გათავისუფლებული პროლეტარი
რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების და სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის პირველი სტანდარტული საფოსტო მარკების სერია გამოიცა. გამოცხადებულ კონკურსში მიხაილ ანტონოვის მიერ წარმოდგენილმა ესკიზმა გაიმარჯვა. მასზე გამოსახული იყო მუშა მახვილით ხელში, რომელმაც დასცა რა დრაკონის სახით კაპიტალიზმი, მასზე გადაბიჯებით სინათლისაკენ მიიწევს. მარკის სახელწოდებაც სწორედ ასე ჟღერდა – ”გათავისუფლებული პროლეტარი (სინათლისაკენ!)”.

ანტონოვმა ესკიზისათვის მსოფლიო მითოლოგიაში ჭაბუკისა და გველეშაპის დაპირისპირების კარგად ცნობილი მოტივი გამოიყენა, რომლის პირველ კლასიკურ მაგალითად აპოლონის მიერ ურჩხულ პითონის დამარცხება ითვლება. სინათლის ღმერთი, რომელიც ახალი სამყაროს წარმომადგენელია, ქთონურ (მიწიერ) არსებას – ძველი საზოგადოების განსახიერებას კლავს. ზოგადად, ბერძნული მითოსი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს რეგიონში მიმდინარე მოვლენების ანარეკლს. ახალი და ძველი თაობის ღმერთების დაპირისპირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც მომხდურ ელინურ ტომებსა და ადგილობრივ წინაბერძნულ საზოგადოებას შორის არსებული კონფლიქტი. შესაბამისად, პითონი ამ შემთხვევაში ძველი წყობის განმასახიერებელია, რომელიც დათრგუნულია აპოლონის მიერ. მსგავს მოტივს განეკუთვნება ზევსის მიერ ტიფონის (ტითონის) დამარცხება, პერსევსის გმირობა და ა.შ.

წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის ძლევის ამბავიც ანალოგიურ სიუჟეტს ეფუძნება. (ზოგადად, წმინდა გიორგის თაყვანისცემამ ძალიან ბევრი რამ შეითვისა წინაქრისტიანული კულტებისაგან, მათ შორის – აპოლონისგან). შეიძლება ითქვას, რომ კაპადოკიელი მხედარი ახალი რელიგიის, შესაბამისად, ახალი წყობილების სიმბოლოა, ხოლო გველეშაპი-დიოკლეტიანე – ძველი, თუმცა გაბატონებული წარმართული საზოგადოებისა, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. რაც შეეხება სინათლესთან კავშირს, წმინდა გიორგის თაყვანისცემამ მცირე აზიის ტერიტორიაზე (ასევე საქართველოში) მთვარის ღვთაების კულტი ჩაანაცვლა. უფრო მეტიც, საქართველოს რესპუბლიკის გერბზე გამოსახული თეთრი გიორგი სწორედ წარმართულ სიმბოლო უფროა, ვიდრე კანონიკური წმინდანი.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირველ საბჭოთა მარკაზე მეტნაკლებად ”ქრისტიანული” სიმბოლო მოხვდა, რომელიც წმინდა გიორგისთან მსგავსებას ბევრს აღუძრავს. შესაძლოა, ანალოგია შემთხვევითია და ანტონოვს წინასწარი განზრახვა არ ამოძრავებდა. მთავარი ისაა, რომ პირველ საბჭოთა რუსულ მარკაზე გამოსახული სამივე საკვანძო სიმბოლო – ახალგაზრდა მამაკაცი, გველეშაპი და სინათლე იმავე იდეას გამოხატავენ, რის განსახიერებადაც აპოლონის, ზევსის და წმინდა გიორგის დრაკონებთან ბრძოლა საუკუნეთა მანძილზე აღნიშნავდნენ – ძველი საზოგადოების და წყობილების დამარცხებას, ახალი წესრიგისკენ – სინათლისკენ სწრაფვას და გამარჯვებას.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა
შენობები და საქალაქო ლანდშაფტები ხშირად ასახავენ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მათი აგების პერიოდში სუფევს. ხშირ შემთხვევაში (ეს განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებისთვის აგებულ შენობებს ეხებათ) მათი დამპროექტებლები ცდილობენ, სპეციალურად ჩადონ გარკვეული ტიპის გზავნილი ან სიმბოლოები, რომელიც მათ (ან დამკვეთის) პოლიტიკურ იდეებზე თუ განწყობაზე მიუთითებს. დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ და შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების შენობებიც ძველია, ამგვარი სიმბოლოების ამოკითხვა ცოტა რთულია.

სამი ხელისუფლების მოედანი ბრაზილიაში
როდესაც პოლიტიკურ არქიტექტურაზე საუბრობენ, მის ”ლაბორატორიად” და საგამოფენო დარბაზად ქალაქ ბრაზილიას მიიჩნევენ. მართლაც, ლუსიუ კოშტას და ოსკარ ნიმაიერის ”პირმშო” ჩაფიქრებული იყო ბრაზილიური პოლიტიკური სისტემის ხატად – ამ იდეას ყველაზე კარგად ქალაქის ცენტრალური მოედანი პრასა-დუშ-ტრეშ-პოდერეში (სამი ხელისუფლების მოედანი) ასახავს.
აქ განლაგებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს, ეროვნული კონგრესის და პლანალტუს სასახლის (მთავრობის შტაბ-ბინა) შენობები, რომლებიც ისე ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, როგორი ურთიერთობებიც სასურველი იქნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებულ მსგავს სტრუქტურებს შორის. ეროვნული კონგრესის შენობა კი ქვეყნის ფედერალიზმის კარგი განსახიერებაა – ორპალატიანი პარლამენტის შენობა ორი თითქმის იდენტური ნაწილისგან შედგება. ნახევრადსფერული გუმბათების ქვეშ ქვეყნის სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება.
ქართული პოლიტიკური არქიტექტურა კარგა ხნის მანძილზე კომუნიზმის იდეალების ტყვე იყო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებები საბჭოთა ნაგებობებში იყო განთავსებული. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიდ და ზოგჯერ არასაჭირო ყურადღებას უთმობს სიმბოლოებს, არახალია. ახლადაგებული სახელმწიფო დაწესებულებები კი ნამდვილად არიან გარკვეული გზავნილების მატარებლები, რომელთა წაკითხვასაც დიდი დაკვირვება არ ჭირდება.
ქვეყნის მთავარ მიღწევად ამჟამად კორუფციის დამარცხება და სახელმწიფო სისტემებში, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა ითვლება. ამის დასადასტურებლად ახლადაგებული პოლიციის შენობებიც კმარა, სადაც ნებისმიერ ცნობისმოყვარეს შეუძლია, საათობით დააკვირდეს, თუ რითი არიან სამართალდამცავები დაკავებულები და ზოგადად, ალბათ ამ მიზეზის გამო მინა პოსტრევოლუციური ქართული არქიტექტურის უმთავრეს ატრიბუტად იქცა.
გარდა მასობრივი მოხმარების საჯარო დაწესებულებებისა, რეკონსტრუქცია და და ხშირ შემთხვევაში, ახალსახლობა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო სტრუქტურას შეეხო. პირველი ამ მხრივ პრეზიდენტის სასახლეა. ჩემს ძველ პოსტში მოცემული იყო მსგავსება სხვა სამთავრობო შენობებთან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, კაპიტოლეუმის შენობის მინაბაძებს წარმოადგენენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, რომში არსებული იუპიტერის ტაძრის ანალოგიით იქნა აგებული.
მიკელე დე ლუკის პროექტით აშენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ”გამჭვირვალე” ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთი სიმბოლოა, რომლითაც როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრიც ძალიან ამაყობენ. შენობა მართლაც ორიგინალურია და როგორც ამბობენ, ინტერიერიც ძალიან საინტერესო ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს რეკონსტრუირებული შენობაც შემინულია და ასევე
ორიგინალური დიზაინი გააჩნია.
ესპანური კომპანია CMD Ingenieros-ი ამჟამად საქართველოსთან დაკავშირებულ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობს. პირველი მათგანი ქუთაისში პარლამენტის, ხოლო მეორე კი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ჩიტაძის ქუჩიდან ამ უწყების ემიგრაციის შესახებ ამბავი არ გავრცელებულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შენობები ორგინალობით ნამდვილად გამოირჩევიან, ამასთან, აღნიშნული კომპანია პარალელურად საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებსაც ახორციელებს – ბათუმის ოპერის შენობა, ბულვარის რეკონსტრუქცია ბათუმში და ახლის მშენებლობა ანაკლიაში და ა.შ.
პარლამენტის შენობა, რომელიც გარკვეულწილად ზამთრის ბაღის პრინციპს იმეორებს, დიდ გამჭვირვალე წვეთს თუ გულს წააგავს. მინის გუმბათის ქვეშ 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული იქნება სხდომათა დარბაზი, ოფისები, საკონფერენციო ოთახები, მცირე ზომის ბაღიც კი. შენობა გარშემორტყმულია ე.წ. მილენიუმის პარკით, რომელიც როგორც CMD Ingenieros-ის ვებსაიტზე წერია, ქუთაისის მწვანე ფილტვები უნდა გახდეს. შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინში დიდი როლი უჭირავს წყალს – თავად შენობა ხელოვნურ ტბაში იქნება განლაგებული, ხოლო ნაკადული კი პარლამენტის პარკში გაედინება. საინტერესოა, რომ პროექტის ავტორები ორი იაპონელი მამორუ და კეინიჩი კავაგუჩია, ხოლო იაპონელი სტუდენტები პროექტის დამუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იგი ორი დამოუკიდებელი პერპენდიკულარული შენობისგან შედგება. პირველი ავტოსტრადის პირასაა განლაგებული, მეორე კი – ოფისებით კომპოზიციის სიღრმეშია განლაგებული. გამჭვირვალე მასალა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან თუკი პროექტს დავუჯერებთ, შენობის ფასადი შემინული იქნება და ცნობისმოყვარეთა ყურადღებას ნამდვილად დააკმაყოფილებს. თუკი ქუთაისის შემთხვევაში პარლამენტის მდებარეობის ადგილი ნამდვილად ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მხოლოდ მსჯელობა გვიწევს. სურათების მიხედვით იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მხარეს უნდა იყოს განლაგებული. თუკი ასეა, მაშინ ამ უბანში გვექნება როგორც
თანამედროვე, ასევე ტრადიციული თბილისური არქიტექტურის ნიმუშები. თუ რამდენად უხდებიან ერთმანეთს, ეს ალბათ გემოვნების საკითხია, მთავარი ის არის, რომ დედაქალაქში სამთავრობო შენობების კონცენტრაციის ორი მთავარი არეალი იკვეთება – ორთაჭალა (პროკურატურა, იუსტიციის, შს და გარემოს დაცვის სამინისტროები) და ავლაბარი (საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის რეზიდენცია). ამგვარად, თბილისის ორ უძველეს ისტორიულ უბანს აღორძინების და რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა.

გამჭვირვალე მასალა და ულტრათანამედროვე დიზაინი თანამედროვე ქართული პოლიტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ხელისუფლებამ ხმამაღლა გამოცხადებული ორი მთავარი სლოგანი – გამჭვირვალეობა და მოდერნიზაცია ახლადაგებულ სამთავრობო შენობებშიც გამოიხატება.
This slideshow requires JavaScript.
ფოტოები ჩამოტვირთულია ”ვიკიპედიიდან” და CDM Ingenieros -ის ვებ-საიტიდან. ყველა ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ
უორჰოლიზებული მაო
ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან – პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.

პოპკორნის მაო

ბრინჯის მაო

პინგ-პონგის მაო


საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)

იგი ჩინელი სტალინია
სახალისო კარტოგრაფია
ამას წინათ ერთ ბლოგზე საინტერესო და სახალისო რუკებს წავაწყდი, რომელიც ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ.
მოცემული რუკა ასახავს 1912 წლის რევოლუციის პერიოდში ჩინეთში არსებულ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა ფაქტიურად ანექსირებული იყო უცხოელების მიერ და ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტი გავლენა კოლონისტებს გააჩნდათ.

1870 წლის ამ რუკაზე კი აღწერილია, თუ რა ხდებოდა 1870 წელს ევროპაში – პრუსია და საფრანგეთი ერთმანეთს ებრძვიან, რუსეთი დასავლეთისკენ მიიწევს, ხოლო ირლანდია ბებერ ბრიტანეთს ძაღლის საყელურზე გამოუბამს და არ უშვებს

კისაბურო ოჰარას მიერ 1904 წელს შექმნილ ამ რუკაზე კი ისევ ჩინეთისა და გაერსამყაროს ურთიერთობის თემაა აქტუალური, თუმცა რუსეთის როლი აქაც ხაზგასმულია, რადგან რუკის ავტორი იაპონელია და იგი სწორედ რუსეთ-იაპონიის ომის წინაა შექმნილი

რუსეთის თვალით დანახული ევროპა:

დაბოლოს, სალაღობო რუკა ”ბეჭდების მბრძანებლის” თემაზე – როგორც ჩანს, მინიმუმ 20 წლის წინანდელ სიტუაციას ასახავს, მაგრამ დღევანდელობასაც გარკვეულწილად ეხმიანება…

სტალინის ბიუსტი წყალტუბოში
ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.
ტიტები არ არიან…
ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.
View Larger Map
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა – ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს – მაქსიმს ამზადებდა.
არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.
როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).
შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი…
(ფოტოები: Associated Press, Reuters)
ლურჯ-ყვითელი არჩევანი 2 – საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები Yellow-Blue Choice – Preliminary Results of Ukrainian Presidential Elections
უკომენტაროდ: უკრაინაში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკები
With no comment: maps of the Ukrainian presidential elections held yesterday



რუკები დამზადებულია უფასო და ინტერნეტში თავისუფლად გავრცელებული მასალების საფუძველზე. რუკების გამოყენება შესაძლებელია ავტორის ნებართვის შემთხვევაში
The maps are made on basis of free and publicly available sources. Use maps under author’s permission.
ლურჯ-ყვითელი არჩევანი
არჩევნები მეტნაკლებად დემოკრატიული ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თავად არჩევნების მიმდინარეობაზე კი უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას – ქვეყნის ეკონომიკა, მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები. უკრაინა ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ქვეყანაში 2004 წელს
ჩატარებული არჩევნების შემდეგ შედეგების რეგიონული განსხვავება თვალსაჩინოა. 2004 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ქვეყანა თითქოს გაიყვეს – ისტორიული მარჯვენა ნაპირის უკრაინამ იუშჩენკოს დაუჭირა მხარი, ხოლო რუსულ- და სურჟიკენოვანი (სურჟიკი – უკრაინული და რუსული ენის ნარევი, რომელიც ე.წ. ბუფერულ რეგიონებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული) მარცხენა ნაპირის უკრაინა კი იანუკოვიჩის ერთგული დარჩა.
ხვალ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა (როგორც თავად უკრაინელები ამბობენ) თავის პრეზიდენტს ირჩევს. სავარაუდოდ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით ლიდერობს და მისი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. თუმცა იმას ნამდვილად ვერ გავექცევით, რომ მიმდინარე და უკრაინის საერთოდ ყველა კონკურენტუნარიან არჩევნებზე გავლენას ეთნიკური და ენობრივი თავისებურებები ახდენს. გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იუშენკოს ბლოკმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ დასავლეთ ოლქებში მიაღწია, სადაც სწორედ უკრაინულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ვიქტორ იანუკოვიჩი კი პოპულარული ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სადაც როგორც ყველასთვის ცნობილია, უკრაინულენოვანი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა შედარებით მცირეა.
საინტერესოა, რამდენად გამოვლინდება ზემოთგანხილული ტენდენცია ხვალინდელ არჩევნებში. გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მაღალი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელსაც გარანტირებული აქვს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ამომრჩეველთა ხმები. ამ რეგიონში სხვა კანდიდატებს შედარებით ნაკლები შანსები აქვთ, ამასთან უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება – რაც უფრო ეთნიკურად ერთგაროვანია ოლქი, მით უფრო ნაკლებპლურალისტური იყო ამომრჩევლის ქცევა. ამ შემთხვევაში სულაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ეთნიკური თუ ენობრივი ჯგუფია დომინანტი ამ რეგიონში. 
ისმის კითხვა, რა იქნება ამ არჩევნებზე? ახლა ხომ გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მასში მონაწილეობას “ნარინჯისფერი კოალიციის” რამდენიმე აქტიური წევრი იღებს. ამჟამად პრეზიდენტ იუშენკოს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და იანუკოვიჩის მთავარ კონკურენტს “ნარინჯისფერი პრინცესა” იულია ტიმოშენკო წარმოადგენს, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად მას “რეგიონების პარტიის” ლიდერთან შედარებით ელექტორატის ნაკლები რაოდენობა უჭერს მხარს. ამასთან არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – ე.წ. დასავლეთის ელექტორატი რამდენიმე კანდიდატს შორის მერყეობს, რომლებიც ეთნიკურ უკრაინელებს წარმოადგენენ და ამის აფიშირებას ახდენენ კიდეც. თუმცა, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა და ყველაფერი იქ გადაწყდება.
თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, თუ რატომ არის უკრაინის ამომრჩეველი ასე დიფერენცირებული და მომავალში რა პრობლემას წარმოქმნის აღნიშნული ფაქტი. არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, ლეგალურად გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც დემოკრატიულ პირობებში ყოველთვის აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დამარცხებული გერმანელი ხალხი სავსე იყო შურისძიების წყურვილით, ხოლო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს, მოიგეს რა არჩევნები სრულიად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. უკრაინის არჩევნები კი კიდევ ერთხელ ასახავს, თუ რა განსხვავებულად აღიქვამს მოვლენებს ქვეყნის მოსახლეობა თან ეს სხვაობა ტერიტორიული კონცენტრაციით გამოირჩევა. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამგვარმა სხვაობამ? საკმაოდ საშიში ტენდენციაა – პირდაპირ რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ქვეყანა აუცილებლად გასაყოფადაა განწირული, თუმცა მისი ერთ ერად ჩამოყალიბება ძალიან რთული საქმეა. უფრო მეტიც, შეიძლება განვაცხადოთ, რომ უკრაინელი ერი, როგორც პოლიტიკური ერთობა, არ არსებობს, ქვეყანაში არის ორი დომინანტი ეთნოსი, რომელიც განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და როდესაც შანსი ეძლევა, ამ სხვაობის ღია გამოვლენას არ ერიდება.
უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებული არ არის და იგი მაგალითად ჩვენთვისაც გამოდგება. სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული ტენდენცია ზოგჯერ ვლინდება ხოლმე, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ქართველი ერი ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ბევრი მტკიცებისა, რომ უძველესი ერი ვართ, ჩვენი თანამდეროვე პოლიტიკური ერთობისთვის სახის მიცემა სწორედ ახლა მიმდინარეობს და უნდა ვეცადოთ, რომ იგი სათანადო გზით წარიმართოს. თუკი ასე არ მოხდება, გათიშულობის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში და თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამჟამინდელი პერიოდი წარუმატებლობის კიდევ ერთ განსახიერებად იქცეს.
ის, რაც ცამ უნდა დაინახოს
ესა თუ ის ისტორიული პერიოდი საზოგადოების ცხოვრების ყველა კომპონენტზე ახდენს გავლენას. მანერები, ქცევა, ჩაცმულობა, ხელოვნება, ყოველდღიურობა – ეს ამ ზეგავლენის არასრული ჩამონათვალია. ის, რომ არქიტექტურაში გარკვეული იდეების გადმოცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, სულაც არაა საკამათო. საგნების ვიზუალური აღქმა ხომ ზემოქმედების ძალიან გავრცელებული მეთოდია (შუა საუკუნეებში ეკლესიის ფრესკები
უწიგნურთათვის ბიბლიის მაგივრობას წევდა , ახლა კი ჩვენი გონება უმეტესწილად ტელევიზიით მოწოდებული მხედველობითი ინფორმაციის საშუალებით ახდენს სამყაროზე აზრის წარმოდგენას).
ნებისმიერი რეჟიმი ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს, თავისი მმართველობის პერიოდში ვიზუალურ ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამახასიათებელი ნიუანსი შეიტანოს, რათა თავისი განსხვავებულობა გამოხატოს. ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო ანალიზის და მსჯელობის საგანია, თუმცა აქ ჩვენ მხოლოდ ერთ საკმაოდ ცნობილ, თუმცა ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიტანთ. ყველამ ვიცით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა გააჩნია. მართალია, ამჟამად ამ მსგავსების შემჩნევა ერთი შეხედვით რთულია მრავალი მიშენების თუ გადაკეთების გამო, თუმცა ჰაერიდან ან რუკიდან ოდნავი დაკვირვების შედეგად ყველაფერი ნათელი ხდება.
შენობების არა, მაგრამ ფაშისტებმა გერმანიაში, სოფელ ცერნიკოვის მახლობლად არსებულ ტყეში ხეები
ისე დარგეს, რომ შემოდგომისას შუაგულ მწვანე ტყეში ყვითელი სვასტიკის დანახვა შეგეძლოთ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივმა მთავრობამ ხეები მოჭრა.
მოყვანილი პირველი ორი მაგალითი ასე თუ ისე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, თუმცა შენობებისა და მიწისზედა ნაგებობების ფორმაში გარკვეული აზრის ჩადების იდეა ძირითადად რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშობოდა. გავიხსენოთ ქრისტიანული ტაძრების ფორმა, ასევე საიდუმლო ნიშნები ნასკას უდაბნოში, რომელიც სავარაუდოდ, ანალოგიური იდეის მატარებელია და სულაც არ წარმოადგენს გარმიანელთა კოსმოსურ შუქნიშნებს თუ ასაფრენ ბილიკებს.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება აღნიშნულ თემაზე, თუმცა საინტერესოა – ვის უნდა ეყურებინა ციდან
ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაქუჩ-ნამგლისთვის? ღმერთს, რომლის არსებობასაც კომუნისტები არ ცნობდნენ? საინტერესოა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) გამოყოფა საბჭოთა ოკუპაციის დამყარებიდან ერთ წელიწადში მოხდა. იდეაში უმაღლესი სასწავლებელი ტაძარს წარმოადგენს – ტაძრებს კი ქრისტიანულ სამყაროში ძირითადად ჯვრის ფორმა ჰქონდათ. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონია არქიტექტორს – ახალი ტიპის ტაძრების ახალი ტიპის ფორმა გვიცხადებს, რომ ახალ სამყაროში უმაღლესი არა ღმერთი, არამედ განათლება და ცოდნაა. საქმე გვაქვს ძველი სიმბოლიკის სულ სხვა მიზნით გამოყენებასთან. ჩანს, რომ კომუნისტები სიმბოლოებს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ცდილობდნენ, გათავისუფლებულიყვნენ წარსულისგან, თუმცა ამის გასაკეთებლად ადრე აპრობირებულ და დამუშავებულ მეთოდებს იყენებდნენ – ცნობილი ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოციან წლებამდე ბავშვების მონათვლის ნაცვლად მათი ”მოვარსკვლავება” დაიწყეს. რეჟიმი ცდილობდა, ხალხში გამჯდარი ყველა წეს-ჩვეულებისთვის ახალი ანალოგი მოეძებნა, თუმცა ეს მცდელობა, როგორც ვხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. შეიძლება, ეს ყველაფერი დღეს სასაცილოდაც გვეჩვენებოდეს, მაგრამ თავის დროზე მას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმბოლოები არასოდეს კარგავენ აზრს, უბრალოდ იცვლება ის მნიშვნელობა, რაც მათგან უნდა აღვიქვათ და გავითვალისწინოთ.
სიმბოლოები და ბედის ირონია
რა შეიძლება იყოს ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლო? ყველაზე მარტივი და ადვილად აღსაქმელი რა თქმა უნდა, ის ნივთია, რომელსაც სინათლის მოცემა შეუძლია – თუნდაც, თომას ალვა ედისონის გენიის პირმშო ვარვარის ნათურა. ალბათ იკითხავთ, სად ნათურა და სად ნათელი მომავალიო, მაგრამ კომუნისტი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით კი
ვლადიმირ ილიჩისთვის ეს ორი ცნება განუყოფელი იყო. ბელადი თვლიდა, რომ მშრომელთა ნათელი და ბედნიერი ცხოვრება პირდაპირ იყო დაკავშირებული ვარვარის ნათურებთან, რომლებსაც უნდა გაეფანტათ ბნელი და მოეფინათ ნათელი ახალი ქვეყნისთვის. ”ილიჩის ნათურების” გაჩენა ლენინის ხალხში გასვლის ერთ-ერთ მორიგ ფაქტს უკავშირდება, როდესაც მან სოფელ კაშინოში ჰიდროელექტროსადგური გახსნა როგორც ხვდებით, ამ ამბავს მგზნებარე საპროგრამო სიტყვის გარეშე არ ჩაუვლია (არა, აშკარად მაგონებს ჩვენს თანამედროვეობას…). კაშინოელები ისე აღფრთოვანებული დარჩნენ სიახლით, რომ სინათლის ახალ წყაროს მოხსენიება მოფერებით დიდი ბელადის მამის სახელით დაიწყეს. თუმცა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, აღნიშნული სიახლეც პროპაგანდის ობიექტად იქცა. მართალია, საბჭოეთის სოფლები სიბნელიდან გამოვიდა, თუმცა ილიჩის ნათურების შუქი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი გამოყენება მხოლოდ საკუჭნაოების, მცირე საწარმოო ობიექტების და მისთანების გასანათებლად თუ გამოდგებოდა, ხოლო სწავლასმოწყურებული წითელი ახალგაზრდობა ელექტროჭრაქის მბჟუტავ სინათლეზე მხოლოდ თვალებს თუ დაითხრიდა… მადლიერ საბჭოთა ხალხში ტექნიკური სიახლის ზედწოდება ნახევრადგაკეთებული თუ ნახევრადდაუმთავრებელი საქმის სიმბოლოდ იქცა.
ამას წინათ, ინტერნეტში საინტერესო ფოტოს წავაწყდი, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულის ღამეული მდგომარეობა იყო გამოსახული. ნამდვილად ვერ ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩრდილო კორეელები სხვებთან შედარებით მეტად ყაირათიანები არიან და ელქტროენერგიის ღამის საათებში მოხმარებას ერიდებიან, ან კიდევ იმპერიალისტების თავდასხმის შიშით სიბნელის საფარქვეშ ამჯობინებენ ყოფნას. კორეული კომუნიზმის იდეოლოგს, ბელადს, მამა-მარჩენალს და შემოქმედს, კიმ-ჩენ-ირსაც, თავისი საბჭოელი/რუსი კოლეგის მსგავსად, აწუხებდა ხალხის ნათელი მომავლის ბედი. საინტერესოა, რომ ორი ლიდერის იდეები ერთმანეთს დაემთხვა – ორივემ თავისი ყურადღება ქვეყნის ელექტრიფიკაციას მიაპყრო. ”გოელროს” გეგმით, რომელიც რუსეთის ელექტრიფიკაციასა და მის ერთიან ქსელში ჩართვას ითვალისწინებდა, ლენინმა ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის გეგმარებით ეკონომიკას და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებას. რაც შეეხება კორეელს, სინათლის, უფრო სწორად კი მისი წარმოების იდეა კიმ-ჩენ-ირმა ჩრდილოეთის გერბზე გადმოსცა – თქვენ ახლაც შეგიძლიათ იხილოთ მის ცენტრალურ ნაწილში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის გამოსახულება. იდეა მარტივი და ადვილად ჩასაწვდომია – კომუნიზმი, როგორც ახალი იდეოლოგია, უნდა გამხდარიყო სინათლის, ცოდნის, თავისუფლების გენერატორი, რომელიც მთელს მსოფლიოს ძმობის, ერთობისა და თავისუფლების შუქს მოჰფენდა. მაგრამ საბოლოოდ, კიმის გონებაში იგი ”ჩუჩხემ”, თვითდაკმაყოფილებამ გადაწონა (ამგვარ საგარეოპოლიტიკურ მასტურბაციას რომ არასოდეს გაუმართლებია, კორეის ახლო მეზობლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს).
ყველაფერის შემხედვარეს ერთი საინტერესო ფრაზა გამახსენდა, რომელიც რუსმა მჭევრმეტყველმა და შეთავსებით, პოლიტიკოსმა ვიქტორ ჩერნომირდირმა წარმოთქვა რუსეთის 1993 წლის ჩაფლავებული ფულის რეფორმის დახასიათებისას – ”Хотели как лучше, а получилось как всегда”. იდეები დიდი იყო, თუმცა რა შედეგები გამოიღეს, ყველამ უწყის. ვერც ლენინმა გაანათა საბჭოეთის სოფლები სათანადოდ და გასხივოსნებულ ჩრდილო კორეას თქვენ თვითონ ხედავთ სურათზე. სიმბოლოებმა კი შეიცვალეს მნიშვნელობა და ამჟამად განუხორციელებელი დიდი იდეების კომიკურ გამოხატულებად იქცნენ…





