დიდი ზღვაოსნის ბლოგი

მეგობრობის მსოფლიო ქსელი

პოლ ბატლერი ”ფეისბუქის” დეველოპმენტის გუნდში სტაჟიორად მუშაობს. როგორც მისი ბლოგის ჩანაწერიდან ჩანს, პოლს კარგა ხანი აწუხებდა ის აზრი, თუ რა გავლენას ახდენს გეოგრაფია და პოლიტიკური საზღვრები ადამიანების ურთიერთკავშირს ან უბრალო ენით რომ ვთქვათ, რომელ ქალაქებში ჰყავთ ”ფეისბუქის” მომხმარებლებს ყველაზე მეტი საერთო მეგობარი.
აქ დაწვრილებით არ აღვწერ, თუ როგორ მიიღო პოლმა ქვემოთ მოცემული საბოლოო სურათი, (პროცესი საკმაოდ რთული, დამღლელი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ტერმინებითაა გადატვირთული) მაგრამ შედეგი მართლაც განსაცვიფრებელი და ძალიან საინტერესოა. შერჩეული ათი მილიონი იუზერის მონაცემების მიხედვით მათი და მეგობრების საცხოვრებელი ქალაქები ავტორმა ხაზებით შეაერთა, კოორდინატებს დაუკავშირა და ეს შესანიშნავი რუკა შექმნა.

პირველი, რაც თვალიში გეცემა, დსთ-სა და ჩინეთის ადგილას დიდი შავი ხვრელის არსებობაა, რაც გასაკვირი არაა, რადგან პირველ სივრცეში სოციალური ქსელებიდან რუსულენოვანი ”ვკონტაკტე” და ”ოდნოკლასნიკი” დომინირებს, ჩინური ინტერნეტი, უფრო სწორად, ის, რასაც ამ ქვეყანაში ინტერნეტს ეძახიან, “ფეისბუქს” არ ცნობს. თუმცა მოტანილი სურათის მორალი სხვა რამეში მდგომარეობს – მიუხედავად გლობალიზაციის და მისი ყველა ნაყოფისა, ადამიანთა ურთიერთობები მაინც ჩაკეტილია საკუთარი ქვეყნის, რეგიონის, საგრაფოს, ფედერალური მიწის თუ საქალაქო აგლომერაციის შიგნით. ცალკეული ქვეყნებისა თუ კონტინენტების შემაერთებელი ხაზები ჯერჯერობით საკმაოდ მკრთალია, თუკი მათ ქვეყნებს შიგნით არსებულ ქსელებს შევადარებთ.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვირტუალური ნაცნობობა კონკურენციას ვერ უწევს ადამიანთა შორის უშუალო ურთიერთობებს, არც მიგრაციებია ისეთი აქტიური, რომ ჩვენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს. გლობალიზაცია მითი ნამდვილად არაა, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ისე ქუხს, როგორც გვეჩვენება ან გვაჩვენებენ.

December 22, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , | Leave a Comment

უორჰოლიზებული მაო

ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან – პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.

ქვის მაო


პოპკორნის მაო


ბრინჯის მაო


პინგ-პონგის მაო




საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)


იგი ჩინელი სტალინია

August 8, 2010 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , , , , , , , | 5 Comments

საქართველოს სახალისო ტოპონიმიკა

საქართველოში 3800-მდე დასახლებული პუნქტია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სოფლები შეადგენენ. ჩვენი ქვეყნის ბუნების მსგავსად, ტოპონიმებიც დიდი მრავალფეროვნებით და ძალიან ხშირად ორიგინალობითაც გამოირჩევიან.  ამ პოსტში მინდოდა, მომეყვანა რამდენიმე საინტერესო ფაქტი და სახელწოდება,     რომელიც ალბათ დააინტერესებს და შეიძლება გაამხიარულოს კიდეც მკითხველი. ქვეყმოთმოყვანილი ინფორმაცია მომზადებულია ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი წყაროს საფუძველზე, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოინახულოთ.. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მასში არ არის მოცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი (უფრო სწორად, პირველი მათგანი წარმოდგენილია 1989 წლის მონაცემებით, ხოლო მეორეს შესახებ თითქმის არაფერი წერია)

