დიდი ზღვაოსნის ბლოგი

გათავისუფლებული პროლეტარი

რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების და სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის პირველი სტანდარტული საფოსტო მარკების სერია გამოიცა. გამოცხადებულ კონკურსში მიხაილ ანტონოვის მიერ წარმოდგენილმა ესკიზმა გაიმარჯვა. მასზე გამოსახული იყო მუშა მახვილით ხელში, რომელმაც დასცა რა დრაკონის სახით კაპიტალიზმი, მასზე გადაბიჯებით სინათლისაკენ მიიწევს. მარკის სახელწოდებაც სწორედ ასე ჟღერდა – ”გათავისუფლებული პროლეტარი (სინათლისაკენ!)”.

ანტონოვმა ესკიზისათვის მსოფლიო მითოლოგიაში ჭაბუკისა და გველეშაპის დაპირისპირების კარგად ცნობილი მოტივი გამოიყენა, რომლის პირველ კლასიკურ მაგალითად აპოლონის მიერ ურჩხულ პითონის დამარცხება ითვლება. სინათლის ღმერთი, რომელიც ახალი სამყაროს წარმომადგენელია, ქთონურ (მიწიერ) არსებას – ძველი საზოგადოების განსახიერებას კლავს. ზოგადად, ბერძნული მითოსი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს რეგიონში მიმდინარე მოვლენების ანარეკლს. ახალი და ძველი თაობის ღმერთების დაპირისპირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც მომხდურ ელინურ ტომებსა და ადგილობრივ წინაბერძნულ საზოგადოებას შორის არსებული კონფლიქტი. შესაბამისად, პითონი ამ შემთხვევაში ძველი წყობის განმასახიერებელია, რომელიც დათრგუნულია აპოლონის მიერ. მსგავს მოტივს განეკუთვნება ზევსის მიერ ტიფონის (ტითონის) დამარცხება, პერსევსის გმირობა და ა.შ.

წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის ძლევის ამბავიც ანალოგიურ სიუჟეტს ეფუძნება. (ზოგადად, წმინდა გიორგის თაყვანისცემამ ძალიან ბევრი რამ შეითვისა წინაქრისტიანული კულტებისაგან, მათ შორის – აპოლონისგან). შეიძლება ითქვას, რომ კაპადოკიელი მხედარი ახალი რელიგიის, შესაბამისად, ახალი წყობილების სიმბოლოა, ხოლო გველეშაპი-დიოკლეტიანე – ძველი, თუმცა გაბატონებული წარმართული საზოგადოებისა, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. რაც შეეხება სინათლესთან კავშირს, წმინდა გიორგის თაყვანისცემამ მცირე აზიის ტერიტორიაზე (ასევე საქართველოში) მთვარის ღვთაების კულტი ჩაანაცვლა. უფრო მეტიც, საქართველოს რესპუბლიკის გერბზე გამოსახული თეთრი გიორგი სწორედ წარმართულ სიმბოლო უფროა, ვიდრე კანონიკური წმინდანი.
წმინდა გიორგი ამარცხებს გველეშაპს. ქართული ტიხრული მინანქარი

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირველ საბჭოთა მარკაზე მეტნაკლებად ”ქრისტიანული” სიმბოლო მოხვდა, რომელიც წმინდა გიორგისთან მსგავსებას ბევრს აღუძრავს. შესაძლოა, ანალოგია შემთხვევითია და ანტონოვს წინასწარი განზრახვა არ ამოძრავებდა. მთავარი ისაა, რომ პირველ საბჭოთა რუსულ მარკაზე გამოსახული სამივე საკვანძო სიმბოლო – ახალგაზრდა მამაკაცი, გველეშაპი და სინათლე  იმავე იდეას გამოხატავენ, რის განსახიერებადაც აპოლონის, ზევსის და წმინდა გიორგის დრაკონებთან ბრძოლა საუკუნეთა მანძილზე აღნიშნავდნენ – ძველი საზოგადოების და წყობილების დამარცხებას, ახალი წესრიგისკენ – სინათლისკენ სწრაფვას და გამარჯვებას.

January 11, 2011 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე, ფერადი | , , , , , , , , , , , | 3 Comments

სახალისო კარტოგრაფია

ამას წინათ ერთ ბლოგზე საინტერესო და სახალისო რუკებს წავაწყდი, რომელიც ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ.
მოცემული რუკა ასახავს 1912 წლის რევოლუციის პერიოდში ჩინეთში არსებულ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა ფაქტიურად ანექსირებული იყო უცხოელების მიერ და ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტი გავლენა კოლონისტებს გააჩნდათ.

1870 წლის ამ რუკაზე კი აღწერილია, თუ რა ხდებოდა 1870 წელს ევროპაში – პრუსია და საფრანგეთი ერთმანეთს ებრძვიან, რუსეთი დასავლეთისკენ მიიწევს, ხოლო ირლანდია ბებერ ბრიტანეთს ძაღლის საყელურზე გამოუბამს და არ უშვებს

კისაბურო ოჰარას მიერ 1904 წელს შექმნილ ამ რუკაზე კი ისევ ჩინეთისა და გაერსამყაროს ურთიერთობის თემაა აქტუალური, თუმცა რუსეთის როლი აქაც ხაზგასმულია, რადგან რუკის ავტორი იაპონელია და იგი სწორედ რუსეთ-იაპონიის ომის წინაა შექმნილი

რუსეთის თვალით დანახული ევროპა:

დაბოლოს, სალაღობო რუკა ”ბეჭდების მბრძანებლის” თემაზე – როგორც ჩანს, მინიმუმ 20 წლის წინანდელ სიტუაციას ასახავს, მაგრამ დღევანდელობასაც გარკვეულწილად ეხმიანება…

July 20, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , , , , , , | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.