დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ახალი აფრიკა

ამა წლის ცხრა ივლისს, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა; უფრო ადრე კი სუდანის სამმა სამხრეთმა რეგიონმა ორი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი გადაიტანა, რასაც მილიონნახევარი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევის შედეგად კონფლიქტი შეწყდა, სამხრეთი სუდანი გასული ათწლეულის შუაში ავტონომიად, ხოლო 2011 წლის თებერვალში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ცალკე სახელმწიფოდ იქცა.

ამ ახლადგამომცხვარ სახელმწიფოს სხვადასხვა ცნობით 8-დან 10 მილიონამდე მოსახლე ყავს, რომლის 85% სასოფლო არეალებში ცხოვრობს. ქვეყნის ფართობი 620 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც მსოფლიოს მასშტაბით 45-ე მაჩვენებელია. სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა ქვეყანის მასშტაბით ლინგვა-ფრანკას არაბული, კერძოდ მისი ადგილობრივი ვარიანტი ჯუბა წარმოადგენს. სამხრეთ სუდანში 200-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობს, მათ შორის დინკა, შილუკი, ნუერი, ალჩოლი და ა.შ.

დამოუკიდებლობის სიხარულს თან უამრავი პრობლემა ახლავს. სამხრეთ სუდანი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი და დაბალგანვითარებული ქვეყანაა, სადაც ოჯახების 78% მთლიანად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე ხოლო მოსახლეობის 90%-ზე მეტის დღიური შემოსავალი ერთ დოლარზე ნაკლებია.

ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს ხის მერქანი მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანი მეტროპოლიისგან განსხვავებით საკმაოდ მდიდარია წიაღისეული რესურსებით. სამოქალაქო ომამდე იგი სუდანის ნავთობის მოცულობის 85%-ს აწარმოებდა, თუმცა მრეწველობის ეს დარგი ამჟამად კრიზისს განიცდის; როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში (და ალბათ არამარტო ამ პერიოდში) ქვეყანას საერთაშორისო დახმარების იმედი უნდა უფრო ჰქონდეს, ვიდრე საკუთარი მეურნეობის წარმატებით ამუშავებისა.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი პოლიტიკური არასტაბილურობაა. მართალია, სუდანის პრეზიდენტმა უმარ ალ-ბაშირმა თავის სამხრეთელ კოლეგას სალვა კიირ მაიარდიტს თავად მიულოცა დამოუკიდებლობა, ყოფილ მეტროპოლიასთან ისევ მეტნაკლებად დაძაბული ურთიერთობები არსებობს რაც სახელმწიფო საზღვრების დადგენის, მოქალაქეობის, ვალების გაყოფასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ქვეყანაში არსებობს ათამდე შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ასევე იბრძვის ძალაუფლებისთვის.

როგორც ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, სამხრეთი სუდანი დასავლეთისთვის ერთგვარ საჩვენებელ პროექტად იქცა, რომლის განხორციელებაშიც თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავები (მაგალითად, ჯორჯ კლუნი), ასევე ცნობილი კორპორაციები. ცნობისთვის, ”გუგლმა” მსოფლიო ბანკთან ერთად წამოიწყო მსხვილი კამპანია ქვეყნის ტერიტორიის გეოგრაფიზაციისთვის. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი მოხალისის შრომის შედეგად სამხრეთ სუდანის დეტალური რუკები შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით ”გუგლის” რუკების სერვისზე განთავსდა. ლუოლ დენგი, ”ჩიკაგო ბულზის” კალათბურთელი და ტოპ-მოდელი ალეკ უეკი ქვეყნის ყველაზე ცნობადი სახეები არიან, რომელთაც ალბათ დაეკისრებათ თავიანთი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაზე მუშაობა. ალეკ უეკს ამ მხრივ გამოცდილებაც აქვს – იგი აქტიურად მონაწილეობდა სუდანელი დევნილების პრობლემების მოგვარებაში და ორგანიზაცია ”ექიმები საზღვრებს გარეშე” ელჩიც კი გახლდათ საკუთრ სამშობლოში.
Source: Voice of America
დედაქალაქი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ქალაქი ჯუბა აქამდეც ასრულებდა
ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას, ხოლო იგი ამიერიდან უკვე ოფიციალური დედაქალაქია. 250-ათასიან დასახლებულ პუნქტში თავმოყრილია როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული დანიშნულების შენობები. დღის წესრიგში არსებობს ქალაქის განაშენიანების რამდენიმე საკმაოდ მასშტაბური და თამამი გეგმა, რომელთა ამოსავალ წერტილსაც დასახლების სიმბოლურად რომელიმე აფრიკული ცხოველის ან ტროპიკული ხილისათვის დამგვანებაა (შორეული პარალელი ლუსიანუ კოშტასა და ოსკარ ნიმაიერთან). ამჟამად მიღებული გეგმის თანახმად, ქალაქი ჯუბა ნელ-ნელა უზარმაზარი მარტორქის სახეს მიიღებს. მსგავსი მიდგომით განხორციელდება სხვა ქალაქების რეკონსტრუქციაც – მაგალითად, ქალაქი ვაუ ჟირაფის ფორმის იქნება.

მსოფლიოს ყველაზე ახალი სახელმწიფო, სამხრეთ სუდანი ჯერ კიდევ ეიფორიაშია და დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა მისი მსოფლიო რუკაზე გაჩენა კითხვას ბადებს – რამდენად იქნება მისი არსებობა წარმატებული? სამწუხაროდ, აფრიკის ქვეყნების უდიდესი ნაწილის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა, ისევე როგორც დემოკრატია ამ კუთხისთვის უცხო ხილია. ამასთან, რამდენად იქნება ეს სიგნალი სხვა ავტონომიების თუ თვითაღიარებული ტერიტორიებისთვის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის? სამხრეთ სუდანი გარკვეულწილად გამონაკლისს წარმოადგენს, თუკი მის წარსულს გადავხედავთ – სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპული მილიონნახევარი ადამიანი დამოუკიდებლობის სისხლიანი, თუმცა მკაცრი დასაბუთებაა.

გეოგრაფიული მონაცემები აღებულია გაეროს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ვებსაიტიდან: http://www.unitar.org/unosat/sudan
ფოტოების წყარო: ”ვიკიპედია”, ”ამერიკის ხმა”
მონაცემების წყარო: სამხრეთ სუდანის სტატისტიკის სამსახური: http://ssccse.org/southern-sudan-fast-facts/
”ბი-ბი-სი”
Advertisements

ივლისი 9, 2011 - Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , ,

3 Comments »

  1. რა უხარიათ, ბლიად! 🙂

    მშვენიერი პოსტია, გავერთე კარგად.

    კომენტარი by Freddie Krueger | ივლისი 10, 2011 | პასუხი

  2. გამარჯობა, სად შეიძლება რომ მოგწეროთ? რაღაც მაინტერესებს ამ ტემაზე.

    კომენტარი by Sophio Tskrialashvili | ივნისი 6, 2013 | პასუხი

    • გამარჯობა, სოფიო, ფეისბუქის გვერდზე 🙂 ლინკი ზევითაა მითითებული

      კომენტარი by დიდი ზღვაოსანი | ივნისი 11, 2013 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: