დიდი ზღვაოსნის ბლოგი

პასუხის პასუხი

ჩემი ბლოგის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ორი დღის განმავლობაში ზედიზედ პოსტი დამეწეროს. დღევანდელი შემთხვევა კი განსაკუთრებულია და ჩემს გუშინდელ ნაწერს უკავშირდება. მიხარია, რომ წამოწეულმა თემამ გარკვეული ინტერესი გამოიწვია და დაინტერესებული ადამიანები გაეცვნენ კიდეც. გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო – ზოგი დადებითად განეწყო პოსტის შინაარსისადმი, ზოგიც – უარყოფითად.

თუმცა ”ფეისბუქის” ერთ-ერთი იუზერის მიერ ჩემს საპასუხოდ გამოქვეყებულმა ჩანაწერმა აშკარად მიბიძგა, შედარებით ნათელი მომეფინა საკუთარ პოსტში ჩამოყალიბებული იდეებისადმი.

ნუ დაიზარებთ და აუცილებლად გაეცანით ამ ჩანაწერს:

თავად ჩანაწერის სათაური უკვე წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მიმართულებით იქნება მასში აზრი განვითრებული. ჩემს ბლოგპოსტი მიზნად არ ისახავდა, რაიმე მეცნიერული თეორია შეეთავაზებინა მკითხველისთვის ან თეორია ჩამოეყალიბებინა. უბრალოდ, მე მოვახდინე ერთ-ერთი კვლევის შედეგების ვიზუალურად გადმოცემა და მცირეოდენი კომენტარი დავურთე.

უმთავრესი კი ისაა, რომ საერთოდ უკუღმაა გაგებული სტატიის შინაარსი. კერძოდ, ავტორი გვიმტკიცებს, რომ პოსტის აზრი იყო ჩვენი ”საშინელი” ჩვეულებების გამოაშკარავება, ჩვენი ჩამორჩენილობისა და ველურობის ჩვენება. ნახსენები იყო ლიბერალიზმი (რომელიც ჩვენთან ბოლო დროს სალანძღავ სიტყვად იქცა) და სხვა მრავალი მოსაზრება იყო მოტანილი. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ადამიანები სტრიქონებს შორის ისეთი რამის ამოკითხვა, რაც სტატიის ავტორს თავშიც კი არ გაუვლია. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია სიბრძნის ფრქვევაზე, თუმცა ბატონი ივანეს დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უაზრო პოლემიკის სახეს არ მიიღებს.

მეორე შენიშვნა ეხებოდა ბლოგზე განთავსებული დიაგრამების წყაროს. სამწუხაროდ, ალბათ საკმარისი არ არის ტექსტში ბმულის მითითება იმ პოსტისკენ, სადაც დაწვრილებით მქონდა საუბარი მსოფლიო ღირებულებათა კვლევის ინიციატივის შესახებ. იქვე მსურველი იხილავდა ბმულს ”ვიკიპედიის” შესაბამისი სტატიისკენ და ამასთან, თავად ინიციატივის ვებ-გვერდისაკენ. მოდით, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ ორგანიზაციის და მის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. მსოფლიო ღირებულებათა კვლევა წარმოადგენს ტილბურგის უნივერსიტეტის პროექტს, რომელიც სათავეს 1981 წლიდან იღებს. პროფესიონალ სოციალურ მეცნიერთა გუნდი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ატარებს გამოკითხვებს, რომლის მიხედვითაც მუშავდება მონაცემები და ხდება მათი გამოქვეყნება. 20 ენაზე გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიო ღირებულებების კვლევის მონაცემებს ეყრდნობა და ხშირადაა ციტირებული. უფრო მეტი ამ ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ, აქ წაიკითხოთ. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ კვლევას. იგი 2009 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარეობდა. გამოიკითხა 1500-ზე მეტი რესპონდენტი. 5-საფეხურიანი შემთხვევითი კლასტერული შერჩევა იმგვარად იყო ჩატარებული, რომ კვლევა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი ყოფილიყო. დაწვრილებით კვლევის დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ . მგონია, რომ ამის შემდეგ მოტანილი მონაცემების ”სისულელედ” და ”თითიდან გამოწოვილად” მიჩნევა ცოტა ზედაპირული შეფასებაა. მაგრამ საქართველოში კარგა ხანია, მეტად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა სოციალური კვლევებისადმი, კერძოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისადმი. ბატონი ივანეც, როგორც ჩანს, ამ სკეპტიკოსთა რიგებს განეკუთვნება. მაგრამ იმედია, მომიტევებთ თქვენი სკეპტიციზმის გაქარწყლების მცდელობას. ჩვენს მიერ მოტანილი კვლევა ეფუძნება მეცნიერულ მეთოდებს და არა სამეზობლოს, სანაცნობოს და სამეგობროს წევრების აზრის გამოკითხვას. ამით კვლევის შედეგების ვალიდურობის საკითხი ამოვწუროთ.

