დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ქართული პოლიტიკური არქიტექტურა

შენობები და საქალაქო ლანდშაფტები ხშირად ასახავენ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მათი აგების პერიოდში სუფევს. ხშირ შემთხვევაში (ეს განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებისთვის აგებულ შენობებს ეხებათ) მათი დამპროექტებლები ცდილობენ, სპეციალურად ჩადონ გარკვეული ტიპის გზავნილი ან სიმბოლოები, რომელიც მათ (ან დამკვეთის) პოლიტიკურ იდეებზე თუ განწყობაზე მიუთითებს. დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების შენობებიც ძველია, ამგვარი სიმბოლოების ამოკითხვა ცოტა რთულია.

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში

როდესაც პოლიტიკურ არქიტექტურაზე საუბრობენ, მის ”ლაბორატორიად” და საგამოფენო დარბაზად ქალაქ ბრაზილიას მიიჩნევენ. მართლაც, ლუსიუ კოშტას და ოსკარ ნიმაიერის ”პირმშო” ჩაფიქრებული იყო ბრაზილიური პოლიტიკური სისტემის ხატად – ამ იდეას ყველაზე კარგად ქალაქის ცენტრალური მოედანი პრასა-დუშ-ტრეშ-პოდერეში (სამი ხელისუფლების მოედანი) ასახავს.
აქ განლაგებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს, ეროვნული კონგრესის და პლანალტუს სასახლის (მთავრობის შტაბ-ბინა) შენობები, რომლებიც ისე ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, როგორი ურთიერთობებიც სასურველი იქნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებულ მსგავს სტრუქტურებს შორის. ეროვნული კონგრესის შენობა კი ქვეყნის ფედერალიზმის კარგი განსახიერებაა – ორპალატიანი პარლამენტის შენობა ორი თითქმის იდენტური ნაწილისგან შედგება. ნახევრადსფერული გუმბათების ქვეშ ქვეყნის სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა კარგა ხნის მანძილზე კომუნიზმის იდეალების ტყვე იყო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებები საბჭოთა ნაგებობებში იყო განთავსებული. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიდ და ზოგჯერ არასაჭირო ყურადღებას უთმობს სიმბოლოებს, არახალია. ახლადაგებული სახელმწიფო დაწესებულებები კი ნამდვილად არიან გარკვეული გზავნილების მატარებლები, რომელთა წაკითხვასაც დიდი დაკვირვება არ ჭირდება.

