ქართულენოვანი Google და რელიგიური ექსტრემიზმი
დღეს ”გუგლის” ქართულენოვანმა ვერსიამ სიურპრიზი შემოგვთავაზა. როდესაც ეძებთ რაიმე ისეთს, რაც რეალურ შედეგს არ მოგცემდათ, მაგ. ”ასდლკჯ ადსლკ ჯალსკდ ” და მსგავს ტექსტს, ”გუგლი” ასეთი ტექსტით გპასუხობთ:
”თქვენი შეკითხვა – Google Ineqw;flk jdsa;lsf;lfdklhs – არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს. ქრისტეს მშვიდობა შენთან!
რჩევა-დარიგება:
* დარწმუნდით ყველა სიტყვის მართლწერაში.
* სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები. წყალობა ღვთისა შენთანა!
* სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
* სცადეთ ნაკლები საკვანძო სიტყვები.”
აი, სქრინშოთიც:
როგორც ვხედავთ, თვით ”გუგლიც” კი გახდა ფსევდორელიგიური ექსტრემიზმის შეტევის მსხვერპლი, ან ვინმემ უშნოდ იხუმრა.
როგორც გავარკვიე, ”გუგლის” გაქართულებაც ვოლუნტიერების მეშვეობით ხდება, ანუ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჰოდა, თუკი ნამდვილად განაღვლებთ ამ საჭირო პროდუქტის ბედი თქვენს მშობლიურ ენაზე და გაქვთ გუგლის ანგარიში (ექაუნთი), შეიარეთ ამ ვებ-საიტზე, მცირეოდენი რეგისტრაციის შემდეგ გადადით რედაქტირების გვერდზე და ჩაასწორეთ ზემოთაღნიშნული ტექსტი. დამიჯერეთ, ამით ნამდვილად კარგ საქმეს გააკეთებთ…
უორჰოლიზებული მაო
ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან – პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.

პოპკორნის მაო

ბრინჯის მაო

პინგ-პონგის მაო


საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)

იგი ჩინელი სტალინია
სტალინის ბიუსტი წყალტუბოში
ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.
ტიტები არ არიან…
ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.
View Larger Map
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა – ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს – მაქსიმს ამზადებდა.
არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.
როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).
შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი…




