დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ტიტები არ არიან…

ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში  ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.

View Larger Map
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა – ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს – მაქსიმს ამზადებდა.

არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).

შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი…

(ფოტოები: Associated Press, Reuters)

April 7, 2010 Posted by | ლეგენდები კომუნიზმზე | , , , , , , , , , , | 2 Comments

აღმოსავლურიდან დასავლურისკენ

რატომაა შეუძლებელი ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება? ამ თემაზე წერისას ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით დასავლეთში, ღრმად განხილვისგან თავს იკავებს. თავისთავად ცხადია, რომ ნორვეგიულ და ინდურ, ისლანდიურ და ბოცვანის დემოკრატიებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. დემოკრატია, როგორც სისტემა, მთლიანად დასავლური, კერძოდ ქრისტიანული და კიდევ უფრო კონკრეტულად, ევროპული პროტესტანტული ცივილიზაციის პირმშოა. არ უნდა ავურიოთ ძველი ბერძნული და თანამედროვე დემოკრატიები ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს კლანური დემოკრატიის განვითარებულ ფორმასთან, როდესაც ერთი, საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ. არსებობენ საზოგადოებები, რომელთა მართვაც თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულად განსახორციელებელია დემოკრატიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია :) , საზოგადოების განვითარების ისტორიული და კულტურული თავისებურებები საშუალებას არ იძლევა, ყველგან მართვის ერთნაირი ფორმა იყოს ეფექტური. საქმე ის არ არის, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის მართვის ფორმა, არამედ რამდენად ეფექტურად წყვეტს იგი თავის წინაშე არსებულ ამოცანებს. ნებისმიერი სისტემა ცდილობს, რომ ასე თუ ისე უზრუნველყოს საკუთარი სტაბილურობა და მაქსიმალურად შეზღუდოს წევრების მისწრაფება ცენტრიდანული მოქმედებებისკენ.

ძვ. წ. აღ. 209 ჩენ-შენის და ვუ-გუანის აჯანყება
ძვ. წ. აღ. 154 შვიდი სახელმწიფოს აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ლიულინის აჯანყება
ახ. წ. აღ 17 ჩიმეის აჯანყება
ახ. წ. აღ 184 ყვითელდოლბანდიანდთა აჯანყება
ძვ. წ. აღ. 204 ახ. წ. აღ. 220 ბრინჯის ჯანყები
756-763 ან-შის აჯანყება
1340 წითელდოლბანდიანდთა აჯანყება
1640-45 ლი-ძიჩენის აჯანყება
1655 – 1677 სამი მთავრის გადატრიალება
1796 თეთრი ლოტოსის აჯანყება
1856-1872 ტაიპინელთა აჯანყება
1855-1867 მეჩირაღდნეთა აჯანყება
1899-1901 ბოქსიორთა აჯანყება
1911 ცინხაის რევოლუცია
1945-1949 სამოქალაქო ომი

ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს.  კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.

მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.

მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.

სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას – მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი – უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.

September 16, 2009 Posted by | ქართული დემოკრატია | , , , , | 3 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.