რაც შეეხება შინაარსობრივი მხარეს – არ შეიძლება ყოველთვის სტრიქონებს შორის ვიკითხოთ და ისე გამოვიტანოთ ნაწერიდან აზრი. ჩანაწერში ფართოდაა განხილული, თუ რატომ არ სურს ავტორს სექსუალური უმცირესობების, ლოთების და ნარკომანები მეზობლად. მაგრამ პირადად კითხვისას მე საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი და ჩემი პოსტი რამდენჯერმე გადავიკითხე ჩამოთვლილი ადამიანების ქება-დიდების საძებნელად, რაც რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვე. ბატონი ივანე აღნიშნავს, რომ იგი ”დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრობს და მზადაა, აიტანოს ნებისმიერი ასეთ ადამიანი, თუმცა მას აქვს უფლება არ მოწონდეს მათი ცხოვრების წესი და ამას ვერავინ აუკრძალავს”. სადმე იყო მსგავსი ცხოვრების წესის პროპაგანდა ჩემს სტატიაში? მგონი, არსად.

რაც შეეხება მსჯელობას პოლიტიკოსების რელიგიურობის შესახებ – ჩემი პოსტის ამ ნაწილში მხოლოდ ფაქტის აღწერა იყო. ხაზს ვუსვამ, მე არსად დამიფიქსირებია, რომ ეს ცუდია ან კარგია, მაგრამ ბატონმა ივანემ ამ რამდენიმე წინადადებაში ცინიზმის მარცვლები შენიშნა და ენაწყლიანად ისაუბრა კიდეც დემოკრატიის საფუძვლების შესახებ.

კიდევ ერთი რამ: დისკუსია სოციალურ მედიაში, ფორუმებზე, სამეგობროში (sic! ის, რაშიც ბრალს მდებდნენ) წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის აზრის გამოხატვას, შესაბამისად – სოციალური ქსელების, ფორუმების მომხმარებლებისა და ჩვენი სამეგობროს წევრებისა. მეცნიერული თვალსაზრისით (არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც ვერ ავუარე გვერდი), მსგავსი იდეების განზოგადება მთელი საზოგადოების მასშტაბით შეუძლებელია და ვერანაირად იქნება საქართველოს მოსახლეობის აზრის გამომხატველი. აი, აქ ისევ შემოთავაზებულ მოჯადოებულ წრეში ვბრუნდებით.

ჩემი ბლოგ-პოსტი ნაკლებად იყო შეფასებითი ხასიათის. მე მხოლოდ ფაქტების დაფიქსირება და მცირეოდენი ანალიზის გაკეთება მსურდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ამ მოკლე ტექსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მექოთნისა და ქოთნის ყურის არ იყოს, გამგებმა სწორედ ის გაიგო, რაც სურდა, თუმცა უპრიანი იქნებოდა, ავტორის აზრი უფრო ყურადღებით ყოფილიყო აღქმული და კომენტარიც შესაბამისად ყოფილიყო გაგებული.

დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ნაკლოვანებები. ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით ისევ არ შეგვიძლია განსხვავებული (არ აქვს მნიშვნელობა, როგორი) ადამიანების ატანა და ჩვენს თავს დატრიალებული ბევრი პრობლემა სწორედ ამგვარი მიდგომის ბრალია. შეუძლებელია, საზოგადოება იყოს ერთფეროვანი და მასში არსებობის უფლება ჰომოსექსუალსაც აქვს, სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელს და აივ ინფიცირებულსაც. ჩვენ უნდა ვაშენოთ არა სიძულვილზე და დათრგუნვაზე, არამედ ურთიერთანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული საზოგადოება.

Advertisements

თებერვალი 11, 2011 - Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , ,

3 Comments »

  1. მშვენიერი პოსტია ზღვაოსანო :)) თუმცა ახლა ქორწილიდან ვარ დაბრუნებული და ადეკვატური კორექტულობით პასუხის გასაცემად ბახუსი არ მიწყობს ხელს 🙂 ამიტომ ცოტა მოგვიანებით გიპასუხებ.

