ვინ გსურთ მეზობლად?
გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანებს არ ისურვებდით მეზობლად? მსოფლიო ღირებულებების კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ლოთები, ნარკომანები, შიდსით დაავადებულები და ჰომოსექსუალები არასასურველი მეზობლები იქნებოდნენ.ამ გამოკვლევის შესახებ ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ პოსტშიც ვსაუბრობდი, დღეს კი მინდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო შედეგი გაგაცნოთ და ამასთან, ჩვენი ქვეყნის მონაცემები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში დაფიქსირებულ შედეგებს შევადაროთ.
გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ შიდსით დაავადებულთა და ჰომოსექსუალთა მიმართ არსებული სტიგმა მეტად მძლავრადაა საზოგადოებაში გამჯდარი. ერთადერთი ”უცხო” ელემენტი, რომელიც არასასურველ მეზობლად ქართველების ყველაზე მცირე რაოდენობამ დაასახელა, განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეები არიან. ყველაზე ”შეუწყნარებელ” ”სხვებად” ჩვენთან ასევე ითვლებიან ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულები. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მათ მიკროსამყაროში (სამეზობლო სწორედ ამგვარ სივრცედ უნდა ჩაითვალოს) ამგვარი ადამიანების ადგილი არ არის. ჩანს, რომ ქართულ საზოგადოებას ისევ საკმაოდ უჭირს ე.წ. ”განსხვავებულების” და მარგინალური ელემენტების ”ატანა”. თუკი სამი ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ, ”სხვებისადმი” დამოკიდებულება ყველაზე რადიკალური სწორედ საქართველოშია, შედარებით ტოლერანტული კი – ბულგარეთში.
საქართველოს მოსახლეობის რელიგიისადმი დამოკიდებულება საუბრის ცალკე თემაა. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა 80%-ზე მეტი თვლის, რომ არამორწმუნე პოლიტიკოსები საჯარო თანამდებობებისთვის შეუფერებელნი არიან, როდესაც დანარჩენ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მცირეა.
წინა მონაცემებით ასე თუ ისე შეიძლება შევაფასოთ ჩვენი საზოგადოების ტოლერანტულობის ხარისხი სხვებთან შედარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სქესთა შორის დამოკიდებულება ასევე საკმაოდ რთულია – ჩვენთან გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სამუშაოზე მიღებისას მამაკაცებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ, როდესაც ბულგარელთა 50% და სერბების თითქმის ორი მესამედი უარყოფითად აფასებს მსგავს სიტუაციას
კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება არის დამოკიდებულება მარტოხელა დედებისადმი. გამოკითხულთა 60% საქართველოში არ ამართლებს მათ, ხოლო 17%-თვის გადაწყვეტილების მისაღებად კონტექსტის გათვალისწინებაა საჭირო. განხილული ორი ქვეყნის შემთხვევაში კი მარტოხელა დედებისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტების პროცენტული წილი უარყოფითისას მნიშვნელოვნად აღემატება.
თანამედროვე საზოგადოების მშენებლობა დიდადაა დაკავშირებული სხვა ადამიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, მიუხედავად არსებული მრავალი რადიკალური მოსაზრებისა. ”განსხვავებულებისადმი” შიში და ადამიანებში არსებული ფობიები უფრო პრობლემებზე მიუთითებენ, ვიდრე პროგრესულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ”სხვების” იგნორირებამ შეიძლება უფრო რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე იმის აღიარებამ, რომ სირთულეები ჩვენშია და ცვლილებებს ვსაჭიროებთ. გზა რთული და წინააღმდეგობრივია, თუმცა აუცილებლად გასავლელი და გადასალახი.
ღირებულებები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში – ჰომოსექსუალიზმი, რელიგია და მეუღლის ცემა
მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (World values survey) ტილბურგის უნივერსიტეტის მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებების მდგომარეობის შესწავლაა. იგი ითვალისწინებს გამოკითხვებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-საიტზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააანალიზოს მონაცემები, ან თუკი რომელიმე სტატისტიკური პროგრამა და/ან შესაბამისი ცოდნა გააჩნია, ჩამოტვირთოს და უფრო რთული გამოთვლები ჩაატაროს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).

როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.

საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.

ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი…

ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება…
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ…






