დიდი ზღვაოსნის ბლოგი

პასუხის პასუხი

ჩემი ბლოგის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ორი დღის განმავლობაში ზედიზედ პოსტი დამეწეროს. დღევანდელი შემთხვევა კი განსაკუთრებულია და ჩემს გუშინდელ ნაწერს უკავშირდება. მიხარია, რომ წამოწეულმა თემამ გარკვეული ინტერესი გამოიწვია და დაინტერესებული ადამიანები გაეცვნენ კიდეც. გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო – ზოგი დადებითად განეწყო პოსტის შინაარსისადმი, ზოგიც – უარყოფითად.

თუმცა ”ფეისბუქის” ერთ-ერთი იუზერის მიერ ჩემს საპასუხოდ გამოქვეყებულმა ჩანაწერმა აშკარად მიბიძგა, შედარებით ნათელი მომეფინა საკუთარ პოსტში ჩამოყალიბებული იდეებისადმი.

ნუ დაიზარებთ და აუცილებლად გაეცანით ამ ჩანაწერს:

თავად ჩანაწერის სათაური უკვე წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მიმართულებით იქნება მასში აზრი განვითრებული. ჩემს ბლოგპოსტი მიზნად არ ისახავდა, რაიმე მეცნიერული თეორია შეეთავაზებინა მკითხველისთვის ან თეორია ჩამოეყალიბებინა. უბრალოდ, მე მოვახდინე ერთ-ერთი კვლევის შედეგების ვიზუალურად გადმოცემა და მცირეოდენი კომენტარი დავურთე.

უმთავრესი კი ისაა, რომ საერთოდ უკუღმაა გაგებული სტატიის შინაარსი. კერძოდ, ავტორი გვიმტკიცებს, რომ პოსტის აზრი იყო ჩვენი ”საშინელი” ჩვეულებების გამოაშკარავება, ჩვენი ჩამორჩენილობისა და ველურობის ჩვენება. ნახსენები იყო ლიბერალიზმი (რომელიც ჩვენთან ბოლო დროს სალანძღავ სიტყვად იქცა) და სხვა მრავალი მოსაზრება იყო მოტანილი. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ადამიანები სტრიქონებს შორის ისეთი რამის ამოკითხვა, რაც სტატიის ავტორს თავშიც კი არ გაუვლია. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია სიბრძნის ფრქვევაზე, თუმცა ბატონი ივანეს დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უაზრო პოლემიკის სახეს არ მიიღებს.

მეორე შენიშვნა ეხებოდა ბლოგზე განთავსებული დიაგრამების წყაროს. სამწუხაროდ, ალბათ საკმარისი არ არის ტექსტში ბმულის მითითება იმ პოსტისკენ, სადაც დაწვრილებით მქონდა საუბარი მსოფლიო ღირებულებათა კვლევის ინიციატივის შესახებ. იქვე მსურველი იხილავდა ბმულს ”ვიკიპედიის” შესაბამისი სტატიისკენ და ამასთან, თავად ინიციატივის ვებ-გვერდისაკენ. მოდით, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ ორგანიზაციის და მის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. მსოფლიო ღირებულებათა კვლევა წარმოადგენს ტილბურგის უნივერსიტეტის პროექტს, რომელიც სათავეს 1981 წლიდან იღებს. პროფესიონალ სოციალურ მეცნიერთა გუნდი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ატარებს გამოკითხვებს, რომლის მიხედვითაც მუშავდება მონაცემები და ხდება მათი გამოქვეყნება. 20 ენაზე გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიო ღირებულებების კვლევის მონაცემებს ეყრდნობა და ხშირადაა ციტირებული. უფრო მეტი ამ ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ, აქ წაიკითხოთ. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ კვლევას. იგი 2009 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარეობდა. გამოიკითხა 1500-ზე მეტი რესპონდენტი. 5-საფეხურიანი შემთხვევითი კლასტერული შერჩევა იმგვარად იყო ჩატარებული, რომ კვლევა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი ყოფილიყო. დაწვრილებით კვლევის დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ . მგონია, რომ ამის შემდეგ მოტანილი მონაცემების ”სისულელედ” და ”თითიდან გამოწოვილად” მიჩნევა ცოტა ზედაპირული შეფასებაა. მაგრამ საქართველოში კარგა ხანია, მეტად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა სოციალური კვლევებისადმი, კერძოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისადმი. ბატონი ივანეც, როგორც ჩანს, ამ სკეპტიკოსთა რიგებს განეკუთვნება. მაგრამ იმედია, მომიტევებთ თქვენი სკეპტიციზმის გაქარწყლების მცდელობას. ჩვენს მიერ მოტანილი კვლევა ეფუძნება მეცნიერულ მეთოდებს და არა სამეზობლოს, სანაცნობოს და სამეგობროს წევრების აზრის გამოკითხვას. ამით კვლევის შედეგების ვალიდურობის საკითხი ამოვწუროთ.

რაც შეეხება შინაარსობრივი მხარეს – არ შეიძლება ყოველთვის სტრიქონებს შორის ვიკითხოთ და ისე გამოვიტანოთ ნაწერიდან აზრი. ჩანაწერში ფართოდაა განხილული, თუ რატომ არ სურს ავტორს სექსუალური უმცირესობების, ლოთების და ნარკომანები მეზობლად. მაგრამ პირადად კითხვისას მე საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი და ჩემი პოსტი რამდენჯერმე გადავიკითხე ჩამოთვლილი ადამიანების ქება-დიდების საძებნელად, რაც რა თქმა უნდა, ვერ ვიპოვე. ბატონი ივანე აღნიშნავს, რომ იგი ”დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრობს და მზადაა, აიტანოს ნებისმიერი ასეთ ადამიანი, თუმცა მას აქვს უფლება არ მოწონდეს მათი ცხოვრების წესი და ამას ვერავინ აუკრძალავს”. სადმე იყო მსგავსი ცხოვრების წესის პროპაგანდა ჩემს სტატიაში? მგონი, არსად.

რაც შეეხება მსჯელობას პოლიტიკოსების რელიგიურობის შესახებ – ჩემი პოსტის ამ ნაწილში მხოლოდ ფაქტის აღწერა იყო. ხაზს ვუსვამ, მე არსად დამიფიქსირებია, რომ ეს ცუდია ან კარგია, მაგრამ ბატონმა ივანემ ამ რამდენიმე წინადადებაში ცინიზმის მარცვლები შენიშნა და ენაწყლიანად ისაუბრა კიდეც დემოკრატიის საფუძვლების შესახებ.

კიდევ ერთი რამ: დისკუსია სოციალურ მედიაში, ფორუმებზე, სამეგობროში (sic! ის, რაშიც ბრალს მდებდნენ) წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის აზრის გამოხატვას, შესაბამისად – სოციალური ქსელების, ფორუმების მომხმარებლებისა და ჩვენი სამეგობროს წევრებისა. მეცნიერული თვალსაზრისით (არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც ვერ ავუარე გვერდი), მსგავსი იდეების განზოგადება მთელი საზოგადოების მასშტაბით შეუძლებელია და ვერანაირად იქნება საქართველოს მოსახლეობის აზრის გამომხატველი. აი, აქ ისევ შემოთავაზებულ მოჯადოებულ წრეში ვბრუნდებით.

ჩემი ბლოგ-პოსტი ნაკლებად იყო შეფასებითი ხასიათის. მე მხოლოდ ფაქტების დაფიქსირება და მცირეოდენი ანალიზის გაკეთება მსურდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ამ მოკლე ტექსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მექოთნისა და ქოთნის ყურის არ იყოს, გამგებმა სწორედ ის გაიგო, რაც სურდა, თუმცა უპრიანი იქნებოდა, ავტორის აზრი უფრო ყურადღებით ყოფილიყო აღქმული და კომენტარიც შესაბამისად ყოფილიყო გაგებული.

დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ნაკლოვანებები. ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით ისევ არ შეგვიძლია განსხვავებული (არ აქვს მნიშვნელობა, როგორი) ადამიანების ატანა და ჩვენს თავს დატრიალებული ბევრი პრობლემა სწორედ ამგვარი მიდგომის ბრალია. შეუძლებელია, საზოგადოება იყოს ერთფეროვანი და მასში არსებობის უფლება ჰომოსექსუალსაც აქვს, სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელს და აივ ინფიცირებულსაც. ჩვენ უნდა ვაშენოთ არა სიძულვილზე და დათრგუნვაზე, არამედ ურთიერთანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული საზოგადოება.

February 11, 2011 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , , | 3 Comments

ვინ გსურთ მეზობლად?

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანებს არ ისურვებდით მეზობლად? მსოფლიო ღირებულებების კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ლოთები, ნარკომანები, შიდსით დაავადებულები და ჰომოსექსუალები არასასურველი მეზობლები იქნებოდნენ.ამ გამოკვლევის შესახებ ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ პოსტშიც ვსაუბრობდი, დღეს კი მინდა, კიდევ რამდენიმე საინტერესო შედეგი გაგაცნოთ და ამასთან, ჩვენი ქვეყნის მონაცემები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში დაფიქსირებულ შედეგებს შევადაროთ.

გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ შიდსით დაავადებულთა და ჰომოსექსუალთა მიმართ არსებული სტიგმა მეტად მძლავრადაა საზოგადოებაში გამჯდარი. ერთადერთი ”უცხო” ელემენტი, რომელიც არასასურველ მეზობლად ქართველების ყველაზე მცირე რაოდენობამ დაასახელა, განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეები არიან.  ყველაზე ”შეუწყნარებელ” ”სხვებად” ჩვენთან ასევე ითვლებიან ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულები. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მათ მიკროსამყაროში (სამეზობლო სწორედ ამგვარ სივრცედ უნდა ჩაითვალოს) ამგვარი ადამიანების ადგილი არ არის.  ჩანს, რომ ქართულ საზოგადოებას ისევ საკმაოდ უჭირს ე.წ. ”განსხვავებულების” და მარგინალური ელემენტების ”ატანა”. თუკი სამი ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ, ”სხვებისადმი” დამოკიდებულება ყველაზე რადიკალური სწორედ საქართველოშია, შედარებით ტოლერანტული კი – ბულგარეთში.

საქართველოს მოსახლეობის რელიგიისადმი დამოკიდებულება საუბრის ცალკე თემაა. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა 80%-ზე მეტი თვლის, რომ არამორწმუნე პოლიტიკოსები საჯარო თანამდებობებისთვის შეუფერებელნი არიან, როდესაც დანარჩენ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მცირეა.

წინა მონაცემებით ასე თუ ისე შეიძლება შევაფასოთ ჩვენი საზოგადოების ტოლერანტულობის ხარისხი სხვებთან შედარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სქესთა შორის დამოკიდებულება ასევე საკმაოდ რთულია – ჩვენთან გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სამუშაოზე მიღებისას მამაკაცებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ, როდესაც ბულგარელთა 50% და სერბების თითქმის ორი მესამედი უარყოფითად აფასებს მსგავს სიტუაციას

კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება არის დამოკიდებულება მარტოხელა დედებისადმი. გამოკითხულთა 60% საქართველოში არ ამართლებს მათ, ხოლო 17%-თვის გადაწყვეტილების მისაღებად კონტექსტის გათვალისწინებაა საჭირო. განხილული ორი ქვეყნის შემთხვევაში კი მარტოხელა დედებისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტების პროცენტული წილი უარყოფითისას მნიშვნელოვნად აღემატება.

თანამედროვე საზოგადოების მშენებლობა დიდადაა დაკავშირებული სხვა ადამიანებისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, მიუხედავად არსებული მრავალი რადიკალური მოსაზრებისა. ”განსხვავებულებისადმი” შიში და ადამიანებში არსებული ფობიები უფრო პრობლემებზე მიუთითებენ, ვიდრე პროგრესულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ”სხვების” იგნორირებამ შეიძლება უფრო რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე იმის აღიარებამ, რომ სირთულეები ჩვენშია და ცვლილებებს ვსაჭიროებთ. გზა რთული და წინააღმდეგობრივია, თუმცა აუცილებლად გასავლელი და გადასალახი.

February 9, 2011 Posted by | ფერადი | , , , , , , , , , , | 5 Comments

განვითარების ინდექსი

ადამიანიდ განვითარების ინდექსი გაეროს მიერ შემუშავებული მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც ქვეყნების რანჟირება მათი განვითარების მიხედვით ხვდება. მასში ითვალისწინებენ ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი), დემოგრაფიულ (სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა) და განათლების მაჩვენებლებს. ამასთან, მოხსენებას თან ერთვის ათობით სხვა საინტერესო მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ადამიანის განვითარების მოხსენებაში ასახულია მინიმუმ ერთი ან ორი წლის წინანდელი მონაცემები (მაგალითად, 2010 წლის ინდექსში ასახულია ქვეყნის 2008 წლის მდგომარეობა).
კარგად ვიცით, რომ განვითარებადი (კითხვა ისაა, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი ვითარდებოდე და ვერ განვითარდე) ქვეყნები აღნიშნული მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნიან. უფრო მეტიც – განვითარება რეგიონული ხასიათისაა.

გაეროს სტატისტიკოსებს უამრავი მაჩვენებელი გამოყავთ, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ არ გამოიყენება ადამიანის განვითარების ინდექსის დასათვლელად, მაგალითად – ჯინის ინდექსი. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია განსხვავება მოსახლეობის შემოსავალს/სიმდიდრეს შორის. რაც უფრო მაღალია ჯინის ინდექსი, უფრო დიდი უფსკრული არსებობს ქვეყნის მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის

ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ სხვადასხვა მაჩვენებელი, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც საინტერესო იქნება.
ჯანდაცვაზე დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე.

ქალთა პროცენტული რაოდენობა ადგილობრივ პარლამენტებში

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი

პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა ყოველ 100 კაცზე

კმაყოფილება ცხოვრებით:

November 9, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , | 1 Comment

ვინ ცხოვრობს თურქეთში?

თურქეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობს, რადგან თურქეთის მოსახლეობის აღწერისას კითხვა რესპონდენტის ეთნიკური წარმოშობის შესახებ არ ისმება, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი მხოლოდ სხვადასხვა გამოკვლევებით და მიახლოებითი მსჯელობითაა შესაძლებელი.

ზოგადად, თურქეთში ეთნიკური კუთვნილების თემა კარგა ხნის მანძილზე იყო ტაბუდადებული. ოსმალეთის იმპერიაში ყურადღება ძირითადად პიროვნების რელიგიას ენიჭებოდა, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავდა კიდეც მის ადგილს საზოგადოებაში, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბერძნები, სომხები და ებრაელები იმპერიის პერიოდში ცალკე “მილეთად” (ხალხად, ეთნოსად) ითვლებოდნენ. მათ უმეტეს შემთხვევაში, არავინ დევნიდა და პირიქით, საკმაოდ მდიდარ და გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ, რადგან ძირითდად ვაჭრობით და მევახშეობით იყვნენ დაკავებულები (ანუ იმ საქმიანობით, რაც მართლმორწმუნე მუსლიმს ეკრძალებოდა). მდგომარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ნაციონალისტურად განწყობილი ინტელექტუალებმა (მათ შორის რამდენიმე არათურქი, კერძოდ, ებრაელი იყო), ჩამოაყალიბეს “ახალგაზრდა თურქების” მოძრაობა. ამავე პერიოდში დაიწყო მწვავე დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე. პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო ოსმალეთს და ქვეყნის გადასარჩენად და მასების მობილიზებისთვის მმართველმა ფენებმა ნაციონალიზმი გამოიყენეს. შესაბამისად, ოსმალეთის იმპერიის ყოფილმა მოქალაქეებმა ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ისინი თურქები გახდნენ, არადა უახლოეს წარსულში “თურქს”, როგორც სალანძღავ სიტყვას, ისე გამოიყენებდნენ და ასე ანატოლიელ პროვინციელებს მოიხსენიებდნენ. მოკლედ, 1982 წლის კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია, თურქი დედის ან თურქი მამის შვილიც თურქია, სკოლაში თურქული ენა ისწავლება და ეთნიკური უმცირესობების გათურქების (გინა თურქიზაციის J ) პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს. შედეგად, მცირე გამონაკლისების გარდა, ქვეყანამ მიიღო ბევრი ლოიალური მოქალაქე, რომელთაც შეიძლება, ახსოვთ თავიანთი წარმომავლობა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გამონაკლისს ქურთული სათვისტომო წარმოადგენს, რომელიც გარდა კომპაქტური განსახლებისა, რაოდენობითაც გამოირჩევა. ქურთების დისკრიმინაციამ (მათ კარგა ხნის მანძილზე “მთის თურქებად” მოიხსენებდნენ, არადა, ამ ორ ეთნოსს შორის არავითარი ნათესაური კავშირი არაა). შედეგად თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთში შფოთვის და მღელვარების მუდმივმოქმედი კერა მიიღო.

ჩვენთვის თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის თემა საინტერესო იმიტომაა, თურქეთი ჩვენი მეზობელია და ზანზიბარისგან განსხვავებით, საერთო საზღვარი გვაქვს, ამასთან ჩვენ თანდათან მთელს მსოფლიოში დავიწყეთ ნათესავების ძიება და რაც მთავარია, სხვადასხვა დროს ქართველებით დასახლებული ტერიტორია დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ხოლო მოსახლეობა ძირითადად, არსად წასულა. საკითხავი ისაა, რამდენად თვლიან ის ადამიანები თავს ქართველად და საერთოდ აქვთ კი ამგვარი გრძნობა. თუმცა ეს დღევანდელი პოსტის თემა არაა. უბრალოდ, გადავხედოთ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს და წარმოდგენა შევიქმნათ თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ.

დიაგრამაზე წარმოდგენილია “ეთნოლოგის” მონაცემები თურქეთში გავრცელებული ენების შესახებ. ამ წყაროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 84% თურქულ (Turkic) ენებზე ლაპარაკობს (იგულისხმება, თურქული, თათრული, თურქმენული, აზერბაიჯანული და ა.შ.), 12.4%-ს შეადგენენ ქურთულ ენებზე მოლაპარაკეები (ზაზა (ენა და ხალხია!), ქურმანჯი და ა.შ.), შემდეგ მოდიან ჩრდილოკავკასიელები – 2.1% (იგულისხმებიან ყაბარდოელები, აფხაზები, აბაზები, ჩერქეზები). შემდეგ მოდიან არაბულ, ქართველურ, სლავურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხები.

როგორც ვხედავთ, ეს მონაცემები არც ისე სრულია, თუმცა ამსხვრევს მითს თურქეთის მონოეთნიკურობის შესახებ. როდესაც შენი მოსახლეობის მინიმუმ ოცი პროცენტი არ განეკუთვნება სატიტულო ერს, ე.ი. ეთნიკურ უმცირესობებისთვის დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება არც ისე მომგებიანი იქნება, მით უმეტეს, თუკი ბოლო წლებია, უშუალოდ აკაკუნებ ევროკავშირის კარზე, რომელიც ამგვარ მიზეზს შენს გასაპანღურებლად აუცილებლად დაიხვევს თითზე.

გავლენიანმა თურქულმა გამოცემამ “მილიეთმა” და KONDA Research-მა (ეს უკანასკნელი თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს) 2006 წელს საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარა ქვეყნის სოციალური სტრუქტურის შესახებ. თურქეთის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული 50 ათასამდე ადამიანი. რესპონდენტებს კითხვები მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებაც დაუსვეს. ვერ გეტყვით, რამდენად სწორად განაზოგადეს შედეგები, მაგრამ თუკი მათ ვენდობით, ჩანს, რომ თურქეთის 73-მილიონიანიანი მოსახლეობიდან 76% თურქია, 15.7% – ქურთი. უფრო სრულად სტრუქტურა მარჯვნივ მდებარე ცხრილშია მოცემული. ქართულენოვან ცხრილში კი საერთაშორისო პროტესტანტული საზოგადოების Joshua Project -ის მონაცემებია, რომელიც მიგვითითებს, რომ თურქეთში მილიონზე მეტი რიცხოვნობის მქონე ეთნოსებს შეადგენენ თურქები, ქურთები, არაბები და ჩერქეზები (ჩრდილოკავკასიელები). ლაზებისა და ქართველების რაოდენობა 150 – 150 ათასს შეადგენს, აფხაზების – 56 ათასს და ა.შ.

ორიოდე წლის წინ თურქულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები. თუკი მას დავუჯერებთ, თურქების (და თურქულენოვანი ადამიანების) რაოდენობა ქვეყანაში 55 მილიონს შეადგენს, ქურთებისა – 12-15 მლნ.-ს, ჩერქეზების – 2.5 მილიონს, ქართველების – 1 მილიონს, არაბებისა – 870 ათასს, ლაზების – 80 ათასს, ალბანელების – 1.3 მილიონს და ა.შ.

როგორც ვხედავთ, მონაცემები თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა მიგვითითებს, რომ ძირითად ეთნოსებს ქვეყანაში თურქები და ქურთები შეადგენენ, ამასთან აქ ჩრდილოკავკასიელების, არაბების, ქართველების მნიშვნელოვანი რაოდენობა სახლობს. რაც შეეხება ქართველების რაოდენობის შესახებ ისეთ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც თურქეთში ჩვენებურების სამმილიონიანი დიასპორა ცხოვრობს, ჩემს მიერ მოძიებული მასალები მსგავსის თქმის საშუალებას არ იძლევა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად ლეგენდაცაა. რა თქმა უნდა, თურქეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ქართველი ურევია წინაპრებში, ბევრი იქნება, მაგრამ რამდენად თვლიან ეს ადამიანები ქართველად, სულ სხვა საქმეა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ლოიალური მოქალაქეები არიან და ჩვენ პირველ რიგში ნათესავების ძებნის ნაცვლად, ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ…


September 13, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , | 4 Comments

ღირებულებები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში – ჰომოსექსუალიზმი, რელიგია და მეუღლის ცემა

მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (World values survey) ტილბურგის უნივერსიტეტის მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებების მდგომარეობის შესწავლაა. იგი ითვალისწინებს გამოკითხვებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-საიტზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააანალიზოს მონაცემები, ან თუკი რომელიმე სტატისტიკური პროგრამა და/ან შესაბამისი ცოდნა გააჩნია, ჩამოტვირთოს და უფრო რთული გამოთვლები ჩაატაროს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).

როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.

საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.

ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი…

ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება…
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ…

September 9, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , | 7 Comments

სამთავრობო გუმბათები

კაპიტოლეუმი
სამთავრობო შენობა პუერტო-რიკოში

პალაუს მთავრობის სასახლე
და…

February 17, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , , , | 1 Comment

ძეგლთა მიგრაცია

დაახლოებით ერთი წლის წინ სანტანდერის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნიდან პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებული კაუდილიო ფრანკოს უკანასკნელი სტატუაც მოაშორეს. ძეგლის აღების პროცესს უამრავი ცნობისმოყვარე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს დიქტატურა ესპანეთში ოფიციალურად ნეგატიურად თითქმის არასოდეს შეუფასებიათ, ახალი დემოკრატიული ხანის დადგომის შემდეგ მასთან დაკავშირებული ძეგლები თანდათან თვალს მიეფარა და ამჟამად მხოლოდ ესპანეთის აფრიკულ ნაწილში, ქალაქ მელილიაშია შემორჩენილი.

სტატუები მმართველი წრეების საყვარელ გასართობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან. მისწრაფება გიგანტომანიისაკენ სახვით ხელოვნებაში ამგვარი წყობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი თავიანთი სიდიადით თითქოს თრგუნავენ მნახველს და მორჩილებას უნერგავენ. საზოგადოებაზე ზემოქმედების ამგვარი ხერხი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი.

საქართველოში, რომელიც არასოდეს იყო განებივრებული დემოკრატიული მმართველობით, ამგვარი გიგანტური არქიტექტურული ფორმები უხვადაა. ამასთან ყოველი რეჟიმი ცდილობდა, საკუთარი ხელწერა დაეტყო მათზე. კომუნისტური ეპოქაში ძირითადი

აქცენტი პარტიულ ბელადებზე და ასევე მმართველობისთვის სასურველ ისტორიულ პიროვნებებზე კეთდებოდა (მოდით, სააკაძისა და აღმაშენებლის ძეგლების დადგმას კომუნისტური ელიტის სულში პატრიოტიზმის მბჟუტავი ალის გაღვიძებად ნუ შევაფასებთ). ლავრენტი ბერია, როგორც ცნობილია, მეტეხის ტაძრის აფეთქებას და მის ადგილზე შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმას აპირებდა (საინტერესო პარადოქსი – ქართველებისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაგებობა საფიცარი პოეტის ქანდაკებით უნდა შეეცვალათ). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა ჟამი ძეგლების ჩამოგდებისა. შედეგად, საქართველოს ყველა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გაქრა ლენინისა და სტალინის მონუმენტური ქანდაკებები, რაც სრულიად გამართლებული იყო. საზოგადოება უნდა გათავისუფლებულიყო წარსული ხსოვნისგან, რისი განხორციელებაც ჯერ გარეგნული ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო.

საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძეგლების გადაადგილება. გავიხსენოთ სასტუმრო “რედისონ-ივერიის” მიმდებარე ტერიტორიიდან დავით აღმაშენებლის ქანდაკების უეცარი აღმოჩენა თბილისის შემოსასვლელში, ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის მიგრაცია ქალაქის ცენტრიდან მის ერთ-ერთ გარეუბანში, ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დემონტაჟის ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევა (კიდევ ერთი ლირიული გადახვევა: როგორც ამბობენ, ამ მონუმენტის ადგილას პარლამენტის შენობის აგება იგეგმებოდა – ასევე საინტერესო პარალელი: თბილისში მთავრობის სასახლის ადგილას ადრე სამხედრო ტაძარი იყო, რომელიც მეფის რუსეთის არმიის და ხელისუფლების სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა…) , თამარ მეფის გამზირზე ზარ-ზეიმით გახსნილი და შემდეგ ბორჯომში გადატანილი პრომეთე… მაგალითი ბევრია, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არქიტექტურული ფორმების გადატანა-გადმოტანას.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ისევ ბევრი რამაა იდეოლოგიზებული. წარსული რეჟიმებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ ხდება მათ მიერ დატოვებული მონუმენტური ნაკვალევების წაშლა და სხვა ორიენტირებით ჩანაცვლება. თუმცა ამ პროცესში შეცდომებსაც აქვს ადგილი. მაგალითად, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას დგას მედეას ძეგლი, ქალისა, რომელიც კლასიკურ სამყაროში ღალატის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მას ხელთ ოქროს საწმისი უპყრია – გატაცებული ღირსებისა და პატივის აღმნიშვნელი. ასევე თითქმის გაურკვეველი მიზეზების გამო საკუთარი ადგილი შეინარჩუნა პროლეტარიატის დიდი ბელადის ძეგლმა ქალაქ გორში, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ამშვენებს ამ ქალაქის მთავარ მოედანს.

სივრცითი ორიენტირები ადამიანის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ, თუმცა საზოგადოების აზროვნების უკეთესისკენ შეცვლისთვის საკმარისი არაა მათი მოშლა და ახლით ჩანაცვლება. ადამიანებმა პირველ რიგში, გონებით უნდა გაითავისონ ცვლილებების საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის დღევანდელის მსგავსი იქნება.

February 16, 2010 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , | 2 Comments

აღმოსავლურიდან დასავლურისკენ

რატომაა შეუძლებელი ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება? ამ თემაზე წერისას ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით დასავლეთში, ღრმად განხილვისგან თავს იკავებს. თავისთავად ცხადია, რომ ნორვეგიულ და ინდურ, ისლანდიურ და ბოცვანის დემოკრატიებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. დემოკრატია, როგორც სისტემა, მთლიანად დასავლური, კერძოდ ქრისტიანული და კიდევ უფრო კონკრეტულად, ევროპული პროტესტანტული ცივილიზაციის პირმშოა. არ უნდა ავურიოთ ძველი ბერძნული და თანამედროვე დემოკრატიები ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს კლანური დემოკრატიის განვითარებულ ფორმასთან, როდესაც ერთი, საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ. არსებობენ საზოგადოებები, რომელთა მართვაც თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულად განსახორციელებელია დემოკრატიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია :) , საზოგადოების განვითარების ისტორიული და კულტურული თავისებურებები საშუალებას არ იძლევა, ყველგან მართვის ერთნაირი ფორმა იყოს ეფექტური. საქმე ის არ არის, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის მართვის ფორმა, არამედ რამდენად ეფექტურად წყვეტს იგი თავის წინაშე არსებულ ამოცანებს. ნებისმიერი სისტემა ცდილობს, რომ ასე თუ ისე უზრუნველყოს საკუთარი სტაბილურობა და მაქსიმალურად შეზღუდოს წევრების მისწრაფება ცენტრიდანული მოქმედებებისკენ.

ძვ. წ. აღ. 209 ჩენ-შენის და ვუ-გუანის აჯანყება
ძვ. წ. აღ. 154 შვიდი სახელმწიფოს აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ლიულინის აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ჩიმეის აჯანყება
ახ. წ. აღ 184 ყვითელდოლბანდიანდთა აჯანყება
ძვ. წ. აღ. 204 ახ. წ. აღ. 220 ბრინჯის ჯანყები
756-763 ან-შის აჯანყება
1340 წითელდოლბანდიანდთა აჯანყება
1640-45 ლი-ძიჩენის აჯანყება
1655 – 1677 სამი მთავრის გადატრიალება
1796 თეთრი ლოტოსის აჯანყება
1856-1872 ტაიპინელთა აჯანყება
1855-1867 მეჩირაღდნეთა აჯანყება
1899-1901 ბოქსიორთა აჯანყება
1911 ცინხაის რევოლუცია
1945-1949 სამოქალაქო ომი

ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს.  კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.

მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.

მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.

სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას – მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი – უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.

September 16, 2009 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , | 3 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.