    კომენტარი by ივანე კოპაძე | თებერვალი 12, 2011 | პასუხი

  2. როგორციქნა მოვიცალე პასუხის პასუხის პასუხისთვის.

    პირველ რიგში მინდა გულწრფელად გამოვხატო,რომ მართლაც მომეწონა პოსტი.მასში კარგად იყო შერწყმული კორექტულობა, აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბება, და ყველა კარგი რამ რითაც კი შეიძლება პოსტი შეფასდეს.იმასაც აღვნიშნავ, რომ არც ჩემი და ვგონებ არც ზღვაოსანის მიზნები რაიმე სახით კონფრონტაციას არ ემსახურება.

    თუმცა ერთადერთი რაც მგონი გაუგებრობას იწვევს ეს ჩემი შედარებით სუსტად მინიშნებული სიტყვებია. სანამ ჩემს სუსტად ნათქვამ მინიშნებებს ვიტყოდე მანამდე იმას შევნიშნავ, რომ პატივცემულო ავტორო კომენტარები აშკარად არ წაგიკითხავთ, რადგან აღნიშნული მქონდა, რომ ზღვაოსანის პოსტი მხოლოდ და მხოლოდ მაგლითად არის მოყვანილი ამ ბოლო დროს გავრცელებული ქართველების უსაფუძვლო გაკილვისთვის, ზღვაოსანის პოსტში კი ამ გაკილვის პერიფრაზირებები იყო მოყვანილი. ანუ რა გამოდის? ზღვაოსანმა მოიყვანა ის ფაქტები რაც ამ ეგზომ (ჩემი შეფასებით) სულელურმა კვლევით ცენტრმა დადო საქართველოს შესახებ. შესაბამისად გამოდის, რომ ჩემი შეფასებები და კრიტიკა უფრო მეტად ამ კვლევით ცენტრს შეეხებოდა ვიდრე უშუალოდ პოსტის ავტორ დავითს.

    ერთ რამეში მართალი ხართ, მე მართლაც მივეკუთვნები საზოგადოების იმ ჯგუფს რომელიც როგორც წესი ამ და სხვა მსგავს სოციალურ გამოკითხვებს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. პატივცემული ჩერჩილი ჯერ კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ამბობდა: სტატისტიკა ჰგავს მთვრალს განათების ბოძთან, რომელსაც მთვრალი მისაყუდებლად იყენებს და არა გასანათებლად. ვწუხვარ, მაგრამ ის, რომ ღირებულებათა კველევის ეს პროექტი 1981 წლიდან არსებობს, 400 – ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული და ეს ნაშრომები 20 ენაზეა გამოქვეყნებული ჩემთვის ნიშნავს რომ ამ კვლევით ცენტრს ურალოდ ბევრი ფული და კარგი დამფინანსებლები ჰყავს, თქვენთვის კი ეს კვლევათა ავტორიტეტულობაზე მიუთითებს. რას ვიზამთ, ამ შემთხვევაში შეხედულებათა ბაზისებში გვაქვს სხვაობა და ინტელექტუალურ თამაშების მოთამაშემ და სხვა საშუალო სტატისტიკურ საშუალო ნიშნით შეფასებულ სტუდენტზე უკეთ გეცოდინებათ რომ როცა შეხედულებათა (ან თუნდაც იდეოლოგიურ) ბაზისებშია სხვაობა კამათს შედეგი არ მოყვება.
    თქვენ მუდამ იტყვით, რომ 5 საფეხურიანი შემთხვევით კლასტერული მეთოდით 1500 – ზე მეტი რესპოდენტის შერჩევა რეალური სურათის მაჩვენებელია, მე კი ამ დროს ყოველთვის ვიტყვი რომ როცა წერია 1500 – ზე მეტი რესპოდენტი ეს უკვე ჩემთვის მარაზმის მიმანიშნებელია, რადგან თუკი მეუბნებიან ბუნდოვან რიცხვს „1500 – ზე მეტი“ უკვე ვვარაუდობ, რომ ეს ბუნდოვანი რიცხვი შეიძლება მოცემულზე მეტი ან ნაკლები იყოს.

    რაც შეეხება იმას, რომ თქვენ არ მიგინიშნებიათ ჩემს პოსტში გაშუქებულ ცხოვრების წესის პროპაგანდაზე ისევ ვიტყვი, რომ ხსენებულ ცხოვრების წესის პროპაგანდას თქვენ არ ეწევით, თუმცა არაერთი არაფრის მაქნისი არასამთავრობოები, რომ მსგავსს აკეთებენ ეს ალბათ კარგად მოგეხსენებათ, მგონი ისიც კარგად მოგეხსენებათ რომ ამ კვლევის შემდეგ ბევრ გრანტიჭამია უმაქნის NGO-ს საშუალება გაუჩნდა მოეზიდა ხინკალივით საჭმელი გრანტები იმის გამოსასწორებლად თუ რატომ არ უნდა არაერთ ჩემნაირ ქართველ კაცს ჰომოსექსუალის მეზობლად ცხოვრება.

    ნაწილობრივ გეთანხმები იმაში, რომ სოციალურ მედიაში აქტიურობა და დიდი ნაცნობ მეგობრობა არ ნიშნავს, ორმ ინფორმაციული გიგანტი ხარ, თმცა ალბათ თქვენც მიხვდით რომ ეს მოყვანილი მოსაზრება უფრო მეტად ჩემი პოსტის ემოციური მხარის გაზრდას ემსახურებოდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც წესი როცა რაიმე სერიოზული გმაოკითხვები ტარდება როგორც წესი ეს ფორუმებზე და სოციალურ მედიაშ აქტიურად განიხილება ხოლმე, ამიტომ მაქვს გარკვეული საფუძველი ამის შესახებ მეთქვა.

    წინამდებარე პოსტის ბოლო აბზაცში ერთ უცნაურობას უსვამთ ხაზს, რომ თქვენ გჯერათ რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს ნაკლოვანებები და ამ ნაკლოვანებებს აკავშირებთ იმასთან, რომ საზოგადოებას უჭირს აიტანოს განსხვავებული და რომ არსებობის უფლება ჰომოსექსუალსაც აქვს. კი ბატონო, გეთანხმებით იმაში, რომ ნაკლოვანებები ისევე როგორც ყველა სხვა ერებს ქართველებსაც აქვთ, თუმცა ჩემი ნოუთ სხვა არაფერი იყო თუ არა იმის ახსნა რომ ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს განსხვავებულები, მაგრამ ჩვენ ვიტანთ მათ. ეს კი ჩემი შეხედულებით დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ოქროს შუალედია – არ მოგწონს მაგრამ იტან, ანუ აძლევთ ერთმანეთს მშვიდობიან თანაცხოვრების საშუალებას.

    გაუგებარია რატომ მიგაჩნიათ, რომ განსხვავებულებს ვერ ვიტანთ. იქნებ კითხვის გასაღები ისაა, რომ ვთქვათ მმკ-ს რამდენიმე ასეულ წევრზე შეხედულებას მთელ ქართულ საზოგადოებაზე მსჯელობის განზოგადებისთვის იყენებთ? თუ ასეა მაშინ თქვენივე შეხედულებას ეწინააღმდეგებით, რომ ვიწრო შეხედულებით ჩამოყალიბებული აზრი ფართოდ არ უნდა განაზოგადო. მე მჯერა რომ მმკ-ს მსგავს წარმონაქმნებს თუ არ ჩავთვლით ჩვენი საზოგადოება სწორედაც რომ იტანს განსხვავებულებს, ანუ აძლევს მათ თანაცხოვრების საშუალებას. ჰომოსექსუალს აქვს არსებობის უფლება მათ შორის ჩემს მეზობლად, (მიუხედავად იმისა, რომ არაფრის მომტან გამოკითხვაში მზად ვარ დავადასტურო რომ არ მომწონს ეს) თუმცა მისთვის არავის მიუცია უფლება თავს მომახვიოს თავისი აზრი, მე არ ვაპირებ მისგან პროზელიტიზმი ავიტანო.

    კომენტარი by ივანე კოპაძე | თებერვალი 15, 2011 | პასუხი

    • ივანე ბატონო, მოდი, ნება მომეცით, ერთ რამეში კატეგორიულად არ დაგეთანხმოთ არც თქვენ და არც ჩერჩილს: სტატისტიკა არ არის თითიდან გამოწოვილი მეცნიერება, იგი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ მათემატიკურ თეორიებს. შერჩევის რეპრეზენტატულობა და კვლევასთან დაკავშირებული სხვა დეტალებიც ასევე მეცნიერულადაა დამუშავებული და ასჯერ გაზომილი. ის, რაც თქვენთვის მარაზმია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვალიდური არაა. 🙂

      კომენტარი by fmagellan | თებერვალი 18, 2011 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: