ვინ გსურთ მეზობლად?
გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანებს არ ისურვებდით მეზობლად? მსოფლიო ღირებულებების კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ლოთები, ნარკომანები, შიდსით დაავადებულები და ჰომოსექსუალები არასასურველი მეზობლები იქნებოდნენ.ამ გამოკვლევის შესახებ ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ პოსტშიც ვსაუბრობდი, დღეს კი მინდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო შედეგი გაგაცნოთ და ამასთან, ჩვენი ქვეყნის მონაცემები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში დაფიქსირებულ შედეგებს შევადაროთ.
გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ შიდსით დაავადებულთა და ჰომოსექსუალთა მიმართ არსებული სტიგმა მეტად მძლავრადაა საზოგადოებაში გამჯდარი. ერთადერთი ”უცხო” ელემენტი, რომელიც არასასურველ მეზობლად ქართველების ყველაზე მცირე რაოდენობამ დაასახელა, განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეები არიან. ყველაზე ”შეუწყნარებელ” ”სხვებად” ჩვენთან ასევე ითვლებიან ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულები. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მათ მიკროსამყაროში (სამეზობლო სწორედ ამგვარ სივრცედ უნდა ჩაითვალოს) ამგვარი ადამიანების ადგილი არ არის. ჩანს, რომ ქართულ საზოგადოებას ისევ საკმაოდ უჭირს ე.წ. ”განსხვავებულების” და მარგინალური ელემენტების ”ატანა”. თუკი სამი ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ, ”სხვებისადმი” დამოკიდებულება ყველაზე რადიკალური სწორედ საქართველოშია, შედარებით ტოლერანტული კი – ბულგარეთში.
საქართველოს მოსახლეობის რელიგიისადმი დამოკიდებულება საუბრის ცალკე თემაა. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა 80%-ზე მეტი თვლის, რომ არამორწმუნე პოლიტიკოსები საჯარო თანამდებობებისთვის შეუფერებელნი არიან, როდესაც დანარჩენ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მცირეა.
წინა მონაცემებით ასე თუ ისე შეიძლება შევაფასოთ ჩვენი საზოგადოების ტოლერანტულობის ხარისხი სხვებთან შედარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სქესთა შორის დამოკიდებულება ასევე საკმაოდ რთულია – ჩვენთან გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სამუშაოზე მიღებისას მამაკაცებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ, როდესაც ბულგარელთა 50% და სერბების თითქმის ორი მესამედი უარყოფითად აფასებს მსგავს სიტუაციას
კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება არის დამოკიდებულება მარტოხელა დედებისადმი. გამოკითხულთა 60% საქართველოში არ ამართლებს მათ, ხოლო 17%-თვის გადაწყვეტილების მისაღებად კონტექსტის გათვალისწინებაა საჭირო. განხილული ორი ქვეყნის შემთხვევაში კი მარტოხელა დედებისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტების პროცენტული წილი უარყოფითისას მნიშვნელოვნად აღემატება.
თანამედროვე საზოგადოების მშენებლობა დიდადაა დაკავშირებული სხვა ადამიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, მიუხედავად არსებული მრავალი რადიკალური მოსაზრებისა. ”განსხვავებულებისადმი” შიში და ადამიანებში არსებული ფობიები უფრო პრობლემებზე მიუთითებენ, ვიდრე პროგრესულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ”სხვების” იგნორირებამ შეიძლება უფრო რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე იმის აღიარებამ, რომ სირთულეები ჩვენშია და ცვლილებებს ვსაჭიროებთ. გზა რთული და წინააღმდეგობრივია, თუმცა აუცილებლად გასავლელი და გადასალახი.
სტალინის ბიუსტი წყალტუბოში
ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.
კარტოგრამები
ჩემი გეოგრაფიისადმი სიყვარული და შემდგომში, მომავალი პროფესია რუკებმა განაპირობეს. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმეტესობის პირველი კავშირი ამ მეცნიერებასთან სწორედ რუკების გაცნობით მოხდა.
რუკების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავებული ტიპის ინფორმაციის გადმოსაცემად გაამოიყენება. კარტოგრამებიც ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც საგნების სივრცეში რეალურ მდგებარეობას არ ასახავენ, სამაგიეროდ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის საინტერესო ხერხს წარმოადგენენ.
ინტერნეტში კარტოგრამების მრავალ მაგალითს წააწყდებით, თუნდაც ასეთს:

რომელიც 2002 წლისთვის მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებას ასახავს.მართალია, კონტურები საშინლად დამახინჯებულია, სამაგიეროდ იდეას ადვილად გვაწვდის, მიგვითითებს რა ქვეყნების ზომით მდიდრების რაოდენობაზე.
