სამი მთავარი არეალი გამოიყოფა – ევროპა და ხმელთაშუაზღვისპირეთი, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთი აზია. ნიშანდობლივია, რომ სამივე რეგიონში მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი საფინანსო ცენტრები – ნიუ-იორკი, ლონდონი და ტოკიო. ცხადია, რომ მსოფლიო განვითარების ლოკომოტივები სწორედ ეს რეგიონები არიან. სამხრეთ ნახევარსფეროს გლობალური ქალაქები იმ ქვეყნებში მდებარეობენ, სადაც ტრადიციულად დომინანტურ როლს ევროპული ემიგრაცია თამაშობდა;ზოგადად, დედამიწის ეს რეგიონი მსგავსი ტიპის ქალაქების რაოდენობით ახლოსაც ვერ მოვა ჩრდილოეთთან, რაც ჩრდილოეთი-სამხრეთის დისპროპორციული განვითარების კიდევ ერთი მაგალითია. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის გლობალური ქალაქები ჩინურია (პეკინი, შანხაი, ჰონგ-კონგი, ტაიპეი), მეტწილად ჩინური (სინგაპური), ან ჩინური დიასპორა მის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს (კუალა-ლუმპური).
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით გლობალურ ქალაქებთან სიახლოვით და გარკვეულწილად იმის თქმაც შეიძლება, რომ განვითარებაც ჩვენგან ცოტა შორს კონცენტრირდება. გასაგებია, რომ მოცემული მოდელი არაა იდეალური და გარკვეულ კითხვის ნიშნებს შეიცავს (მაგალითად, რა ლოგიკითაა შეტანილი აღნიშნულ სიაში ალმა-ათა). თუმცა, გარკვეული საინტერესო კანონზომიერების დანახვაში ალბათ საკმაოდ დაგვეხმარება.

ოქტომბერი 29, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , | დატოვე კომენტარი

ვიკირუკები

თუკი თქვენ ახალი მიწების აღმოჩენის სურვილი გაქვთ, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობთ, ან ფიქრობთ, რომ გეოგრაფიის რომანტიკა მსოფლიო რუკაზე უკანასკნელ თეთრ ლაქასთან ერთად გაქრა, ცდებით, რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი გეოგრაფიის განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს. Google Earth ის მეშვეობით შეგიძლიათ, ზევიდან დახედოთ საკუთარ სახლს, იმოგზაუროთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ან საჰარას გადაუფრინოთ და ცოტა ხნით თავი სენტ-ეკზიუპერიდ წარმოიდგინოთ.

რუკებმა განვითარების დიდი გზა გაიარეს, დაწყებული მიდამოს ქვებზე ამოკაწრული გამოსახულებებით დამთავრებული კარტოგრაფიული ფაბრიკებით და გეოინფორმაციული სისტემებით. თუკი ადრე რუკებს და ადგილის გეგმებს ჩვეულებრივი ადამიანები – მონადირეები, ვაჭრები, მოგზაურები ადგენდნენ, მოგვიანებით ეს საქმიანობა პროფესიული გახდა, რომელიც შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვდა.

ბავშვობაში ალბათ ბევრს დაგიხაზავთ თქვენი ეზოს გეგმა, დაგიხატავთ ხეები, თქვენი კორპუსი, გარაჟი და ეზოში მოთამაშე ბავშვებიც. თქვენ ახლაც შეგიძლიათ, გააკეთოთ მსგავსი რამ, თან თქვენს გასართობს შეიძლება, პრაქტიკული მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.

”ვიკიპედია” უზარმაზარი რესურსია, რომელიც ვოლუნტიერების მთელი არმიის მეშვეობით იქმნება. საინტერესოა, რომ მოხალისეთა მიერ რუკებიც იქმნება, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს ფარავენ და სრულიად ხელმისაწვდომი არიან უბრალო მომხმარებლებისთვის.

ყველაზე ცნობილი ამგვარი სერვისი OpenStreetMap (OSM) -ია. სტივენ ქოუსთის მიერ 2004 წელს დაარსებული რესურსი დღესდღეობით ძალიან პოპულარული გახდა. რუკების რედაქტირება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ოღონდ ამ საქმისთვის ჯი-პი-ეს აპარატი, ან აქამდე არსებული ელექტრონული გეომონაცემები დაგჭირდებათ. შესაძლებელია სხვადასხვა ხელმისაწვდომი თანამგზავრული სურათების გამოყენებაც ( BING Maps). რუკების შედგენა,გარდა ონლაინ-რეჟიმისა, შესაძლებელია სხვადასხვა რედაქტორის მეშვეობით, რომლებიც როგორც ცალკე პროგრამას (მაგ. JOSM), ან სხვა გეოინფორმაციული სისტემების (ArcGIS; QGIS) შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. უნდა ითქვას, რომ საქართველოში OSM – ის დამუშავებას არასამთავრობო ორგანიზაცია Open Maps Caucasus (OMC) ახორციელებს, რომელიც როგორც მოხალისეების, ასევე დაქირავებული მუშაკების შრომას იყენებს. OMC – ის ვებ-საიტზე შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის სრული და საქართველოს რამდენიმე დასახლებული პუნქტის საკმაოდ დეტალური და ხარისხიანი რუკა.

