ინფოგრაფიკა: მთლიანი შიდა პროდუქტი და ”ფორბსის” მილიარდერთა სია
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გთავაზობთ კიდევ ერთ პოსტს ინფოგრაფიკის სერიიდან. ჟურნალმა ”ფორბსმა”, რომელიც ტრადიციულად აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალს, ანალოგიური სია წელსაც წარუდგინა საზოგადოებას. მონაცემები დათვლილია მარტის თვის შედეგების მიხედვით. წელსაც პირველობას ლიბანური წარმოშობის მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუ არავის უთმობს, რომლის ქონების მთლიანი ღირებულება 74 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილის მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით ჩამორჩება სლიმის და მილიარდერთა დიდ ხუთეულში შემავალი ბილ გეითსის, უორენ ბაფეტის, ბერნარ არნოს და ლარი ელისონის ქონების ღირებულებას.
პირველი ხუთეულის ქონების ღირებულება უტოლდება ისეთი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის რაოდენობას, როგორებიცაა ლიბია (2010), ომანი, შრი-ლანკა, ურუგვაი და ლიბანი. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნების მშპ-ის ჯამი, რომელთათვის აღნიშნული მაჩვენებელი 9 მლრდ-ზე ნაკლებია, ”დიდი ოთხეულის” ქონების საერთო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. საინტერესოა, რომ თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მარკ ცუკერბერგის ქონების ღირებულება ”ცოტათი” აღემატება ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. მილიარდერთაგან ყველაზე ”ახლოს” ჩვენთან იტალიელი ბიზნესმენი, ”ლუქსოტიკას” მფლობელი ლეონარდო დელ ვეკიოა. ”ლუქსოტიკას” ჯგუფში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ”რეი-ბენი”, ”სანგლას-ჰათი” და ა.შ.
”ფორბსის” მილიარდერთა სიას ჩინელი ჩენგ იუ-ტუნგი ასრულებს, რომლის ქონების ღირებულება იმდენივეა, რამდენიც სომხეთის, პაპუა-ახალი გვინეის და ბურკინა-ფასოს მთლიანი შიდა პროდუქტი – 9 მლრდ. აშშ დოლარი
მეგობრობის მსოფლიო ქსელი
პოლ ბატლერი ”ფეისბუქის” დეველოპმენტის გუნდში სტაჟიორად მუშაობს. როგორც მისი ბლოგის ჩანაწერიდან ჩანს, პოლს კარგა ხანი აწუხებდა ის აზრი, თუ რა გავლენას ახდენს გეოგრაფია და პოლიტიკური საზღვრები ადამიანების ურთიერთკავშირს ან უბრალო ენით რომ ვთქვათ, რომელ ქალაქებში ჰყავთ ”ფეისბუქის” მომხმარებლებს ყველაზე მეტი საერთო მეგობარი.
აქ დაწვრილებით არ აღვწერ, თუ როგორ მიიღო პოლმა ქვემოთ მოცემული საბოლოო სურათი, (პროცესი საკმაოდ რთული, დამღლელი და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ტერმინებითაა გადატვირთული) მაგრამ შედეგი მართლაც განსაცვიფრებელი და ძალიან საინტერესოა. შერჩეული ათი მილიონი იუზერის მონაცემების მიხედვით მათი და მეგობრების საცხოვრებელი ქალაქები ავტორმა ხაზებით შეაერთა, კოორდინატებს დაუკავშირა და ეს შესანიშნავი რუკა შექმნა.

პირველი, რაც თვალიში გეცემა, დსთ-სა და ჩინეთის ადგილას დიდი შავი ხვრელის არსებობაა, რაც გასაკვირი არაა, რადგან პირველ სივრცეში სოციალური ქსელებიდან რუსულენოვანი ”ვკონტაკტე” და ”ოდნოკლასნიკი” დომინირებს, ჩინური ინტერნეტი, უფრო სწორად, ის, რასაც ამ ქვეყანაში ინტერნეტს ეძახიან, “ფეისბუქს” არ ცნობს. თუმცა მოტანილი სურათის მორალი სხვა რამეში მდგომარეობს – მიუხედავად გლობალიზაციის და მისი ყველა ნაყოფისა, ადამიანთა ურთიერთობები მაინც ჩაკეტილია საკუთარი ქვეყნის, რეგიონის, საგრაფოს, ფედერალური მიწის თუ საქალაქო აგლომერაციის შიგნით. ცალკეული ქვეყნებისა თუ კონტინენტების შემაერთებელი ხაზები ჯერჯერობით საკმაოდ მკრთალია, თუკი მათ ქვეყნებს შიგნით არსებულ ქსელებს შევადარებთ.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვირტუალური ნაცნობობა კონკურენციას ვერ უწევს ადამიანთა შორის უშუალო ურთიერთობებს, არც მიგრაციებია ისეთი აქტიური, რომ ჩვენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს. გლობალიზაცია მითი ნამდვილად არაა, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ისე ქუხს, როგორც გვეჩვენება ან გვაჩვენებენ.
”ფეისბუქი” და ბიბლიოკრატიული მომავალი
”ფეისბუქი” ჩვენი ცხოვრების ნაწილი რომ გახდა, ამაზე უკვე არავინ დავობს. მისი არსებობის სულ მოკლე ხანში პლანეტის მოსახლეობის ერთი მეთორმეტედი, ანუ ინტერნეტის მომხმარებელთა მეოთხედი დარეგისტრირებულია, ან რეგულარულად გამოიყენებს კომუნიკაციის ამ საშუალებას. ”ფეისბუქის” მომხმარებელთა რაოდენობით ყველას აშშ აჭარბებს, მეორე ადგილზე კი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ინდონეზია იმყოფება, რომელმაც ბოლო თვეების მანძილზე გადააჭარბა დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს.

