დიდი ზღვაოსნის ბლოგი

დაავადებების გეოგრაფია საქართველოში

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სტატისტიკური მასალის მოპოვება (ზოგადად, ნებისმიერის) დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ არსებობს, ან საკმაოდ ძველია, ან ისეთი, რომლის გაანალიზება საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე შეუძლებელია. ასეთ ბედნიერ გამონაკლისს წავაწყდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე. ეს უკანასკნელი ყოველწლიურ მოხსენებებს თან საკმაოდ მრავალფეროვან სტატისტიკურ მასალას ურთავს, რომლის ვიზუალიზაცია რუკების მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი. ანალოგიური მდგომარეობაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემთხვევაშიც. თუმცა, ხაზი იმასაც უნდა გაუსვათ, რომ პირველ შემთხვევაში ყველაზე ახალი მუნიციპალიტეტების დონეზე განზოგადებადი მონაცემები 2009 წელს განეკუთვნება, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვებგვერდზე 2008 წლის მახასიათებლები აქვს განთავსებული.
ქვემოთ მოცემული რუკებისთვის აბსოლუტური მონაცემები არაა გამოყენებული, რადგან ცხადია, რომ უფრო დიდი მოსახლეობის მქონე ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავადებათა უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა. შესაბამისად, რიცხვითი მონაცემები გადათვლილია თითოეული მუნიციპალიტეტის 10 ათას მოსახლეზე.
ტუბერკულოზის შესახებ ორი მაჩვენებელია ხელმისაწვდომი – ახალი შემთხვევების რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი ცალკეული მუნიციპალიტეტსი მიხედვით. როგორც ვხედავთ, გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ქალაქებში

განსაკუთრებით, ბათუმსა და რუსთავში ფიქსირდება, თვალშისაცემია მცხეთის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი. რეგიონული თვალსაზრისით, მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე, ხოლო მინიმალური მაჩვენებლები – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში.

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მძიმე დაავადებაა, გავრცელების თვალსაზრისით, შემდეგ რეგიონულ თავისებურებებს აჩვენებს – ზემო იმერეთის და სამცხის მუნიციპალიტეტები მისი ახალი შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან. მათ რიცხვს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ კახეთი, სადაც თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი შემთხვევების რაოდენობა 15-ს აღემატება 10 ათას კაცზე.

რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახლი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. აქ 10 ათას მოსახლეზე ასთმის 20 ახალი შემთხვევა მოდის.

ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ვენერიული დაავადებების შეთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა ბაღდათის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, თუმცა ფაქტი ჯიუტია და ამ მოვლენის მიზეზების ახსნა ალბათ საკითხში გარკვეულ პროფესიონალებს უფრო ძალუძთ.

ვირუსული ჰეპატიტის ახალი შემთხვევები ყველაზე დიდი რაოდენობით ქვემო აჭარასა და გურიაში, იმიერეთის ნაწილსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ინფორმაციის ძიებამ საკმაოდ დიდი დრო წამართვა, შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მართალია, ამ პოსტში ტექსტზე უფრო მეტ ადგილს რუკები იკავებენ, მაგრამ მგონია, რომ ეს გაცილებით საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

ნოემბერი 20, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , , , | 2 Comments

დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში

დანაშაულის გეოგრაფია კვლევითი და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობა. დღევანდელი პოსტის მეშვეობით ამ ხარვეზის ამოვსება რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა მოტანილი რუკები და სტატისტიკური მასალა უინტერესო არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტო ყოველწლიურად აქვეყნებს მოხსენებებს საკუთარი საქმიანობის შესახებ, რომელსაც თან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ახლავს. მათი გადამუშავების შედეგებს კი თქვენ ქვემოთ ხედავთ.
პირველ რუკაზე გამოსახულია დანაშაულის რაოდენობა ათას მოსახლეზე. როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლებით ამ მხრივ დედაქალაქის რაიონები და მსხვილი ქალაქები ხასიათდებიან. აღსანიშნავია კრიმინალის მაღალი ხვედრითი წილი გურიაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დანაშულის მინიმალური წილი კი მთიან აჭარაში, ჯავახეთში, საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.
კრიმინალის რაოდენობა ათას მოსახლეზე
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის მხარე გამოირჩევა, რომლის ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში გაიხსნა კრიმინალის 80%-ზე მეტი, ხოლო ორში- 70-დან 80%-მდე. დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 50%-ზე ნაკლებია
გახსნილი დანაშაულის პროცენტული წილი