მაშ ასე:

  • ჩვენს ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3645სოფელი, 56 ქალაქი და 44 დაბაა
  • საქართველოში 19 დასახლებულ პუნქტს ახალსოფელი, 10-ს  ახალშენი, 8-ს ეწერი და ახალდაბა, 6-ს აგარა, 4-ს  არაშენდა, ხოლო  3-ს გორი ჰქვია
  • რა შეიძლება ჰქონდეს საერთო მარჯვნივ მდებარე წარმტაც პეიზაჟს და ”სონის” პორტატულ კომპიუტერს? არაფერი, გარდა სახელწოდებისა… დიახ, ქედის მუნციპალიტეტში მდებარე ამ სოფელს ვაიო ეწოდება
  • ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის შემადგენლობაში არსებობს სოფელი კვატია. თუკი ვინმეს დასავლეთ საქართველოსთან შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ”კვატი” იხვის შესატყვისია, ”კვატია” კი იხვის ”მოფერებითის” კიდევ უფრო ”მოფერებითი” დასახელებაა
  • როგორც ჩანს, საქართველოში აქტუალურია დასახლებული პუნქტებისთვის სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელის დარქმევა (ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგალითად ლანჩხუთის რაიონში მდებარე სოფელი ჯაპანაც იკმარებს, რომელსაც თურმე რამდენიმე წლის წინ სეხნია ამომავალი მზის  ქვეყნიდანაც კი ეწვივნენ სტუმრები. იაპონელთა მეზობლებს რომ გული არ დაწყდეთ, შუაგულ იმერეთში, ტყიბულის მახლობლად გვაქვს სოფელი კორეეთი. თუმცა, როგორც ჩანს, კორეელები ჩინელებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ კარგად შეეგუვნენ დასავლეთ საქართველოს ნესტიან ჰავას, პრეტენზიულები არიან და არც კი დაინტერესებულან მათი ქვეყნის მოსახელის არსებობით. საინტერესო ფაქტია, რომ აზიის პოლიტიკური რუკა საკმაოდ პოპულარულია საქართველოს ტოპონიმიკაში, რასაც ადასტურებს ბორჯომის რაიონში სოფელ ლიბანის არსებობაც. განმეორებები მშობლიურ სახელებშიც გვაქვს – აჭარა მხარესაც ქვია და წარმტაც მთიან სოფელს ცაგერის რაიონში. აზიური თემის გაგრძელება – მიუხედავად იმისა, რომ ალმატი მათთვის მშობლიურად ჟღერს, იმედია, რომ ყაზახები კახეთის ამ მშვენიერ სოფელში არ შეგვეცილებიან.
  • ძალიან დიდხანს ვეძებდი, იწყებოდა თუ არა რომელიმე ქართული ტოპონიმი ასო ”ჰაე”-ზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს – ჰამაში-თოთოლეში, ჰებუდი და ჰეშკილი მესტიის რაიონშია, ხოლო ჰერეთისკარი კი ლაგოდეხის მუნციპალიტეტში.
  • ქართველებისთვის გასტრონომია ძალიან ახლობელი თემაა, მაგრამ გასაკვირად, ჩვენი სოფლების დასახელებაში მხოლოდ ფლავს (გორის რაიონი), ძველ და ახალ ბურღულს (დუშეთის რაიონი) თუ წააწყდება კაცი…
  • მარტვილის რაიონის სოფელ ალერტის დათვალიერებისას არა მგონია, ზემოთმოყვანილი სიმბოლო იპივოთ სადმე. საფრთხილოც არაფერია, პირიქით – ხალხი ძალიან გულკეთილი და სტუმართმოყვარეა…

დამშვიდობებისას კი გეტყვით ”ჩაოს”, თუმცა ამასთან შეგახსებებთ, რომ ზუსტად ამ სახელწოდებისაა ხელვაჩაურის რაიონის ერთი პატარა სოფელი, სადაც დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც გულღიად მიგვიღებენ და უპატივცემლოდაც არ დაგვტოვებენ…

December 7, 2009 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , , | 1 Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.