ინტერაქტიული რუკის სანახავად დააკლიკეთ სურათს!
თუკი სტატისტიკას ვენდობით, საქართველოში ”ფეისბუქზე” 380 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით რვა პროცენტს შეადგენს. თუკი ჩვენთან ინტერნეტის მომხმარებლებელთა რაოდენობას გავითველისწინებთ, ვნახავთ, რომ მათი უდიდესი ნაწილი მსოფლიო აბლაბუდას ძირითადად ”პირწიგნაკის” შესამოწმებლად სტუმრობს. ამაზე ”Alexa.com”-ის მონაცემებიც მიგვითითებს, რომლის თანახმადაც, ”ფეისბუქი” საქართველოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-რესურსია.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ფეისბუქზე დარეგისტრირებულია მონაკოს, ნორვეგიის, ისლანდიის, კატარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, აშშ-ის და ბრიტანეთის მოსახლეობის 46%, ისრაელის მოსახლეობის 40%. . თავისი ბევრი უპირატესობის გამო შეგვიძლია, ”ფეისბუქი” სექსის შემდეგ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ყველაზე მასობრივ და სასიამოვნო საშუალებად მივიჩნიოთ.

აქ ტექნიკური სიახლეების შესახებ თითქმის არ ვწერ, თუმცა მარკ ცუკერბერგის მიერ დღეს წარმოდგენილი რამ აუცილებლად აღნიშვნის ღირსია. ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილმა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა რამდენიმე საათის წინ ახალი გამოგონების შესახებ გვამცნო, რომელიც მათი აზრით, ყირაზე დააყენებს კომუნიკაციის აქამდე არსებულ ყველა საშუალებას.
მაშ ასე, მისი უდიდებულესობა Email Killer-ი!
ამ მარტივი, თუმცა გენიალური გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფეისბუქის ინბოქსში თავს უყრის იმეილს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, საკუთრივ ფეისბუქის ელექტრონულ ფოსტას და ჩატს. ამასთან შესაძლებელია ყველა მიმოწერის ისტორიის შენახვა. თქვენ შეგიძლიათ, იქონიოთ ფეისბუქის ელექტრონული ფოსტის მისამართი, მაგალითად – davidsichinava@facebook.com. თუმცა ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ ეს არ არის იმელი, უბრალოდ ელექტრონული ფოსტა კომუნიკაციის ახალი საშუალების მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. თქვენ შეგიძლიათ, მეგობრებს მიწეროთ ეს-ემ-ესი, მეილი, გაუგზავნოთ შეტყობინება ჩატში – მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი ერთ ადგილას – ფეისბუქის ინბოქსში მოიყრის თავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – შესაძლებელი იქნება წერილებისთვის ფაილების მიბმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაა ე.წ. სოციალური საფოსტო ყუთი, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეტყობინებების გაფილტვრა. წერილები ავტომატურად დახარისხდება იმის მიხედვით, თუ რა ურთერთობა გაქვთ გამომგზავნთან. ავტორების აზრით, პრიორიტეტების ამგვარი განაწილება ხელს შეუწყობს სპამის გავრცელებას და ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის. დაბოლოს, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტიპის საუბრის ისტორიის შენახვა. საუბარია აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციაზე, რომლის შესანახად და დასამუშავებლად ”ფეისბუქი” მონცემთა ბაზების ღია სისტემას ”hBase”-ს გამოიყენებს.
როგორც ვხედავთ, ”ფეისბუქს” მხოლოდ სოციალურ ქსელად ყოფნაზე არ აქვს პრეტენზია. თუკი ეს პროექტი წარმატებული გამოდგა, მაშინ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანის ბედი პირდაპირ იქნება დაკავშირებული ამ გამოგონებასთან. მატრიცის და ვირტუალური რეალობისა რა გითხრათ, მაგრამ მალე ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ალბათ ჰარვარდელი არშემდგარი ბაკალავრის პირმშოსთან ურთიერთობაში გავატარებთ.



