დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ლურჯ-ყვითელი არჩევანი

არჩევნები მეტნაკლებად დემოკრატიული ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თავად არჩევნების მიმდინარეობაზე კი უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას – ქვეყნის ეკონომიკა, მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები. უკრაინა ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ქვეყანაში 2004 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შედეგების რეგიონული განსხვავება თვალსაჩინოა. 2004 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ქვეყანა თითქოს გაიყვეს – ისტორიული მარჯვენა ნაპირის უკრაინამ იუშჩენკოს დაუჭირა მხარი, ხოლო რუსულ- და სურჟიკენოვანი (სურჟიკი – უკრაინული და რუსული ენის ნარევი, რომელიც ე.წ. ბუფერულ რეგიონებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული) მარცხენა ნაპირის უკრაინა კი იანუკოვიჩის ერთგული დარჩა.

ხვალ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა (როგორც თავად უკრაინელები ამბობენ) თავის პრეზიდენტს ირჩევს. სავარაუდოდ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით ლიდერობს და მისი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. თუმცა იმას ნამდვილად ვერ გავექცევით, რომ მიმდინარე და უკრაინის საერთოდ ყველა კონკურენტუნარიან არჩევნებზე გავლენას ეთნიკური და ენობრივი თავისებურებები ახდენს. გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იუშენკოს ბლოკმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ დასავლეთ ოლქებში მიაღწია, სადაც სწორედ უკრაინულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ვიქტორ იანუკოვიჩი კი პოპულარული ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სადაც როგორც ყველასთვის ცნობილია, უკრაინულენოვანი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა შედარებით მცირეა.

საინტერესოა, რამდენად გამოვლინდება ზემოთგანხილული ტენდენცია ხვალინდელ არჩევნებში. გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მაღალი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელსაც გარანტირებული აქვს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ამომრჩეველთა ხმები. ამ რეგიონში სხვა კანდიდატებს შედარებით ნაკლები შანსები აქვთ, ამასთან უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება – რაც უფრო ეთნიკურად ერთგაროვანია ოლქი, მით უფრო ნაკლებპლურალისტური იყო ამომრჩევლის ქცევა. ამ შემთხვევაში სულაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ეთნიკური თუ ენობრივი ჯგუფია დომინანტი ამ რეგიონში.

ისმის კითხვა, რა იქნება ამ არჩევნებზე? ახლა ხომ გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მასში მონაწილეობას “ნარინჯისფერი კოალიციის” რამდენიმე აქტიური წევრი იღებს. ამჟამად პრეზიდენტ იუშენკოს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და იანუკოვიჩის მთავარ კონკურენტს “ნარინჯისფერი პრინცესა” იულია ტიმოშენკო წარმოადგენს, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად მას “რეგიონების პარტიის” ლიდერთან შედარებით ელექტორატის ნაკლები რაოდენობა უჭერს მხარს. ამასთან არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – ე.წ. დასავლეთის ელექტორატი რამდენიმე კანდიდატს შორის მერყეობს, რომლებიც ეთნიკურ უკრაინელებს წარმოადგენენ და ამის აფიშირებას ახდენენ კიდეც. თუმცა, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა და ყველაფერი იქ გადაწყდება.

თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, თუ რატომ არის უკრაინის ამომრჩეველი ასე დიფერენცირებული და მომავალში რა პრობლემას წარმოქმნის აღნიშნული ფაქტი. არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, ლეგალურად გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც დემოკრატიულ პირობებში ყოველთვის აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დამარცხებული გერმანელი ხალხი სავსე იყო შურისძიების წყურვილით, ხოლო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს, მოიგეს რა არჩევნები სრულიად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. უკრაინის არჩევნები კი კიდევ ერთხელ ასახავს, თუ რა განსხვავებულად აღიქვამს მოვლენებს ქვეყნის მოსახლეობა თან ეს სხვაობა ტერიტორიული კონცენტრაციით გამოირჩევა. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამგვარმა სხვაობამ? საკმაოდ საშიში ტენდენციაა – პირდაპირ რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ქვეყანა აუცილებლად გასაყოფადაა განწირული, თუმცა მისი ერთ ერად ჩამოყალიბება ძალიან რთული საქმეა. უფრო მეტიც, შეიძლება განვაცხადოთ, რომ უკრაინელი ერი, როგორც პოლიტიკური ერთობა, არ არსებობს, ქვეყანაში არის ორი დომინანტი ეთნოსი, რომელიც განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და როდესაც შანსი ეძლევა, ამ სხვაობის ღია გამოვლენას არ ერიდება.

უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებული არ არის და იგი მაგალითად ჩვენთვისაც გამოდგება. სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული ტენდენცია ზოგჯერ ვლინდება ხოლმე, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ქართველი ერი ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ბევრი მტკიცებისა, რომ უძველესი ერი ვართ, ჩვენი თანამდეროვე პოლიტიკური ერთობისთვის სახის მიცემა სწორედ ახლა მიმდინარეობს და უნდა ვეცადოთ, რომ იგი სათანადო გზით წარიმართოს. თუკი ასე არ მოხდება, გათიშულობის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში და თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამჟამინდელი პერიოდი წარუმატებლობის კიდევ ერთ განსახიერებად იქცეს.

Advertisements

იანვარი 16, 2010 - Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , , , , ,

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: