დევნილთა გამოსახლებული კოლექტიური ცენტრები ინტერაქტიულ რუკაზე
როგორც იცით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს თბილისის კოლექტიური ცენტრებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება და მათი გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა ნაწილში. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონიტორები სხვა ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ამ პროცესს აკვირდებოდნენ და თავი მოუყარეს მთელ რიგსაინტერესო ინფორმაციას. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა ინტერაქტიული რუკა, რომელიც დღევანდელ პოსტშია წარმოდგენილი.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა
შენობები და საქალაქო ლანდშაფტები ხშირად ასახავენ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მათი აგების პერიოდში სუფევს. ხშირ შემთხვევაში (ეს განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებისთვის აგებულ შენობებს ეხებათ) მათი დამპროექტებლები ცდილობენ, სპეციალურად ჩადონ გარკვეული ტიპის გზავნილი ან სიმბოლოები, რომელიც მათ (ან დამკვეთის) პოლიტიკურ იდეებზე თუ განწყობაზე მიუთითებს. დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების შენობებიც ძველია, ამგვარი სიმბოლოების ამოკითხვა ცოტა რთულია.

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში
როდესაც პოლიტიკურ არქიტექტურაზე საუბრობენ, მის ”ლაბორატორიად” და საგამოფენო დარბაზად ქალაქ ბრაზილიას მიიჩნევენ. მართლაც, ლუსიუ კოშტას და ოსკარ ნიმაიერის ”პირმშო” ჩაფიქრებული იყო ბრაზილიური პოლიტიკური სისტემის ხატად – ამ იდეას ყველაზე კარგად ქალაქის ცენტრალური მოედანი პრასა-დუშ-ტრეშ-პოდერეში (სამი ხელისუფლების მოედანი) ასახავს.
აქ განლაგებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს, ეროვნული კონგრესის და პლანალტუს სასახლის (მთავრობის შტაბ-ბინა) შენობები, რომლებიც ისე ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, როგორი ურთიერთობებიც სასურველი იქნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებულ მსგავს სტრუქტურებს შორის. ეროვნული კონგრესის შენობა კი ქვეყნის ფედერალიზმის კარგი განსახიერებაა – ორპალატიანი პარლამენტის შენობა ორი თითქმის იდენტური ნაწილისგან შედგება. ნახევრადსფერული გუმბათების ქვეშ ქვეყნის სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა კარგა ხნის მანძილზე კომუნიზმის იდეალების ტყვე იყო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებები საბჭოთა ნაგებობებში იყო განთავსებული. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიდ და ზოგჯერ არასაჭირო ყურადღებას უთმობს სიმბოლოებს, არახალია. ახლადაგებული სახელმწიფო დაწესებულებები კი ნამდვილად არიან გარკვეული გზავნილების მატარებლები, რომელთა წაკითხვასაც დიდი დაკვირვება არ ჭირდება.
ქვეყნის მთავარ მიღწევად ამჟამად კორუფციის დამარცხება და სახელმწიფო სისტემებში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა ითვლება. ამის დასადასტურებლად ახლადაგებული პოლიციის შენობებიც კმარა, სადაც ნებისმიერ ცნობისმოყვარეს შეუძლია, საათობით დააკვირდეს, თუ რითი არიან სამართალდამცავები დაკავებულები და ზოგადად, ალბათ ამ მიზეზის გამო მინა პოსტრევოლუციური ქართული არქიტექტურის უმთავრეს ატრიბუტად იქცა.
გარდა მასობრივი მოხმარების საჯარო დაწესებულებებისა, რეკონსტრუქცია და და ხშირ შემთხვევაში, ახალსახლობა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო სტრუქტურას შეეხო. პირველი ამ მხრივ პრეზიდენტის სასახლეა. ჩემს ძველ პოსტში მოცემული იყო მსგავსება სხვა სამთავრობო შენობებთან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, კაპიტოლეუმის შენობის მინაბაძებს წარმოადგენენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, რომში არსებული იუპიტერის ტაძრის ანალოგიით იქნა აგებული.
მიკელე დე ლუკის პროექტით აშენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ”გამჭვირვალე” ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთი სიმბოლოა, რომლითაც როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრიც ძალიან ამაყობენ. შენობა მართლაც ორიგინალურია და როგორც ამბობენ, ინტერიერიც ძალიან საინტერესო ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს რეკონსტრუირებული შენობაც შემინულია და ასევე
ორიგინალური დიზაინი გააჩნია.
ესპანური კომპანია CMD Ingenieros-ი ამჟამად საქართველოსთან დაკავშირებულ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობს. პირველი მათგანი ქუთაისში პარლამენტის, ხოლო მეორე კი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ჩიტაძის ქუჩიდან ამ უწყების ემიგრაციის შესახებ ამბავი არ გავრცელებულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შენობები ორგინალობით ნამდვილად გამოირჩევიან, ამასთან, აღნიშნული კომპანია პარალელურად საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებსაც ახორციელებს – ბათუმის ოპერის შენობა, ბულვარის რეკონსტრუქცია ბათუმში და ახლის მშენებლობა ანაკლიაში და ა.შ.
პარლამენტის შენობა, რომელიც გარკვეულწილად ზამთრის ბაღის პრინციპს იმეორებს, დიდ გამჭვირვალე წვეთს თუ გულს წააგავს. მინის გუმბათის ქვეშ 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული იქნება სხდომათა დარბაზი, ოფისები, საკონფერენციო ოთახები, მცირე ზომის ბაღიც კი. შენობა გარშემორტყმულია ე.წ. მილენიუმის პარკით, რომელიც როგორც CMD Ingenieros-ის ვებსაიტზე წერია, ქუთაისის მწვანე ფილტვები უნდა გახდეს. შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინში დიდი როლი უჭირავს წყალს – თავად შენობა ხელოვნურ ტბაში იქნება განლაგებული, ხოლო ნაკადული კი პარლამენტის პარკში გაედინება. საინტერესოა, რომ პროექტის ავტორები ორი იაპონელი მამორუ და კეინიჩი კავაგუჩია, ხოლო იაპონელი სტუდენტები პროექტის დამუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იგი ორი დამოუკიდებელი პერპენდიკულარული შენობისგან შედგება. პირველი ავტოსტრადის პირასაა განლაგებული, მეორე კი – ოფისებით კომპოზიციის სიღრმეშია განლაგებული. გამჭვირვალე მასალა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან თუკი პროექტს დავუჯერებთ, შენობის ფასადი შემინული იქნება და ცნობისმოყვარეთა ყურადღებას ნამდვილად დააკმაყოფილებს. თუკი ქუთაისის შემთხვევაში პარლამენტის მდებარეობის ადგილი ნამდვილად ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მხოლოდ მსჯელობა გვიწევს. სურათების მიხედვით იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მხარეს უნდა იყოს განლაგებული. თუკი ასეა, მაშინ ამ უბანში გვექნება როგორც
თანამედროვე, ასევე ტრადიციული თბილისური არქიტექტურის ნიმუშები. თუ რამდენად უხდებიან ერთმანეთს, ეს ალბათ გემოვნების საკითხია, მთავარი ის არის, რომ დედაქალაქში სამთავრობო შენობების კონცენტრაციის ორი მთავარი არეალი იკვეთება – ორთაჭალა (პროკურატურა, იუსტიციის, შს და გარემოს დაცვის სამინისტროები) და ავლაბარი (საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის რეზიდენცია). ამგვარად, თბილისის ორ უძველეს ისტორიულ უბანს აღორძინების და რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა.