პარლამენტი ქუთაისში

პარლამენტი ქუთაისში

ქვეყნის მთავარ მიღწევად ამჟამად კორუფციის დამარცხება და სახელმწიფო სისტემებში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა ითვლება. ამის დასადასტურებლად ახლადაგებული პოლიციის შენობებიც კმარა, სადაც ნებისმიერ ცნობისმოყვარეს შეუძლია, საათობით დააკვირდეს, თუ რითი არიან სამართალდამცავები დაკავებულები და ზოგადად, ალბათ ამ მიზეზის გამო მინა პოსტრევოლუციური ქართული არქიტექტურის უმთავრეს ატრიბუტად იქცა.
გარდა მასობრივი მოხმარების საჯარო დაწესებულებებისა, რეკონსტრუქცია და და ხშირ შემთხვევაში, ახალსახლობა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო სტრუქტურას შეეხო. პირველი ამ მხრივ პრეზიდენტის სასახლეა. ჩემს ძველ პოსტში მოცემული იყო მსგავსება სხვა სამთავრობო შენობებთან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, კაპიტოლეუმის შენობის მინაბაძებს წარმოადგენენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, რომში არსებული იუპიტერის ტაძრის ანალოგიით იქნა აგებული.
მიკელე დე ლუკის პროექტით აშენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ”გამჭვირვალე” ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთი სიმბოლოა, რომლითაც როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრიც ძალიან ამაყობენ. შენობა მართლაც ორიგინალურია და როგორც ამბობენ, ინტერიერიც ძალიან საინტერესო ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს რეკონსტრუირებული შენობაც შემინულია და ასევე ორიგინალური დიზაინი გააჩნია.
ესპანური კომპანია CMD Ingenieros-ი ამჟამად საქართველოსთან დაკავშირებულ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობს. პირველი მათგანი ქუთაისში პარლამენტის, ხოლო მეორე კი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ჩიტაძის ქუჩიდან ამ უწყების ემიგრაციის შესახებ ამბავი არ გავრცელებულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შენობები ორგინალობით ნამდვილად გამოირჩევიან, ამასთან, აღნიშნული კომპანია პარალელურად საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებსაც ახორციელებს – ბათუმის ოპერის შენობა, ბულვარის რეკონსტრუქცია ბათუმში და ახლის მშენებლობა ანაკლიაში და ა.შ.
პარლამენტის შენობა, რომელიც გარკვეულწილად ზამთრის ბაღის პრინციპს იმეორებს, დიდ გამჭვირვალე წვეთს თუ გულს წააგავს. მინის გუმბათის ქვეშ 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული იქნება სხდომათა დარბაზი, ოფისები, საკონფერენციო ოთახები, მცირე ზომის ბაღიც კი. შენობა გარშემორტყმულია ე.წ. მილენიუმის პარკით, რომელიც როგორც CMD Ingenieros-ის ვებსაიტზე წერია, ქუთაისის მწვანე ფილტვები უნდა გახდეს. შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინში დიდი როლი უჭირავს წყალს – თავად შენობა ხელოვნურ ტბაში იქნება განლაგებული, ხოლო ნაკადული კი პარლამენტის პარკში გაედინება. საინტერესოა, რომ პროექტის ავტორები ორი იაპონელი მამორუ და კეინიჩი კავაგუჩია, ხოლო იაპონელი სტუდენტები პროექტის დამუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იგი ორი დამოუკიდებელი პერპენდიკულარული შენობისგან შედგება. პირველი ავტოსტრადის პირასაა განლაგებული, მეორე კი – ოფისებით კომპოზიციის სიღრმეშია განლაგებული. გამჭვირვალე მასალა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან თუკი პროექტს დავუჯერებთ, შენობის ფასადი შემინული იქნება და ცნობისმოყვარეთა ყურადღებას ნამდვილად დააკმაყოფილებს. თუკი ქუთაისის შემთხვევაში პარლამენტის მდებარეობის ადგილი ნამდვილად ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მხოლოდ მსჯელობა გვიწევს. სურათების მიხედვით იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მხარეს უნდა იყოს განლაგებული. თუკი ასეა, მაშინ ამ უბანში გვექნება როგორც

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

თანამედროვე, ასევე ტრადიციული თბილისური არქიტექტურის ნიმუშები. თუ რამდენად უხდებიან ერთმანეთს, ეს ალბათ გემოვნების საკითხია, მთავარი ის არის, რომ დედაქალაქში სამთავრობო შენობების კონცენტრაციის ორი მთავარი არეალი იკვეთება – ორთაჭალა (პროკურატურა, იუსტიციის, შს და გარემოს დაცვის სამინისტროები) და ავლაბარი (საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის რეზიდენცია). ამგვარად, თბილისის ორ უძველეს ისტორიულ უბანს აღორძინების და რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა.

გამჭვირვალე მასალა და ულტრათანამედროვე დიზაინი თანამედროვე ქართული პოლიტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ხელისუფლებამ ხმამაღლა გამოცხადებული ორი მთავარი სლოგანი – გამჭვირვალეობა და მოდერნიზაცია ახლადაგებულ სამთავრობო შენობებშიც გამოიხატება.

This slideshow requires JavaScript.

 

ფოტოები ჩამოტვირთულია ”ვიკიპედიიდან” და CDM Ingenieros -ის ვებ-საიტიდან. ყველა ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ
Advertisements

დეკემბერი 16, 2010 - Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , , , ,

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: