დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ხალხოსნობა ქართული ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა 2

ხალხოსნობა – ხალხში გასვლა ფრიად შვენის ხოლმე მთავრობას, მაგრამ ისეთი, როგორის მოწმეც ამ შაბათს შევიქენით, ალბათ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე იშვიათად მოიძიებს კაცი. შაბათს, დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას. რა არის ამ ყველაფერში ცუდი – იკითხავს კაცი, მთავრობა ხალხთან ახლოსაა, პირზეღიმილიანი მინისტრები და მოადგილეები ესაუბრებიან უბრალო გამვლელებს და მათ კითხვებს სცემენ პასუხს. რუსთაველზე ამაყად იწონებს თავს ერთ ღამეში აწყობილი საველე ჰოსპიტალი, დევნილებისთვის განკუთვნილი კოტეჯის მოდელი, თავდაცვის სამინისტროს ”ჰამერები” და ”ეჟდერები”, კრიმინალისტების აღჭურვილობა, მაღალი ძაბვის გადამცემების მოდელები და ათასი სხვა მეტად საინტერესო საგანი.

მოვლენა უმალ იქცა ქართული ტელესივრცის უმთავრეს ახალ ამბად, რომელმაც გადაფარა ყველაფერი – ოსი ბოევიკების მიერ გატაცებული მეტყევეების და გირგვლიანის მკვლელებით დაწყებული ფილიპინებსა და მაკედონიაში ჩაძირული გემების ამბებით დამთავრებული. ყველა საინფორმაციო გადაცემის პირველი, სულ ცოტა 20-წუთიანი ბლოკი სახალხო ანგარიშს დაეთმო…

თავად გამოფენა მეტად სასეირო იყო, ოღონდ უცხო თვალს რატომღაც პირველი მაინც იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების მასალების სიმრავლე ეცემოდა, რომელსაც შესაბამისად გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები ახლდნენ თან. როგორც მასმედიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადრე დილით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სახალხო ანგარიშის მოსამზადებლად. უნებურად კაცი მაინც ახალი მინისტრის გულმოდგინებაზე იფიქრებს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა, რათა მისი ხელქვეითების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სანახაობა შთამბეჭდავი ყოფილიყო. ისე, ამ ყველაფერს ერთი პატარა პარადი და მთავარსარდლის საპროგრამო სიტყვაც არ აწყენდა.

ქვეყნის ყველაზე ალბათ ყველაზე სტაჟიანი მოქმედი მინისტრის უწყებამ ტრადიციულად თავი არ შეირცხვინა და მოსახლეობას კრიმინალისტების საქმიანობა დაწვრილებით გააცნო. წარმოდგენილი იყო როგორც მათი სამუშაო იარაღები, ასევე იმპროვიზებული დანაშაულის ადგილი, სადაც  კრიმინალისტები კამერების წინ ”სი-ეს-აის” მსახიობებზე არანაკლები გულმოდგინებით და ნიჭით თამაშობდნენ. აქვე იყო პოლიციელებთან სროლაში გაჯიბრების მსურველთათვის. ხალხში გამოვიდა თავად მინისტრიც. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიღწევა მაინც გამჭვირვალე პოლიციის შენობები და ის ფაქტია, რომ პოლიცია ამჟამად უფრო უსაფრთხო და პროფესიული პოლიციაა (სტილი მიახლოებით დაცულია). გამზირზე ასევე ჩანდნენ ცხენოსანი სამართალდამცავებიც.

არც სხვა სამინისტროები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. დევნილების კოტეჯის მოდელიდან გამოსული მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო 56 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი და სულაც არ ჰგავდა საქათმეს, როგორც მისი ენამწარე ოპონენტები აღნიშნავენ ხოლმე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოფინა აშშ-სთან დადებული ყბადაღებული ქარტია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ენერგეტიკის სამინისტრომ – ანძები, რომლებშიც დენი არ გადიოდა, განათლების სამინისტრომ – წარჩინებული მოსწავლეები და ა.შ.Gamofena

ანტურაჟი, როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო – ბევრი ლამაზი და ახალი ნივთი, კარგად ჩაცმული და კუნთიანი სამხედრო, ჭკვიანი ბავშვები, ბევრი გაკეთებული საქმე, კიდევ უფრო მეტი ტელეკამერა და ჟურნალისტი – კიდევ ერთი სანახაობა, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, საქართველოს რეგიონებშიც ექნება გაგრძელება.

მართალია, მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ზოგჯერ უცნაურ და უეცარ ნაბიჯებს დგამს ხოლმე, მაგრამ დიალოგის ამგვარი ფორმა საკმაოდ მოულოდნელი იყო. თან აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება რატომღაც წინა ღამით გადაწყვიტა. ხმა დაირხა, რომ ამ მოვლენას პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ძალოვანი სექტორის როლის განსაკუთრებით ხაზგასმა ტელევიზიების მიერ (საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაეთმო და ხშირად აჩვენედნენ ჩვენი შეიარაღებით აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარებს), რაც არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობებს აღძრავს.

რა საჭირო იყო მთავრობის მიღწევების ამგვარი არაჩვეულებრივი გამოფენა? პასუხი მარტივია – წინასაარჩევნო ციებცხელება დაიწყო. მთავრობის ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარების წინამორბედად შეიძლება ე.წ. სახალხო დიალოგი მივიჩნიოთ, რომელიც ზაფხულის თვეებში აქტიურად იყო გაშლილი, დედაქალაქში ოპოზიციური ვნებათაღელვების ჩახცრომის შემდეგ. საინტერესო ნაბიჯია – ხალხს პოლიტიკოსების სახეების ხილვას შეჯავშნული ”ჰამერის” თუ ტირის ნახვა ურჩევნია. თან გამოფენაზე თითქმის ყველაფერი ადვილად აღსაქმელად იყო გაკეთებული, რათა მნახველი შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი თბილისისთვის ნაკლებად შთამბეჭდავია, რომელსაც რუსთაველზე პომპეზური მიტინგები, არანაკლებ პომპეზური პოლიტიკური აქციები, საკნებისა და კარვების ქალაქები უნახავს, მაგრამ საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც ჯერჯერობით ისევ შევარდნაძის უძრაობის ხანაა, შეიძლება სიახლემ ჯადოსავით იმოქმედოს…

მოკლედ, გიხაროდეთ მეგობრებო, ყველაფერი მაინც ჩვენი გულების (და ხმების ) დასაპყრობად კეთდება და არ თქვათ, რომ თქვენს მთავრობას არ ახსოვხართ…

Advertisements

სექტემბერი 7, 2009 - Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , ,

%(count)s კომენტარი »

  1. “არაჩვეულებრივი გამოფენა”

    კომენტარი by andria | სექტემბერი 8, 2009 | პასუხი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: