დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ღირებულებები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში – ჰომოსექსუალიზმი, რელიგია და მეუღლის ცემა

მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (World values survey) ტილბურგის უნივერსიტეტის მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებების მდგომარეობის შესწავლაა. იგი ითვალისწინებს გამოკითხვებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-საიტზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააანალიზოს მონაცემები, ან თუკი რომელიმე სტატისტიკური პროგრამა და/ან შესაბამისი ცოდნა გააჩნია, ჩამოტვირთოს და უფრო რთული გამოთვლები ჩაატაროს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).

როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.

საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.

ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი…

ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება…
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ…

September 9, 2010 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ქართული დემოკრატია | , , , , , , , , , , , | 7 Comments

უორჰოლიზებული მაო

ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან – პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.

ქვის მაო


პოპკორნის მაო


ბრინჯის მაო


პინგ-პონგის მაო




საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)


იგი ჩინელი სტალინია

August 8, 2010 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , , , , , , , | 5 Comments

სტალინის ბიუსტი წყალტუბოში

ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.

July 1, 2010 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე, რეპორტაჟი პატარა ქალაქიდან | , , , , , , , , , | 4 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.