ქვემოთ ვეცადე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს რამდენიმე კარტოგრამა შემედგინა.
პირველ კარტოგრამაზე რაიონების და ქალაქების ზომები პროპორციულია მათში დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა, ხოლო ფერი კი მიგვითითებს, თუ ათას მოსახლეზე გათვლით რა რაოდენობის დანაშაული მოხდა 2001 წლისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ დიდი ქალაქები დანაშაულის რაოდენობითაც გამოირჩევიან, თუმცა 1000 მოსახლეზე გაანგარიშებით გორისა და თიანეთის რაიონების ლიდერობა საკმაოდ საინტერესო ფაქტია.
მეორე კარტოგრამა ასახავს საქართველოში მანქანების რაოდენობას ყოველ ათას კაცზე, რაც ტერიტორიული ერთეულების ზომებითაა გადმოცემული, ხოლო ფერები ასევე ათას მოსახლეზე ექიმთა რაოდენობას გადმოსცემს:

როგორც ვხედავთ, ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და წყალტუბოში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იმდენივე ავტომობილი მოდის, რამდენიც თბილისსა და ქუთაისში, თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა ექიმების რაოდენობის მხრივ. ამ მაჩვენებლით ისინი ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ. ვერაფერს იტყვით, საინტერესო და მრავლისმეტყველი სურათია
კედელი
საზოგადოების გათიშვის მრავალნაირი ხერხი ახსოვს ისტორიას. ყველაზე ცნობილი და საგულისხმო 1961 წლის 13 აგვისტოს აგებული კედელია, რომელმაც ერთი და იგივე ხალხი თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე
ერთმანეთს დააშორა. გარეშე ძალის მიერ აგებული ზღვარი, ტოტალიტარიზმის და შეზღუდული აზროვნების უმთავრესი ნიშანი თვითიზოლაციისკენ სწრაფვის ყველაზე ცხადი და თვალნათელი მაგალითია. ამგვარი საზოგადოებისთვის თვითკმარობის განცდა სიამაყის საგანს წარმოადგენს. მისთვის უცხოა თავისუფალი ურთიერთობა, რასაც არც საკუთარი თავისთვის უშვებს და არც სხვებისთვის.
მეორე და სრულიად საპირისპირო მოვლენაა, როდესაც საზოგადოება თავად მიისწრაფვის გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ. გათიშულება ჩვენს შორის დიდი ხანია, არსებობს. კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია იგება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია, შენდება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და
საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.
საქართველოში დაპირისპირიების გაღვივებას ლიდერებიც უწყობენ ხელს, მაგრამ საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობა ამ მიმართულებით არ უნდა უარვყოთ, რადგან, სწორედ მისი მდგომარეობა აჩენს მოთხოვნილებას გარკვეული ტიპის წინამძღოლებზე. ზოგჯერ ჩვენ თვითონვე ვეძებთ შიგნით დაპირისპირების საგანს. ამგვარი არამდგრადობა იმის შედეგიცაა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეგვიგნია, თუ რა გვინდა, რა გზას უნდა ვეწიოთ. გვსურს ახლისკენ სწრაფვა, მაგრამ რეალურად ყოველთვის ძველს ვუბრუნდებით. ის კედელი,
რომელიც ჩვენს საზოგადოებას ხლეჩს, სიმბოლურად ჩვენი წარსულისა და მომავლის განმაცალკევებელიცაა, რომელსაც ნებისმიერი წინსვლისას შუბლით ვეჯახებით და ჯერჯერობით, ვერაფერი მოგვიხერხებია.
გერმანელთათვის გაყოფის ხანა მუდმივი ფიქრის და ერთგვარი კათარზისის პერიოდი იყო, რომელმაც საზოგადოების შეგნება აამაღლა და დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. იმედია, რომ კედლებით და უცხო ქვეყნის ჯარისკაცებით გაყოფილი ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება, მაგრამ თუკი გერმანულ მაგალითს გავიხსენებთ, ამას 29 წელი დაჭირდა. გარდა მოთმინებისა, შინაგანი ერთობის ჩამოყალიბებაც გვმართებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი ერთ საზოგადოებად ვიგრძნოთ. ჩვენს გონებასა და მსოფლმხედველობაში წლების მანძილზე ცრუ სტერეოტიპებით, დრომოჭმული აზროვნებით აგებული კედელი უნდა დაინგრეს.