სამწუხაროდ, თუკი თქვენ Google Maps -ში საქართველოს რუკის და არა თანამგზავრის რეჟიმში დაათვალიერებთ, დიდ ნაცრისფერ ლაქას დაინახავთ, როდესაც ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის გზების და ქუჩების შესახებ საკმაოდ კარგი ინფორმაციაა დატანილი. Google -ს ჯერჯერობით არ დაუსრულებია საქართველოს ტერიტორიის დამუშავება. OSM-ის მსგავსად, Google Map-საც გააჩნია ღია რესურსი, რომელიც საშუალებას იძლევა, ნებისმიერმა თქვენგანმა შეცვალოს, დახაზოს, დაიტანოს რეალურად არსებული ობიექტი. ცვლილებები გადის მოდერაციას, რის შემდეგაც იგი რუკაზე საბოლოოდ აისახება. ამ სერვისის  – Map Maker – ის საშუალებით შესაძლებელია, Google-ის საკმაოდ დეტალური კოსმოსური ფოტოსურათების მეშვეობით შეავსოთ თქვენთვის ნაცნობი ტერიტორიის გეოგრაფიული მონაცემები.

დაბოლოს, არსებობს კიდევ ერთი კოლაბორაციული რესურსი, რომელიც მოხალისეების მიერაა შედგენილი. Wikimapia, რომელიც მისმა ავტორებმა ალექსანდრ კორიაკინმა და ევგენი საველიევმა  Google Maps-ის და ”ვიკიპედიის” გავლენით შექმნეს, საქართველოს მასშტაბით საკმაოდ კარგადაა დამუშავებული. განსხვავებით სხვა სისტემებისა, Wikimapia-ში ცალკეულ ობიექტებზე დაწკაპუნებისას შეგიძლიათ, მის შესახებ მცირე სტატიაც კი იხილოთ.

მოკლედ, გეოგრაფიის და რუკების მოყვარულნო, შეგიძლიათ, თავისუფალ დროს რომელიმე ეს რესურსი გაამდიდროთ. ამით თქვენც გაერთობით, ცოდნასაც მიიღებთ, თქვენს საცხოვრებელ ადგილსაც უკეთესად გაეცნობით და რაც მთავარია, სხვებს შეუწყობთ ხელს.

ოქტომბერი 6, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კარტოგრამები

ჩემი გეოგრაფიისადმი სიყვარული და შემდგომში, მომავალი პროფესია რუკებმა განაპირობეს. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმეტესობის პირველი კავშირი ამ მეცნიერებასთან სწორედ რუკების გაცნობით მოხდა.
რუკების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავებული ტიპის ინფორმაციის გადმოსაცემად გაამოიყენება. კარტოგრამებიც ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც საგნების სივრცეში რეალურ მდგებარეობას არ ასახავენ, სამაგიეროდ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის საინტერესო ხერხს წარმოადგენენ.
ინტერნეტში კარტოგრამების მრავალ მაგალითს წააწყდებით, თუნდაც ასეთს:

რომელიც 2002 წლისთვის მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებას ასახავს.მართალია, კონტურები საშინლად დამახინჯებულია, სამაგიეროდ იდეას ადვილად გვაწვდის, მიგვითითებს რა ქვეყნების ზომით მდიდრების რაოდენობაზე.
ქვემოთ ვეცადე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს რამდენიმე კარტოგრამა შემედგინა.
პირველ კარტოგრამაზე რაიონების და ქალაქების ზომები პროპორციულია მათში დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა, ხოლო ფერი კი მიგვითითებს, თუ ათას მოსახლეზე გათვლით რა რაოდენობის დანაშაული მოხდა 2001 წლისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ დიდი ქალაქები დანაშაულის რაოდენობითაც გამოირჩევიან, თუმცა 1000 მოსახლეზე გაანგარიშებით გორისა და თიანეთის რაიონების ლიდერობა საკმაოდ საინტერესო ფაქტია.
მეორე კარტოგრამა ასახავს საქართველოში მანქანების რაოდენობას ყოველ ათას კაცზე, რაც ტერიტორიული ერთეულების ზომებითაა გადმოცემული, ხოლო ფერები ასევე ათას მოსახლეზე ექიმთა რაოდენობას გადმოსცემს:

როგორც ვხედავთ, ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და წყალტუბოში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იმდენივე ავტომობილი მოდის, რამდენიც თბილისსა და ქუთაისში, თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა ექიმების რაოდენობის მხრივ. ამ მაჩვენებლით ისინი ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ. ვერაფერს იტყვით, საინტერესო და მრავლისმეტყველი სურათია

ივნისი 26, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

   

%d bloggers like this: