დიდი ზღვაოსნის ბლოგი

ჩვენზე პატარები

The Economist -მა გამოაქვეყნა რამდენიმე ინფოგრაფიკა, რომელიც გვიჩვენებდა, თუ რომელი სახელმწიფოები შეიძლებოდა ”ჩატეულიყვნენ” აშშ-ის, ინდოეთის და ჩინეთის ტერიტორიულ ერთეულებში სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით. მსგავსი ექსპერიმენტის განხორციელება საქართველოს მაგალითზეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, ფართობის და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ჩვენი ქვეყნის რეგიონებიც კი მსოფლიოს სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოს თუ დამოკიდებულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად აღემატებიან.

საქართველო პატარა ქვეყანაა. იმდენად პატარა, რომ ზოგიერთ მეზობელს ჩვენს ტერიტორიაზე ასჯერ დიდი ავტონომიური ერთეულები აქვს. ჩვენს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში ანუ 69.7 ათას კვადრატულ მეტრზე თავისუფლად დაეტევა იამაიკა, კატარი, ლიბანი, კვიპროსი, კაბო-ვერდე და კიდევ მორჩება ადგილი ერთი დუჟინი უფრო მცირე ზომის ქვეყნისთვის, როგორებიცაა ჩვენთან არაერთგზის ნაქები სინგაპური, ასევე – ტონგა, მალტა, ბარბადოსი და სხვა.

საინტერესოა, რომ სამცხე-ჯავახეთში ორი ლუქსემბურგის ოდენა ქვეყანა ჩაეტევა, თბილისის ტერიტორია დაახლოებით უდრის კირიბატის ხმელეთის ფართობს, ხოლო აჭარის ფართობი იმდენივეა, რამდენიც რაგბისტებით განთქმული დასავლეთ სამოასი.

”ჯეოსტატის” უახლესი შეფასებით, საქართველოს 4.4 მილიონი მოსახლე ყავს, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთად ცხოვრობს ეკვატორულ გვინეაში, კომორის კუნძულებზე, ჩერნოგორიაში, სოლომონის კუნძულებზე, სურინამში, კაბო-ვერდეზე, ლუქსემბურგსა და ბრუნეში. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, რომელიც განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობის მიგრაციით, იმაზე 5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაღიარებელ ნაურუზე.

როგორც ვხედავთ, ჩვენზე გაცილებით პატარებიც არსებობენ, ასე რომ ამ მხრივ საწუწუნო არაფერი გვაქვს. მთავარი ისაა, როგორ ვუვლით და ვუფრთხილდებით ჩვენს  საკუთრებას.

June 25, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები, ფერადი | , , , , , , , | Leave a Comment

დიდი ომიანობა კალიფორნიაში

წარმოიდგინეთ ორად გაყოფილი კალიფორნია, სადაც სან-ფრანცისკო და ლოს-ანჯელესი შტატზე კონტროლის მოსაპოვებლად ერთმანეთთან სისხლისმღვრელ ომში არიან ჩართული. გენერალი ხუან გომეს-დე-ლოს-ანხელესი საკუთარ არმიას ჩრდილოელთა წინააღმდეგ მიუძღვის, სან-ფრანცისკოს ყურეში საზღვაო ბრძოლაა გაჩაღებული, ხოლო ფორტ-პოინტი და ჰოლივუდი ცეცხლის ალში გახვეულა

ამერიკელი მხატვრის, სენდოუ ბირქის სერია ”The Great War of the Californias” ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდის სტილში გადმოგვცემს გამოგონილი სამხედრო დაპირისპირების ისტორიას. ტილოები, საომარი პლაკატები, მოდელები, რუკები რეალური ომის ამბავს მთელი სიმძაფრით მოგვითხრობენ, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ნაწილში მიმდინარეობს. თუმცა სამხედროები ჩვეულებრივი ამერიკელებივით არიან გამოწყობილი და მათი იარაღი მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების და მეოცე საუკუნის ბოლოს საინტერესო კომბინაციას წარმოადგენს.

ეს სატირაა თანამედროვე ამერიკულ საქალაქო სივრცეზე, რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დახუნძლული – სმოგი, რიგები ბანკომატთან, პარკინგი…  ამ ომის გმირები – ფელიქს ერნანდესი, რებეკა ჯორდანი, ქვინსი სალერნო და სიუზენ ჰვონგი მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების მხატვრობის კანონების სრული დაცვით ცხენზე არიან გამოსახულნი, ან  ”დუკატის” წითელ

მოტოციკლზე ამხედრებულნი მიუძღვებიან საკუთარ არმიას მტერთან საბრძოლველად. ”დიდი ომიანობის” პერიოდის პროპაგანდისტული პლაკატები ცივი ომის პერიოდის ანალოგიური ხასიათის ნახატებს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ. ბირქის ნახატებზე ლოს-ანჯელესის სული ქუჩაში მიაბიჯებს, ხელში ”კოკა-კოლას” ბოთლი ან ჰოთ-დოგი უჭირავს, ინდიელისსახიანი სან-ფრანცისკო კი საკუთარი ქალაქის ნანგრევებზე დგას.

This slideshow requires JavaScript.

მიუხედავად იმისა, რომ ბირქის ეს ნამუშევარი სატირული ხასიათისაა, თავად ნახატების თემატიკა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს მთავარზე – მიუხედავად განვითარებისა, ადამიანების მთავარი თვისებები არ იცვლება. ამიტომაა სურათებზე გამოსახული კომპიუტერებთან ერთად დაშნები, ცოცხალი და მოტორიზებული კავალერია, საბრძოლო დროშები და პოლიტიკური პლაკატები.

June 14, 2011 Posted by | ზღვაოსნის ჩანაწერები | , , , , , , , | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.