გამჭვირვალე მასალა და ულტრათანამედროვე დიზაინი თანამედროვე ქართული პოლიტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ხელისუფლებამ ხმამაღლა გამოცხადებული ორი მთავარი სლოგანი – გამჭვირვალეობა და მოდერნიზაცია ახლადაგებულ სამთავრობო შენობებშიც გამოიხატება.
This slideshow requires JavaScript.
ფოტოები ჩამოტვირთულია ”ვიკიპედიიდან” და CDM Ingenieros -ის ვებ-საიტიდან. ყველა ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ
ვიკირუკები
თუკი თქვენ ახალი მიწების აღმოჩენის სურვილი გაქვთ, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობთ, ან ფიქრობთ, რომ გეოგრაფიის რომანტიკა მსოფლიო რუკაზე უკანასკნელ თეთრ ლაქასთან ერთად გაქრა, ცდებით, რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი გეოგრაფიის განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
Google Earth ის მეშვეობით შეგიძლიათ, ზევიდან დახედოთ საკუთარ სახლს, იმოგზაუროთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ან საჰარას გადაუფრინოთ და ცოტა ხნით თავი სენტ-ეკზიუპერიდ წარმოიდგინოთ.
რუკებმა განვითარების დიდი გზა გაიარეს, დაწყებული მიდამოს ქვებზე ამოკაწრული გამოსახულებებით დამთავრებული კარტოგრაფიული ფაბრიკებით და გეოინფორმაციული სისტემებით. თუკი ადრე რუკებს და ადგილის გეგმებს ჩვეულებრივი ადამიანები – მონადირეები, ვაჭრები, მოგზაურები ადგენდნენ, მოგვიანებით ეს საქმიანობა პროფესიული გახდა, რომელიც შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვდა.
ბავშვობაში ალბათ ბევრს დაგიხაზავთ თქვენი ეზოს გეგმა, დაგიხატავთ ხეები, თქვენი კორპუსი, გარაჟი და ეზოში მოთამაშე ბავშვებიც. თქვენ ახლაც შეგიძლიათ, გააკეთოთ მსგავსი რამ, თან თქვენს გასართობს შეიძლება, პრაქტიკული მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.
”ვიკიპედია” უზარმაზარი რესურსია, რომელიც ვოლუნტიერების მთელი არმიის მეშვეობით იქმნება.
საინტერესოა, რომ მოხალისეთა მიერ რუკებიც იქმნება, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს ფარავენ და სრულიად ხელმისაწვდომი არიან უბრალო მომხმარებლებისთვის.
ყველაზე ცნობილი ამგვარი სერვისი OpenStreetMap (OSM) -ია. სტივენ ქოუსთის მიერ 2004 წელს დაარსებული რესურსი დღესდღეობით ძალიან პოპულარული გახდა. რუკების რედაქტირება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ოღონდ ამ საქმისთვის ჯი-პი-ეს აპარატი, ან აქამდე არსებული ელექტრონული გეომონაცემები დაგჭირდებათ. შესაძლებელია სხვადასხვა ხელმისაწვდომი თანამგზავრული სურათების გამოყენებაც ( BING Maps). რუკების შედგენა,გარდა ონლაინ-რეჟიმისა, შესაძლებელია სხვადასხვა რედაქტორის მეშვეობით, რომლებიც როგორც ცალკე პროგრამას (მაგ. JOSM), ან სხვა გეოინფორმაციული სისტემების (ArcGIS; QGIS) შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. უნდა ითქვას, რომ საქართველოში OSM – ის დამუშავებას არასამთავრობო ორგანიზაცია Open Maps Caucasus (OMC) ახორციელებს, რომელიც როგორც მოხალისეების, ასევე დაქირავებული მუშაკების შრომას იყენებს. OMC – ის ვებ-საიტზე
შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის სრული და საქართველოს რამდენიმე დასახლებული პუნქტის საკმაოდ დეტალური და ხარისხიანი რუკა.
სამწუხაროდ, თუკი თქვენ Google Maps -ში საქართველოს რუკის და არა თანამგზავრის რეჟიმში დაათვალიერებთ, დიდ ნაცრისფერ ლაქას დაინახავთ, როდესაც ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის გზების და ქუჩების შესახებ საკმაოდ კარგი ინფორმაციაა დატანილი. Google -ს ჯერჯერობით არ დაუსრულებია საქართველოს ტერიტორიის დამუშავება. OSM-ის მსგავსად, Google Map-საც გააჩნია ღია რესურსი, რომელიც საშუალებას იძლევა, ნებისმიერმა თქვენგანმა შეცვალოს, დახაზოს, დაიტანოს რეალურად არსებული ობიექტი. ცვლილებები გადის მოდერაციას, რის შემდეგაც იგი რუკაზე საბოლოოდ აისახება. ამ სერვისის – Map Maker – ის საშუალებით შესაძლებელია, Google-ის საკმაოდ დეტალური კოსმოსური ფოტოსურათების მეშვეობით შეავსოთ თქვენთვის ნაცნობი ტერიტორიის გეოგრაფიული მონაცემები.
დაბოლოს, არსებობს კიდევ ერთი კოლაბორაციული რესურსი, რომელიც მოხალისეების მიერაა შედგენილი. Wikimapia, რომელიც მისმა ავტორებმა ალექსანდრ კორიაკინმა და ევგენი საველიევმა Google Maps-ის და ”ვიკიპედიის” გავლენით შექმნეს, საქართველოს მასშტაბით საკმაოდ კარგადაა დამუშავებული. განსხვავებით სხვა სისტემებისა, Wikimapia-ში ცალკეულ ობიექტებზე დაწკაპუნებისას შეგიძლიათ, მის შესახებ მცირე სტატიაც კი იხილოთ.
მოკლედ, გეოგრაფიის და რუკების მოყვარულნო, შეგიძლიათ, თავისუფალ დროს რომელიმე ეს რესურსი გაამდიდროთ. ამით თქვენც გაერთობით, ცოდნასაც მიიღებთ, თქვენს საცხოვრებელ ადგილსაც უკეთესად გაეცნობით და რაც მთავარია, სხვებს შეუწყობთ ხელს.
სახალისო ტოპონიმიკა 2 – თბილისის ქუჩები
საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.
ბნელი ქუჩა
ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა
თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით – ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა
არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა
ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა…

მიტინგის ქუჩა
მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში – ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა
ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები
კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ – მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა
პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა
ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად…

ცისარტყელას ქუჩა
ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

სამგანზომილებიანი თბილისი
Google Earth-ს ბევრი ძალიან საინტერესო სერვისი აქვს. მათ შორის – სამგანზომილებიანი შენობების გამოსახვის საშუალება. ბოლო დრომდე საქართველოს დედაქალაქის რუკაზე მათ ძებნას ტყუილად დაუწყებდით, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია, რამდენიმე მათგანი ვიხილოთ კიდეც. მიუხედავად, რომ სურათებიც საკმაოდ ეფექტურია, ყველას გირჩევთ, ჩამოტვირთოთ ეს პროგრამა და უშუალოდ ”ლაივში” იხილოთ თქვენთვის ძალიან ნაცნობი შენობების სამგანზომილებიანი მოდელები.
თბილისის ტელეანძა პოლიციის ახალი შენობა ”არსის” შენობა დოლაბაურის მოედანზე საბურთალო. სასტუმრო ”აჭარა” და სპორტის სასახლე ეროვნული სტადიონი სამების საკათედრო ტაძარი თავისუფლების მოედანი ძველი თბილისი. შენობა გუდიაშვილის მოედანზე და ნორაშენის სომხური ეკლესია