დაბოლოს, იხილეთ ინტერაქტიული რუკა, რომელზეც გარდა განხილულისა, სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც გაეცნობით. გაითვალისწინეთ, რომ თბილისის რაიონების მონაცემები ამ რუკაზე არ არის დატანილი.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ

ოქტომბერი 16, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , | 6 Comments

საქართველო Google-ის რუკებზე

გილოცავთ! ამიერიდან თუკი თქვენ საქართველოს Google -ის რუკაზე მოძებნას მოისურვებთ, ჩვენი ქვეყნის ადგილას დიდი ნაცრისფერი ლაქა აღარ დაგხვდებათ. ცოტა ხნის წინ Google Maps-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საკუთრი რუკების განახლების შესახებ. ავღანეთთან, ერაყთან და ანტარქტიდასთან ერთად გეოგრაფიული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიისთვისაც გახდა

თბილისი ადრე და ახლა ხელმისაწვდომი.

კომპანიამ სხვადასხვა მოხალისის, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაწეული დიდი შრომის შედეგი რუკაზე განათავსა. ახლა უკვე საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე დატანილია დასახლებული პუნქტები, გზები, ქუჩები, შენობებიც კი. საქართველოში ამ საკითხზე განსაკუთრებით აქტიურად საჯარო რეესტრთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “Jumpstart Georgia” მუშაობდა. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გახდა შესაძლებელი საქართველოს რუკის შევსება. გარდა ამისა, Google Mapmaker-ის მეშვეობით რუკების დამუშავებაში მრავალმა მოხალისემ (მათ შორის, თქვენმა მონა-მორჩილმაც) მიიღო მონაწილეობა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო საკუთარი ”ნახელავის” ”ცოცხლად” ნახვა აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გეომონაცემების შევსება ნაწილ-ნაწილ მიმდინაროებდა. თავდაპირველად იგი Mapmaker-ში გამოჩნდა, დაახლოებით ორი კვირის წინ გზების შემჩნევა უკვე Google Earth-შიც იყო შესაძლებელი, დღეიდან კი Google Map-ითაც ხელმისაწვდომია.

რა თქმა უნდა, რუკა ხარვეზებისგან არ არის დაზღვეული, მაგალისთისთვის ქუთაისიც კმარა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძირითდი ქუჩა, სკოლა და ადმინისტრაციული შენობა ჩანს, დანარჩენი ტერიტორია კი ისევ ნაცრისფერია და შევსებას საჭიროებს. როგორც ჩანს, მონაცემების დადება ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს და სრულ რუკას რამდენიმე დღეში ვიხილავთ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სერვისს რამდენიმე ვებ-საიტი გვთავაზობს, მათ შორის – ОpenStreetMap და Mapspot.ge . უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი (რომელიც ასევე Jumpstart Georgia-ს პროდუქტს წარმოადგენს), საქართველოშია შექმნილი და მასზე საქართველოს გეომონაცემები დიდი სიზუსტით და სისრულითაა დატანილი.

ოქტომბერი 6, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, Datablog | , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მშვიდობით, იარაღო? – ბლოგი ”დრო მშვიდობისასთვის”

ჟურნალი ”Peace Times” იმიტომაც მომწონს, რომ აქ ძალიან ნიჭიერი და უბრალოდ, შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. ბევრი მათგანი ჩემი კარგი მეგობარია, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც თავიანთ ვებსაიტზე ბლოგერობა შემომთავაზეს.

კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი თქვენთან! 🙂

შვედური არასამთავრობო ორგანიზაციის, SIPRI-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯების რაოდენობამ ტრილიონნახევარ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ზრდა უმნიშვნელოა. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, რომლის ფონზეც მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა განაცხადეს და განახორციელეს თავდაცვის ხარჯების შეკვეცა. ამის მიუხედავად, სამხედრო ხარჯების მაჩვენებელი ნულების რაოდენობით თავბრუს ნებისმიერს დაახვევს…

დანარჩენი კი შეგიძლიათ, აქ წაიკითხოთ

აპრილი 11, 2011 Posted by | Datablog, Peace Times | , , , , , | დატოვე კომენტარი

ინფოგრაფიკა: მთლიანი შიდა პროდუქტი და ”ფორბსის” მილიარდერთა სია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გთავაზობთ კიდევ ერთ პოსტს ინფოგრაფიკის სერიიდან.  ჟურნალმა ”ფორბსმა”, რომელიც ტრადიციულად აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალს, ანალოგიური სია წელსაც წარუდგინა საზოგადოებას. მონაცემები დათვლილია მარტის თვის შედეგების მიხედვით. წელსაც პირველობას ლიბანური წარმოშობის მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუ არავის უთმობს, რომლის ქონების მთლიანი ღირებულება 74 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილის მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით ჩამორჩება სლიმის და მილიარდერთა დიდ ხუთეულში შემავალი ბილ გეითსის, უორენ ბაფეტის, ბერნარ არნოს და ლარი ელისონის ქონების ღირებულებას.

პირველი ხუთეულის ქონების ღირებულება უტოლდება ისეთი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის რაოდენობას, როგორებიცაა ლიბია (2010), ომანი, შრი-ლანკა, ურუგვაი და ლიბანი. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნების მშპ-ის ჯამი, რომელთათვის აღნიშნული მაჩვენებელი 9 მლრდ-ზე ნაკლებია, ”დიდი ოთხეულის” ქონების საერთო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.  საინტერესოა, რომ თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მარკ ცუკერბერგის ქონების ღირებულება ”ცოტათი” აღემატება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. მილიარდერთაგან ყველაზე ”ახლოს” ჩვენთან იტალიელი ბიზნესმენი, ”ლუქსოტიკას” მფლობელი ლეონარდო დელ ვეკიოა. ”ლუქსოტიკას” ჯგუფში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ”რეი-ბენი”, ”სანგლას-ჰათი” და ა.შ.

”ფორბსის” მილიარდერთა სიას ჩინელი ჩენგ იუ-ტუნგი ასრულებს, რომლის ქონების ღირებულება იმდენივეა, რამდენიც სომხეთის, პაპუა-ახალი გვინეის და ბურკინა-ფასოს მთლიანი შიდა პროდუქტი – 9 მლრდ. აშშ დოლარი

აპრილი 9, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , , , | 3 Comments

ინფოგრაფიკა: რამდენიმე ფაქტი საქართველოს მოსახლეობის შესახებ

ინფოგრაფიკის სერიით რიგით მეორე პოსტში წარმოგიდგენთ ჩემს მორიგ ნაცოდვილარს, რომელზეც ამჯერად საქართველოს მოსახლეობის შესახებ რამდენიმე მონაცემია დატანილი – ისევ ყოველგვარი ანალიზის გარეშე.

მარტი 1, 2011 Posted by | Datablog | , , , , , | დატოვე კომენტარი

ინფოგრაფიკა: პროტესტი არაბულ ქვეყნებში

ინფოგრაფიკა, ანუ ინფორმაციის ტექსტისა და გრაფიკული ხერხების მეშვეობით გადმოცემის ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. მრავალი ბეჭდური და განსაკუთრებით, ინტერნეტ-გამოცემა ამ მეთოდს წარმატებით იყენებს. მიზეზი მარტივია: ნახატისა და ტექსტის კომბინაციით ინფორმაცია უფრო კარგი აღსაქმელია.
ჩემი პირველი მოკრძალებული ცდა ბოლო პერიოდის მსოფლიოს ყველაზე გახმაურებულ ამბებს – არაბულ ქვეყნებში აგორებულ საპროტესტო მოძრაობას შეეხება. ინფორმაცია ”განსჯისთვისაა”, ამიტომ აქ ჯერჯერობით მის ანალიზს არ შევუდგები. მოხარული ვიქნები, თუკი თქვენს კომენტარებს, კრიტიკას და ა.შ. გამიზიარებთ 🙂

თებერვალი 21, 2011 Posted by | Datablog | , , , , , , | 6 Comments

   

%d bloggers like this: